ვაშინგტონი, 22 თებერვალი (როიტერსი) – შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ჩასვლით კიევს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამის მიუხედავად, ამერიკულ საზოგადოებაში უკრაინისთვის იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით განწყობები შეიცვალა, რადგან კონფლიქტის მეორე წელი იწყება, ომს კი დასასრული არ უჩანს.
6-13 თებერვლს Reuters/Ipsos-ის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, რომელშიც 4 ათასზე მეტი ამერიკელი მონაწილეობდა, უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერის მომხრეთა რიცხვი 58 პროცენტამდე დაეცა, ხოლო გამოკითხულთა 73 პროცენტზე ნაკლებმა განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას მხარს უჭერდა იარაღის მიწოდებას.
ენთუზიაზმის შემცირების ნიშნები შეერთებული შტატების პოლიტიკაში რთულ მომენტს ეთმხვევა, რამაც შეიძლება ბაიდენს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესაძლებლობა შეუზღუდოს, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში რჩებიან.
რესპუბლიკელები ვალის ზღვარის ზრდასთან დაკავშირებით თეთრ სახლს უპირისპირდებიან. ეს განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის თანხის გასესხება შეუძლია შეერთებულ შტატებს. ისინი დეფიციტის შემსუბუქებისთვის ხარჯების მკვეთრ შემცირებას მოითხოვენ, ამ დროს კი შეერთებული შტატები მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებას უგზავნის უკრაინას. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელი კანონმდებლები დახმარების შეზღუდვის მოთხოვნით გამოდიან.
დახმარების საკითხმა შეიძლება პოლიტიკური მარათონის სახე მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში, რომელიც უკვე დაიწყო. ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, ამ კვირაში ბაიდენის „უკრაინული პოლიტიკა“ გააკრიტიკა.
ამ დროისთვის კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებიც ბაიდენს არაერთ საკითხში მკვეთრ წინააღმდეგობას უწევენ, მხარს უჭერენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას და ვაშინგტონს უფრო მძლავრი იარაღის უფრო სწრაფად გაგზავნისკენაც კი მოუწოდებენ. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა სამშაბათს, კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონში იქითკენ იხრებიან, რომ უკრაინას შორი მანძილის რაკეტები და ავია გამანადგურებლები გაუგზავნონ.
წარმომადგენელთა პალატაში მემარჯვენე რესპუბლიკელებმა წამოაყენეს ე.წ. უკრაინით დაღლის რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დახმარება ამ თვის დასაწყისში უნდა შეეწყვიტათ, თუმცა რეზოლუციამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
რეზოლუციას პალატის 222 წევრიდან მხოლოდ 11 რესპუბლიკელმა კანონდებელმა მოაწერა ხელი. არც ისე ბევრია, თუმცა ვაშინგტონში ბაზირებული ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა, რეიჩელ რიზომ, განაცხადა, რომ მათი უგულებელყოფა შეცდომა იქნება.
„პარტიაზე ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის გავლენა ჯერ კიდევ თვალში საცემია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველა ჩვენგანს უნდა აშფოთებდეს“, – დასძინა რიზომ.
კონგრესმა ბაიდენის ადმინისტრაციას ომის დაწყების დღიდან დაფინანსების ყოველი ახალი ტრანში დაუმტკიცა, რომელსაც ეს უკანასკნელი ითხოვდა. ვაშინგტონმა უკრაინასა და მოკავშირეებს 113 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინა.
‘სამუდამოდ ვერ გაგრძელდება’
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ადრიენ უოთსონმა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესუსტების შესახებ კითხვაზე პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა, რომ ამერიკელებმა კარგად უწყიან რა დევს ბედის სასწორზე და რა კავშირშია ეს უკრაინასთან, რომელიც „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“ იბრძვის. უოთსონის თქმით, უკრაინას ორივე პარტია უჭერს მხარს. კიევს კონგრესის ორივე პალატაში აღუთქვეს მხარდაჭერა.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რათა გულწრფელად ესაუბრა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობას აცნობა, რომ აშშ-ის რესურსები უსაზღვრო არ არის.
„ყველას ესმის, რომ ეს (ომი) როდისღაც უნდა დასრულდეს. ყველას გვინდა, რომ მალე დასრულდეს, ვიდრე გვიან“, – დასძინა უცნობმა მაღალჩინოსანმა.
ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მიზანი 2014 წლიდან რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა. ამ წელს მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უნდობლობის გამო კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები არ გაიმართება.
ობამას ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, ჯერემი შაპიროს, თქმით, ოფიციალური პირებიც აღიარებენ, რომ უკრაინის ომი ესკალაციის საფრთხეებს ზრდის და ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეერთებულ შტატებსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ჩინეთს შორის არსებული კონკურენცია.
ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევსა და მოსკოვს კომპრომისები რომ შესთავაზოს, ეს შეიძლება რუსეთში აშშ-ის სისუსტედ აღიქვან, განაცხადა შაპირომ, რომელიც ამჟამად საგარეო ურთიერთობათა ევროპულ საბჭოში სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
საქმის განხილვა
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია უჭერს მხარს, ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი კითხულობს თუ რატომ ეხმარება შეერთებული შტატები უკრაინას მილიარდებით, იმ დროს, როცა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია და ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია.
ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს ამერიკული საზოგადოება იმაში თუ რატომ ეხმარება უკრაინას, რადგან ამომრჩევლები სამართლიანად არიან შეშფოთებული, განუცხადა ‘როიტერსს’ დემოკრატმა რობერტ მენენდესმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობს.
უკრაინის შესაძლებლობა ებრძოლოს ქვეყანაში შეჭრილ რუსეთს ვაშინგტონისა და მისი ნატოელი მოკავშირეების თანმიმდევრულ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, განაცხადა პენტაგონის ყოფილმა ჩინოვნიკმა და ამჟამად ვაშინგტონში ბაზირებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, მარკ ქენსიენმა.
„გამარჯვება გაგზავნილი იარაღითა და საბრძოლო მასალებით გაძლიერებული ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობით, ნატოს ჩატარებული წვრთნებითა და უკრაინელი ხალხის გამძლეობით მიიღწევა“, – დასძინა ქენსიენმა.
გასული წლის ბოლოს მთელ მსოფლიოში Ipsos-ის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა, მათ შორის კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას უჭერენ მხარს. უნგრეთსა და იტალიაში კი უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. ამ ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდამჭერ ევროპულ ინიციატივებს ეთანხმებიან.