მთავარი ამბავი

როდესაც თეთრ სახლში უკრაინელებთან საუბარი სურთ, ამერიკელები ანდრეი ერმაკს ურეკავენ

0

21 ივნისი, 2023 წ.

51 წლის ყოფილი ადვოკატი და კინოპროდიუსერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მარჯვენა ხელია და რეგულარულად ურეკავს ჯეიკ სალივანს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველია.

ერმაკი ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელია, თუმცა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს. ერმაკს, რომელსაც თავისი უფროსის მსგავსად ხშირად მწვანე სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილსა და წვერგაუპარსავს ნახავთ, მნიშვნელოვან საქმეების შესრულებას ანდობენ − იქნება ეს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან მეტი იარაღის გამოძალვა, მოსკოვთან პატიმრების გაცვლის პროცესის ზედამხედველობა თუ ა.შ.

ერმაკს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უცხო ქვეყნების დედაქალაქებში მიკრომენეჯერად იცნობენ, რომელიც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, თუმცა ზელენსკისთან შეუთანხმებლად ნაბიჯს არ დგამს. იგი უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად 45 წლისაა, ათ წელზე მეტია რაც იცნობს.

ერმაკი ყოველთვის ზელენსკის გვერდითაა, იქნება ეს საერთაშორისო შეხვედრები თუ ფრონტის წინა ხაზი. იგი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თავის როლს და ამბობს, რომ მისი საქმე ზელენსკის მხარდაჭერაა და პრეზიდენტის ნდობით ამაყობს.

„ვინც პრეზიდენტს შეურაცხყოფს, ჩემი პირადი მტერია“, − ამბობს ერმაკი.

ერმაკი ზელენსკის 2010-იანი წლების დასაწყისში შეხვდა, როდესაც ორივე მათგანი შოუბიზნესში საქმიანობდა. კომიკოსი და ტელემსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის მთავარი პროდიუსერი იყო, ხოლო ერმაკი გასართობ ინდუსტრიაში ადვოკატად მუშაობდა. ისინი დამეგობრდნენ. 2019 წელს, როდესაც ზელენსკიმ, რომელიც უკრაინელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებთან დაბალი ინტენსივობის მქონე ომის დასრულებას ჰპირდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, იგი თავის უფროს მრჩევლად დანიშნა, 2020 წლის თებერვალში კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

ერმაკი ზელენსკის აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების წარმართვაში ეხმარებოდა. მოლაპარაკებები იმხანად დემოკრატიული პარტიის მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხებოდა.

ერმაკი პრეზიდენტის ბიუროკრატიული ოფისის გადახალისებას ცდილობდა. მასთან ინტერვიუ შეხვედრების ოთახში ჩატარდა, რომელშიც უკრაინულ ენაზე დაწერილი სიტყვები მოჩანდა. „დრო. მოქმედება. შენ“. ამ ბგერების ერთობლიობა სრულ წინადადებას ქმნის: „მოქმედების დროა“.

ერმაკმა დასავლეთის ნდობა მალევე მოიპოვა, როდესაც ოფიციალურ პირებთან, კერძო პირებსა თუ კომპანიებთან, მათ შორის The Wall Street Journal-თან, ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა ამერიკელებს ავღანეთიდან უკრაინის კუთვნილი თვითმფრინავებით ხალხის ევაკუაციაში დახმარებოდა, როდესაც აშშ-მა ამ ქვეყნიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა და ძალაუფლება „თალიბანმა“ ჩაიგდო ხელში.

2021 წლის სექტემბერში ზელენსკი ერმაკის თანხლებით თეთრ სახლს ეწვია. უკრაინელი მაღალჩინოსნები პრეზიდენტ ბაიდენსა და სალივანს შეხვდნენ. ამავე ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია ნაპას ხეობაში (კალიფორნიის შტატი) „ნათლიას“ რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ღვინის ქარხანას ესტუმრა, სადაც რამდენიმე საათი უკრაინული მუსიკის მოსმენასა და ფილმების შესახებ საუბარში გაატარეს (კინომან ერმაკს, რომელმაც წარსულში განგსტერებზე ფილმი გადაიღო, განსაკუთრებით იტალიური ფილმები უყვარს − ფელინი და არა ვისკონტი).

