კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ექსკლუზიურად გთავაზობთ, შვედური წარმოშობის კონსერვატორი მოაზროვნის – ქლეის ჯი. რენის პუბლიკაციას
კლაეს ჯი. რენი პოლიტიკის დამსახურებული პროფესორი და ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში არსებული სახელმწიფო მართვის ხელოვნების შემსწავლელი ცენტრის დამფუძნებელია. რენი, არაერთი წიგნის ავტორია, მათ შორის America the Virtuous: The Decline of Democracy and the Quest for Empire და A Common Human Ground: Universality and Particularity in a Multicultural World. უახლოეს მომავალში გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი – The Failure of American Conservatism and the Road Not Taken.
დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები მოითხოვს სახელმწიფოებრივ სიბრძნეს – ლიდერებმა უნდა მოთოკონ ემოციები, გაიხედონ შორს, გაითვალისწინონ ყველას ლეგიტიმური ინტერესები და პრობლემები შემოქმედებითი გზით გადაწყვიტონ. სახელმწიფოს მართვის ხელოვნება მოითხოვს – თავშეკავებასა და კეთილგონიერებას; კრიტიკულ მიდგომას აწმყოსთან; წარსულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ აზროვნებას და შემოქმედებით წარმოსახვის უნარს. ვერ იარსებებს სახელმწიფოს მართვის ხელოვნება და დიპლომატია თუ კონფლიქტს მოწინააღმდეგის თვალით არ შეხედავთ. კომპრომისი და დაძაბულობის განმუხტვა თავშეკავების გარეშე შეუძლებელია. ვარაუდი, რომლის თანახმადაც თქვენ ყველაზე მართალი ხართ, არ შეესაბამება სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას, იგი ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნების ძველ კლასიკურ და ქრისტიანულ შეხედულებას. ამგვარი მიდგომა დაპირისპირებისა და კატასტროფის საწინდარია.
ამ ყველაფერზე დამაფიქრა იმ მიდგომამ თუ როგორ ექცევა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს პოსტსაბჭოთა ეპოქაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში წინა პლანზე წამოწეული იყო უმეცრება, ქედმაღლობა და თანაგრძნობის ნაკლებობა. ნებისმიერ დამკვირვებელს შეუძლია რუსეთის მიმართ უნდობლად განეწყოს. ბოლოს და ბოლოს უკრაინაში შეჭრის გამო წუხდეს კიდეც და რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკას ქედმაღლობის გამოხატულებად და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად მიიჩნევდეს. უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ორ ქვეყანას, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს ბევრად უფრო განსხვავებული პოლიტიკა გაეტარებინათ.
ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების მოკლე მიმოხილვისას ნათელი ხდება, რომ შეერთებულ შტატებს ისტორიული გარემოებების მხედველობაში მიღების, წარმოშობილი უთანხმოებებისას ოპონენტის ინტერესების გათვალისწინებისა და დიპლომატიის გამოყენების სურვილი არ ამოძრავებდა. აშშ-ის ქმედების მონახაზი ქმნის ნიადაგს ვიკითხოთ თუ რატომ ირჩევს იგი კონფრონტაციას და არა მოლაპარაკებებს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ თუ რითი აიხსნება საგარეო პოლიტიკის ეს კონფიგურაცია, რადგან იგი დიდ საფრთხეებს გვიქადის.
პრაგმატული მოხერხებულობიდან ანტირუსულ თავდაჯერებულობამდე
ცივი ომის მიწურულს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა ზემოთ ხსენებული გზა აერჩია. რონალდ რეიგანი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დაიშლებოდა. საბჭოთა ლიდერებთან ურთიერთობისას აშშ-ის 40-ე პრეზიდენტმა ერთმანეთს შეუთავსა სიმტკიცე და მოხერხებულობა. რამდენიმე წლის წინ ჯეკ მეტლოკმა, რომელიც 1987-1991 წლებში სსრკ-ში შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ რეიგანმა მასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ სამხედრო უპირატესობას არ გამოიყენებდა იმ დიდი პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებთანაც რუსეთს პოსტკომუნისტურ ეპოქაში მოუწევდა გამკლავება. რუსეთის ხელმძღვანელობას უზარმაზარ სირთულეებთან საბრძოლველად გარკვეული სახის თავისუფლება ესაჭიროებოდა. ჯორჯ ბუშმა, სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრენტ სკოუკროფტმა, გორბაჩოვსა და რუსეთის სხვა ლიდერებს მსგავსი სიტყვიერი სიგნალები გაუგზავნეს. როდესაც გერმანიის გაერთიანების საკითხი დაისვა, რუსები დაამშვიდეს, რომ ნატოს ჰეგემონია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებს არ გასცდებოდა. იყო თუ არა ეს რუსეთთან უფრო გულწრფელი ურთიერთობების ეპოქის დასაწყისი?
