ვატიკანი, 9 ნოემბერი (როიტერსი) – 8 ნოემბერს ვატიკანში განაცხადეს, რომ ტრანსგენდერებს კათოლიკურ ეკლესიაში მონათვლა და ნათლიობა შეეძლებათ, ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლგბტ თემის წარმომადგენლების ნათლობისა და ქორწინების წმინდა რიტუალებში მონაწილეობის შესახებ კითხვით წმინდა საყდარს სანტო ამაროს (ბრაზილია) ეპისკოპოსმა ხოსე ნეგრიმ ჯერ კიდევ ივლისში მიმართა.
ტრანსგენდერების ნათლობასთან დაკავშირებით ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტი დადებით პასუხს იძლევა, თუმცა გარკვეული პირობებით, რომ „არ იქნება საჯარო სკანდალის გამოწვევისა და მორწმუნეებში დეზორიენტაციის გამოწვევის რისკი“.
ვატიკანის პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერებს შეუძლიათ, რომ ადგილობრივი სასულიერო პირის შეხედულებისამებრ ნათლიები ან ჯვრისწერის მოწმეები გახდნენ.
თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მღვდელს მოუწევს გამოიჩინოს „პასტორალური წინდახედულობა“. ჯვრისწერის მოწმედ ყოფნა შეუძლია ჰომოსექსუალური იდენტობის პირსაც.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთნაირსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვის მონათვლას. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამისათვის უნდა იყოს საფუძვლიანი იმედი, რომ ბავშვი „განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს“.
რაც შეეხება ჰომოსექსუალთა ნათლიობას, „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დიკასტერიის პასუხი დადებითია, თუმცა ბუნდოვანი: შესაძლებელია, თუმცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს „რწმენის შესაბამისი ცხოვრებით“.
https://1tv.ge/news/roiteri-katolikur-eklesiashi-transgenderebs-monatvla-da-natlioba-sheedzlebat/