ზელენსკი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მთელი ძალით ცდილობდა. როდესაც მოსახლეობაში პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი შემცირდა, კრიტიკა თავის თავზე ერმაკმა აიღო.

2021 წლის მიწურულს, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი, მოსკოვთან საერთო ენის გამონახვას ერმაკი ცდილობდა, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა. კრიტიკოსების თქმით, ზელენსკის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანიჭებდა უპირატესობას და არა ომისთვის მზადებას, რაც უკრაინას ომის დაწყების პირველ დღეებში ძვირად დაუჯდა.

ერმაკის თქმით, მშვიდობიანი გამოსავლის ძიება სწორი არჩევანი იყო, თუმცა რუსეთმა სხვა გზა აირჩია.

„რისი მიღწევაც ზეწოლით ვერ შეძლეს მრავალსაათიანი მოლაპარაკებების დროს, 2022 წლის 24 თებერვალს სამხედრო გზით სცადეს“, − განაცხადა ერმაკმა. 24 თებერვალს ზელენსკისა და მის უახლოეს თანაშემწეებს კიევი არ დაუტოვებიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები დედაქალაქის გარეუბანს მიუახლოვდნენ.

ამ დროს ამერიკელი „ოსკაროსანი“ მსახიობი შონ პენი კიევში იმყოფებოდა და ზელენსკის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა, თუ როგორ გადაიქცა კომიკოსი ქვეყნის პრეზიდენტად. ერმაკმა ჰოლივუდის ვარსკვლავი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია. მას შემდეგ შონ პენი უკრაინის მხარდამჭერი გახდა და 2023 წელს დოკუმენტური ფილმი Superpower-ი გამოუშვა.

ერმაკმა და ზელენსკიმ, რომლებსაც შოუბიზნესში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, მალევე გააცნობიერეს, რომ შეეძლოთ უშუალოდ მიემართათ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა მთავრობები უკრაინას მილიარდობით აშშ დოლარით ეხმარებიან. ერმაკი სახალხო დიპლომატიის რინგმასტერად ჩამოყალიბდა, რომელიც უკრაინასთან მიმართებით დავითისა და გოლიათის ბრძოლის რომანტიკასა და ზელენსკის ქარიზმას ბერკეტად იყენებს.

ჰოლივუდის მსახიობები ზელენსკის კიევში ესტუმრნენ. ირლანდიურმა როკჯგუფმა U2-მ უკრაინის დედაქალაქის მეტროსადგურში კონცერტი ჩაატარა. გასულ წელს ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა უკრაინის პრეზიდენტს ინტერვიუ ჩამოართვა. კოპოლამ, გასული წლის მარტში, დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკისთან შეხვედრა გაიხსენა  და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ეს ინფორმაციული ტალღა ეფექტური იყო“, − განაცხადა ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. „ადამიანებს, ვისაც ბევრი მიმდევარი ჰყავს, ვინც მათ უყურებს ან კითხულობს, მით უფრო დიდია ინფორმაციული ტალღა და უკრაინის მიმართ ყურადღება არ იკლებს“.

ზელენსკი სხვადასხვა ონლაინფორუმში მონაწილეობდა − იქნებოდა ეს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო ხარისხების მინიჭების ცერემონიალი თუ ინგლისში ჩატარებული გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალი.

იტალიაში სანრემოს მუსიკალურ ფესტივალზე უკრაინის პრეზიდენტის დაგეგმილმა გამოჩენამ პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის კოალიციის წევრებს შორის, რომლებსაც პრომოსკოვური პოზიციები უკავიათ, უკმაყოფილება გამოიწვია. იგი წერილით ჩაანაცვლეს, რომელიც გვიან ღამით ფესტივალის წამყვანმა წაიკითხა.