თუმცა, რუსეთთან ახალი ურთიერთობის დაწყების აშკარა ინტერესი არ გამოკვეთილა. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე არაერთი გავლენიანი პირი მთავრობის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, ეჭვის თვალით უყურებდნენ რუსეთს და ეუხერხულებოდათ მისი დაკავშირება დასავლეთის ქვეყნების ოჯახთან. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს პრივილეგირებული ჯგუფი ან მის შიგნით მოქმედი გავლენიანი ადამიანები საკუთარი სურვილებით ხელმძღვანელობდნენ. ეს სურვილი დაძაბულობის განმუხტვაზე არ მიუთითებდა. ნეოკონსერვატორების აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ძნელად გაირჩეოდა ნეოლიბერალური ინტერნაციონალიზმისგან, ორივე პარტიაში მრავალი ადამიანი უჭერდა მხარს. უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ სიღრმისეულად ფესვგამდგარ და ფართოდ გავრცელებულ დემოკრატიულ/ჰუმანიტარულ იდეოლოგიაზე, რომელსაც თან ახლავს აშკარა იმპერიული შედეგები, რომლებიც არაერთი ამერიკელი ლიდერის ბევრად უფრო პრაგმატულ, არაკონფრონტაციულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგებოდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა 1961 წელს დატოვა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ძალაუფლებაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. კომპლექსი, რომლის გავლენა წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება, ინტელექტუალური ორგანიზაცია არ არის. იგი დიდი ბიზნესის, პენტაგონისა და სადაზვერვო სამსახურების ალიანსს წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დანგრევისას ეს ძლევამოსილი ქსელი ნაყოფიერად ემსახურებოდა ზემოხსენებული ტიპის იდეოლოგიას, რომელიც იდეალისტურ ბრწყინვალებას მატებდა ინტერვენციულ საგარეო პოლიტიკას და კიდევ უფრო მეტ თავდაცვით ხარჯებს საჭიროებდა. ეს იდეოლოგია გვარწმუნებდა, რომ ხარჯები უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭასა და გამდიდრებას კი არა, არამედ ცუდ აქტორებთან დაპირისპირებას ხმარდებოდა. ამას კეთილშობილური საგარეო პოლიტიკური მიზნები მოითხოვდა.
სანამ რუსეთი სირთულეებს უმკლავდებოდა, ამერიკელმა ლიდერებმა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტმა უილიამ(ბილ) კლინტონმა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, რათა ნატოში ევროპის ის ქვეყნები მიეღოთ, რომლებსაც უწინ საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. თავის დროზე ალიანსი საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტისგან თავის დასაცავად შეიქმნა. მაშინ, როცა რუსეთი კომუნისტურ წარსულს ემშვიდობებოდა და ძველი სამხედრო დაპირისპირება დასასრულს უახლოვდებოდა, შეიძლება გვეფიქრა, რომ ნატოს საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა. ალიანსის მასშტაბური გაფართოება შეიძლება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენდეს. რა ტიპის ახალ ან პოტენციურ საფრთხეებს დაუპირისპირდება გაფართოებული თავდაცვითი ალიანსი? რა მოტივაციაც არ უნდა ამოძრავებდეგ ამერიკელ ლიდერებს, ნატოს შენარჩუნება და გაფართოება შეერთებული შტატების ძალის დემონსტრირებას უფრო ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ შეერთებულ შტატებს ევროპაში გადამწყვეტი გავლენის შენარჩუნება სურდა. ახლა ამ გავლენის ქვეშ კიდევ უფრო ბევრი ქვეყანა მოექცევა. ეკონომიკურად განვითარებული ან მოწინავე ქვეყნების დიდ ალიანსში სრული დომინირება, სულ მცირე, ერთი შეხედვითაც კი უზრუნველყოფს ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს, იმიჯის შენარჩუნებას.
