საკულტო როკჯგუფის, ‘პინკ ფლოიდის’ (Pink Floyd), ერთ-ერთი დამფუძნებელი როჯერ უოტერსი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის მიწვევა მიიღო, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე ესაუბრა.
უოტერსმა, რომელსაც გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ, სიტყვით გამოსვლის წინ „თანამედროვე ანტისაომარი მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული აქტივისტი“ უწოდა, ნიუ იორკში გაეროს მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა პროვოცირებული იყო და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის მოქმედება გააკრიტიკა.
„რუსეთის ფედერაცია უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა, ვგმობ მათ ქმედებას უმკაცრესად. ასევე პროვოცირებული იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ამიტომ პროვოკატორებსაც ვადანაშაულებ უმკაცრესად“, – განაცხადა ვოტერსმა.
ნებენზიამ ინტერვენციის უკანონობასთან დაკავშირებით უოტერსის შენიშვნა უგულებელყო. როგორც ჩანს, სანამ ინგლისელი მუსიკოსი სიტყვით გამოვიდოდა, რუსმა დიპლომატმა მომზადებულ შენიშვნებში იგი „მოვლენების ძალიან ზუსტი ანალიზის გამო“ შეაქო. გაეროში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ, მკაცრად გააკრიტიკა უოტერსის განცხადება, რომელიც ‘პინკ ფლოიდის’ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბჭოს წინაშე გამოსვლისას გააკეთა. „რაოდენ სამწუხაროა მისი ყოფილი თაყვანისმცემლებისთვის იმის დანახვა, რომ იგი თანახმაა, რომ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კედელში ერთ-ერთი აგურია“, – განუცხადა კისლიცამ საბჭოს.
„გიტარის ჟღარუნი განაგრძეთ, მისტერ უოტერსს. ეს უფრო გიხდებათ, ვიდრე უშიშროების საბჭოსთვის ლექციების წაკითხვა თუ როგორ უნდა შეასრულოს თავისი საქმიანობა. არ გვჭირდება აქ მფრინავი ღორები, გთხოვთ“, – დასძინა დიპლომატმა.
როჯერ უოტერსმა არ დააკონკრეტა მის მიერ ნახსენები პროვოკატორების ვინაობა, თუმცა კონფლიქტის შესახებ უფრო დაწვრილებით გერმანულ გაზეთ ‘ბერლინერ ცაიტუნგისთვის’ (Berliner Zeitung) მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა. ინტერვიუში ინგლისელმა მუსიკოსმა წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ ნატოს (რომელსაც აშშ ხელძღვანელობს) წარმოებულ პოლიტიკას პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, ეს კონფლიქტი „რიგითი ევროპელების ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა“.
ინტერვიუში ვოტერსმა არსებულ კონფლიქტს „რუსეთთან პროქსი ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი შეერთებული შტატებისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მიმართ აგდებული დამოკიდებულების – ‘ჯანდაბამდე გზა გქონია“ – შედეგია. მუსიკოსის თქმით, პუტინმა „დასავლეთს ევროპაში მშვიდობის არქიტექტურის აგების მცდელობაში დახმარება შესთავაზა“.
„დასავლეთში ყველას „არაპროვოცირებული შეჭრის“ შესახებ არწმუნებენ. თუმცა ვისაც გონება ნახევარად მაინც უმუშავებს ხედავს, რომ უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია. ეს, ალბათ, ისტორიაში ყველაზე პროვოცირებული ინტერვენცია“, – განუცხადა ინგლისელმა მუსიკოსმა გერმანულ გაზეთს და დასძინა, რომ დასავლურმა მეინსტრიმულმა მედიამ დასავლელების უმეტესობას „ტვინი გამოურეცხა“და რუსოფობიული ნარატივი ჩაუჭედა თავში.
„ჩვენს ყველა ლიდერს მაგიდასთან უნდა მოვუყაროთ თავი და ვაიძულოთ, რომ თქვან: „აღარ გვინდა ომი!“ – დასძინა უოტერსმა.
წყარო: https://is.gd/FaZgIK