თუმცა ერმაკის თქმით, ეს უკრაინისთვის წარმატება იყო, რადგან უკრაინულმა როკჯგუფმა Antytila-მ ქალაქ ბახმუტისთვის მებრძოლ უკრაინულ არმიას სიმღერა მიუძღვნა. მისი სიტყვით, მელონიმ, რომელიც უკრაინის ერთგული მხარდამჭერია, მოგვიანებით ზელენსკისთან შეხვედრისას ეს სიმღერა ქათინაურებით შეამკო.

ამავდროულად, ერმაკი მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან, რათა დაიყოლიოს და მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებაზე დაითანხმოს.

ერმაკმა ომის დაწყების პირველ კვირებში უცხოელ მაღალჩინოსნებს უკრაინელთა ცხედრების სურათები გაუგზავნა, რათა დაერწმუნებინა, რომ კიევს უფრო ძლიერი იარაღი სჭირდებოდა. ერმაკის თქმით, კოლეგების უმეტესობამ უპასუხა, რაც მათი პირადი ჩართულობის ნიშნად მიიღო.

ერმაკმა განაცხადა, რომ სალივანი მას პირადად უხსნის, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არ არის, რომ კიევს გარკვეული ტიპის იარაღი მიაწოდოს, რომელიც უკრაინას ძალიან სჭირდება.

„განსხვავებული პოზიციები გვაქვს, თუმცა ერთმანეთთან გულწრფელები ვართ“, − განაცხადა ერმაკმა, − „მან ჩვენს მხარდასაჭერად დიდი ძალისხმევა გაიღო. თუმცა, რაც მთავარია, იგი ძალიან გულწრფელია“.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ეს საკომუნიკაციო არხი დადებითად შეაფასეს.

ამჟამად ერმაკი იმავე ორმაგ მიდგომას იყენებს და იმ ქვეყნებთან ცდილობს ურთიერთობების დალაგებას, რომლებთანაც უკრაინას წარსულში ძლიერი კავშირები არ ჰქონდა.

ერმაკის თქმით, ომის დაწყებამდე რუსეთთან გარიგების დადების მცდელობები 2015 წლის შეთანხმებამ შეაფერხა, რომელიც დასავლეთის ზეწოლით დაიდო, რამაც მოსკოვს უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის გაკონტროლების უფლება მისცა.

ზოგიერთი ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოდის, თუმცა ერმაკი ამბობს, რომ უკრაინას შუამავალი არ სჭირდება, რადგან არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდებასა და თავის მიზნებზე უარი თქვას. სანაცვლოდ, ერმაკს სურს, რომ ბრაზილიამ და ინდოეთმა ზელენსკის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირონ, რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა დატოვონ. ერმაკი ინდოელ და ბრაზილიელ მაღალჩინოსნებს ესაუბრა და მათ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის მიღება ურჩია.

უკრაინა ომობს, ხალხი იღუპება და ლათინურ ამერიკასთან სწრაფი კომუნიკაცია უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე დიპლომატიური დელიკატურობა და ოფიციალური დოკუმენტების არევაა, − განაცხადა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა.

ერმაკმა სოციალურ ქსელში სხვა სამიზნეები მოძებნა. ერთ-ერთი მათგანი კოლუმბიელი მომღერალი მალუმაა, რომელსაც „ინსტაგრამზე“ 63 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც უკრაინას შესაძლებლობას აძლევს, თავისი შეტყობინება უზარმაზარ აუდიტორიას გაუგზავნოს.

„ამ მომღერალს არ ვიცნობ. ასეთ მუსიკას არ ვუსმენ“, − განაცხადა ერმაკმა, − „თუმცა იგი გვჭირდება“.

წყარო: https://www.wsj.com/articles/zelenskys-no-2-turns-to-celebrities-as-well-as-politicians-to-help-ukraine-ccc1ecff