მთავარი ამბავი

როგორ ავირიდოთ თავიდან კიდევ ერთი მსოფლიო ომი – ჰენრი კისინჯერი

0

პირველი მსოფლიო ომი ერთგვარი კულტურული თვითმკვლელობა იყო, რომელმაც ევროპის დიდებულებას ბოლო მოუღო. ისტორიკოს კრისტოფერ კლარკის თქმით, ევროპის ლიდერები იმ კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩართული, რომელსაც თავს აარიდებდნენ ომის შედეგები წინასწარ რომ განეჭვრიტათ. წინა ათწლეულებში დაპირისპირებულმა მხარეებმა ორი ალიანსი შექმნეს, რომელთა სტრატეგიები ერთმანეთთან მობილიზაციის შესაბამისი განრიგით იყო დაკავშირებული. 1914 წელს, ბოსნიის ქალაქ სარაევოში, ავსტრიის სამეფო ტახტის მემკვიდრე გამოასალმეს სიცოცხლეს. სერბი ნაციონალისტების ჩადენილი მკვლელობა საყოველთაო ომში გადაიზარდა, როდესაც გერმანიამ თავისი უნივერსალური გეგმა საფრანგეთის დასამარცხებლად მაშინ განახორციელა, როდესაც ნეიტრალურ ბელგიას დაესხა თავს.
ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ თუ როგორ აძლიერებდა ტექნოლოგიები მათ სამხედრო ძალებს, ერთმანეთის უპრეცედენტო განადგურება დაიწყეს. 1916 წლის აგვისტოში, ორწლიანი ომისა და მილიონობით ადამიანის მოკვდინების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან მთავარმა მებრძოლებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) ხოცვა-ჟლეტის დასრულების პერსპექტივების შესწავლა დაიწყეს. მსგავსი სურვილი აღმოსავლეთში, კონკურენტებს – ავსტრიასა და რუსეთსაც – ამოძრავებდათ. იმის გამო, რომ უკვე გაღებულ მსხვერპლს ვერანაირი შესაძლო კომპრომისი ვერ გაამართლებდა და იმის გამო, რომ არავის სურდა სისუსტის გამოვლენა, ზოგიერთი ლიდერი ოფიციალური სამშვიდობო პროცესის დაწყებას არ ჩქარობდა. ამიტომ შუამავლის როლის შესრულება ამერიკელებს შესთავაზეს. პრეზიდენტ ვუდრო უილსონის პირადი ემისრის, ედუარდ ჰაუსის, კვლევებმა აჩვენა, რომ შეცვლილ სტატუს-კვოზე დამყარებული მშვიდობა შესაძლებელი იყო. უილსონი დათანხმდა შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა მისი წადილის განხორციელება ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიდო. ამასობაში სომისა და ვერდენის ბრძოლებში კიდევ ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ფილიპ ზელიკოვის სიტყვით, დიპლომატიამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. დიდი ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამაც აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ევროპაში დამყარებულ წონასწორობას. გერმანიასა და რუსეთში რევოლუციამ იფეთქა; ავსტრო-უნგრეთის სახელმწიფო რუკიდან გაქრა. საფრანგეთი სისხლისგან დაიცალა, ბრიტანეთმა კი გამარჯვებისთვის დიდი ადამიანური და ეკონომიკური მსხვერპლი გაიღო. ვერსალის სადამსჯელო ხელშეკრულება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი ოიციალურად დაასრულა, გაცილებით მყიფე აღმოჩნდა, ვიდრე ის სტრუქტურა, რომელიც მან ჩაანაცვალა.

მსოფლიოს უკრაინაში ანალოგიური გარდამტეხი მომენტი ხომ არ დაუდგა, რადგან ზამთარმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები დროებით შეაყოვნა? უკრაინაში რუსული აგრესიის აღსაკვეთად არაერთხელ დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერდი მოკავშირეთა სამხედრო ძალისხმევას. ახლოვდება დრო, რათა იმედი დავამყაროთ უკვე მიღწეულ სტრატეგიულ ცვლილებებზე და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას ახალ სტრუქტურაში, რომელიც მოლაპარაკებებით მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.
თანამედროვე ისტორიაში უკრაინა პირველად გახდა ცენტრალური ევროპის წამყვანი სახელმწიფო. მოკავშირეების დახმარებით და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შთაგონებით, უკრაინამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო რუსული ტრადიციული არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღიდან ევროპას ემუქრება. რუსეთის მუქარას ან მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას საერთაშორისო სისტემა, მათ შორის ჩინეთიც, ეწინააღმდეგება.

უკრაინას ევროპაში უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ეფექტური სახმელეთო არმია ჰყავს, რომელიც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა აღჭურვეს. სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატოსთან უნდა დააკავშიროს. ნეიტრალიტეტის ალტერნატივამ აზრი დაკარგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი ნატოს შეუერთდნენ. გასულ მაისში სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ იმ საზღვრებთან უნდა გავლებულიყო ცეცხლის შეწყვეტის ხაზი, საიდაც 24 თებერვალს ომი დაიწყო. აქედან გამომდინარე, რუსეთი უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიებს დააბრუნებდა, თუმცა არა იმ ტერიტორიას, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ მიიტაცა, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ეს ტერიტორია შეიძლება მოლაპარაკების საგანად იქცეს.

თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ომამდე არსებულ გამყოფ ხაზს ბრძოლით ან მოლაპარაკებით ვერ დაუბრუნდებიან, შესაძლებელია თვითგამორკვევის პრინციპი ამოქმედდეს. თვითგამორკვევასთან დაკავშირებული რეფერენდუმების ჩატარება განსაკუთრებით შეიძლება იმ საკამთო ტერიტორიებზე მოითხოვონ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადაიოდა.
სამშვიდობო პროცესის მიზანი შემდეგია: დადასტურდეს უკრაინის თავისუფლება და განისაზღვროს ახალი საერთაშორისო სტრუქტურა, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა ასეთ წესრიგში თავისი ადგილი უნდა იპოვოს.

ზოგისთვის სასურველი შედეგი ომით დაუძლურებული რუსეთის ხილვაა, რასაც არ ვეთანხმები. ძალადობისადმი მიდრეკილების მიუხედავად, რუსეთს ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვს გლობალურ წონასწორობასა და ძალთა ბალანსში. მისი ისტორიული როლი არ უნდა დავაკნინოთ. სამხედრო წარუმატებლობის მიუხედავად, იგი ერთ-ერთ გლობალურ ბირთვულ მოთამაშედ რჩება, რაც მას უკრაინაში კონფლიქტის გამწვავების საშუალებას აძლევს. მაშინაც კი თუ ამის შესაძლებლობა შემცირდება, რუსეთის დაშლამ ან მისი სტრატეგიული პოლიტიკის ქმედითუნარინობის განადგურებამ შეიძლება რუსეთის ტერიტორია, რომელიც 11 დროის ზონას მოიცავს, ბრძოლის ველად აქციოს. რუსეთის კონკურენტებმა მათ შორის წამოჭრილი უთანხმოებები შესაძლოა ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვიტონ. სხვა ქვეყნებმა თავიანთი პრეტენზიები შესაძლოა ძალის გამოყენებით გაამყარონ. ამ საფრთხებს ათასობით ბირთვული იარაღის არსებობაც დაემატება. სწორედ ამიტომ არის რუსეთი მსოფლიოში ორიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ბირთვული ქვეყანაა.

როდესაც მსოფლიო ლიდერები ომის დასრულებას ცდილობენ, რომელშიც ორი ბირთვული ზესახელმწიფო არაბირთვულ ქვეყანას უპირისპირდება, ისინი ამ კონფლიქტის გავლენაზე, განვითარებად მოწინავე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან სტრატეგიაზეც უნდა დაფიქრდნენ. უკვე არსებობს ავტონომიური იარაღი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, შეაფასოს და მიზანში ამოიღოს მის მიერ აღქმული საფრთხეები და, შესაბამისად, შეუძლია საკუთარი ომი დაიწყოს.

როგორც კი ამ სფეროში ზღვარი გადაიკვეთება და თანამედროვე ტექნოლოგიები სტანდარტულ იარაღად გადაიქცევა, ხოლო კომპიუტერები სტრატეგიის მთავარი შემსრულებლების როლს მოირგებენ, სამყარო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომლის შესახებაც მას ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია შეხედულებათა სისტემა. რა მეთოდებს გამოიყენებენ ლიდერები კონტროლის განსახორციელებლად, როდესაც კომპიუტერები გასცემენ სტრატეგიულ მითითებებს იმ მასშტაბით და იმგვარად, რომელიც თავისი არსით ზღუდავს და საფრთხეს უქმნის ადამიანის წვლილს? როგორ გამოვიყვანოთ ცივილიზაცია წინააღმდეგობრივი ინფორმაციის, შეგრძნებებისა და დამანგრეველი შესაძლებლობების ასეთი მორევიდან?

ჯერჯერობით არანაირი თეორია არ არსებობს გონიერების ფარგლებიდან გასული სამყაროს შესახებ და ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არც დაწყებულა – ალბათ იმიტომ, რომ შინაარსიანმა მოლაპარაკებებმა შეიძლება ახალ აღმოჩენებს გაუხსნას გზა, რამაც შეიძლება მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს. მოწინავე ტექნოლოგიებსა და მისი კონტროლის სტრატეგიის კონცეფციას შორის განცალკევების დაძლევა ან თუნდაც მისი სრული როლის გაგება დღეს ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც კლიმატის ცვლილება და ისეთ ლიდერებს მოითხოვს, რომლებიც ფლობენ ტექნოლოგიებს და აკონტროლებენ ისტორიას.
მშვიდობისა და წესრიგის ძიების პროცესი ორი კომპონენტისგან შედგება, რომელიც ხანდახან ერთმანეთს ეწინააღმდეგება. უსაფრთხოების საფუძვლების ძებნა და შერიგების აქტების მოთხოვნა. თუ ორივეს ვერ მივღწევთ, შესაბამისად, ვერცერთს ვერ მივაღწევთ. ერთი შეხედვით, დიპლომატია შეიძლება რთული სფეროა და იმედგაცრუებას იწვევედეს, მაგრამ თუ ამ გზას დაადგები ამისთვის საჭიროა როგორც გამჭრიახობა, ასევე გამბედაობა.

წყარო: https://is.gd/G1d1QW