ის იდეოლოგია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდგომ ეპოქაში ამერიკის გლობალურ თავდაჯერებულობას შთაგონებას მატებდა და ამართლებდა, წარმოადგენდა კონცეფციას უკეთესი სამყაროს შესახებ, რომელიც ამერიკამ შექმნა. ეს აზრი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზანს უკავშირდებოდა, გავრცელებული იყო შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შემქმნელთა პრივილეგირებულ ჯგუფში, იქნებოდა ეს მისი რესპუბლიკური თუ დემოკრატიული ფრთა. ამ დიდი გავლენის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ ტერმინს – „ნეოკონსერვატიზმი“, თუმცა იგი ძალიან ჰგავს თავდაჯერებულ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმსა და ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციას. თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების აზრით, რომლებსაც, როგორც წესი, ნეოკონსერვატორებს უწოდებენ, ამერიკა დაფუძნდა უნივერსალურ პრინციპებზე, „დემოკრატიის“ უპირატესობაზე, და დანარჩენ მსოფლიოში მათი გავრცელების ისტორიული მისია ამერიკას აკისრია. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დემოკრატიის წარმოჩენა, რაც ყოვლისმომცველ იდეოლოგიას შეესაბამება, დიდი ხანია, რაც მთლიანად დომინირებს დასავლური სამყაროს უნივერსიტეტებში, მედიასა და პოლიტიკაში. ამ იდეოლოგიას შეიძლება ეწოდოს „დემოკრატიზმი“, რაც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო. ეს არის მთელი ცხოვრებისა და სამყაროს ერთადერთი ჭეშმარიტი აღქმა. ამ იდეოლოგიის შესაბამისად, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შემქმნელი ელიტის წევრები მიიჩნევენ, რომ რეჟიმებს, რომლებიც ამერიკის დიად და კეთილშობილურ საქმეს ეწინააღმდეგებიან, უნდა დაუპირისპირდნენ და შესაძლოა წირვაც გამოუყვანონ.
უნდა ვუწოდოთ თუ არა ამ ექსპანსიონისტური, იმპერიული აზროვნების მქონე კონკრეტულ პირებს „ნეოკონსერვატორები“, „ლიბერალი ინტერნაციონალისტები“, „ადამიანის უფლებათა დამცველები“ და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისზეც ვსაუბრობთ, ამ მთავარ საკითხზე ერთი აზრი აქვთ: შეერთებული შტატები მსოფლიოში კეთილი ძალაა და როგორც მორალური ლიდერი, იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოში უნდა ბატონობდეს და ყველამ პატივი უნდა სცეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ის იცავს. სახელმწიფოებს ან მოძრაობებს, რომლებიც ამ მიზანს ემუქრებიან, უნდა დაუპირისპირდნენ და დაამარცხონ. მსოფლიოში ამერიკის როლთან დაკავშირებული შეხედულების ყველაზე ცნობილი დამცველები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ცივი ომის დასრულების შემდგომ ეპოქაში ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, გახლავან: რობერტ კაგანი, მისი მეუღლე ვიქტორია ნულანდი, პოლ ვულფოვიცი, მაიკლ ნოვაკი, ირვინგ კრისტოლი, უილიამ ბენეტი, ჩარლზ კრაუტჰამერი და მაიკ პომპეო. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, „ნეოკონსერვატორებს“ უწოდებენ. არიან ინდივიდები, რომლებიც შეიძლება სხვა ეპითეტით შემკობას იმსახურებდნენ, თუმცა დემოკრატიის გავრცელებას გულმოდგინედ უჭერენ მხარს. მათ რიცხვში მოიაზრებიან: მადლენ ოლბრაიტი, რიჩარდ ჰოლბრუკი, სამანტა პაუერი და ენტონი ბლინკენი.
ადამიანებს, რომლებსაც არ იტაცებთ დასავლურ სამყაროში, რომელშიც შეერთებული შტატები დომინირებს, მიღებული ინტელექტუალური ჩვევები, შეიძლება იმის გამო ეპატიოთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ამერიკული იდეოლოგია აშკარად ეგოცენტრული და ანგარებიანია. ისტორიაში ანალოგიური მოვლენა ერთხელ უკვე დაფიქსირდა. უნივერსალური პრინციპები – „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ – ფრანგმა იაკობინელებმაც ჩამოაყალიბეს. 1789 წლის რევოლუციის ინტელექტუალურმა ლიდერებმა თავიანთ ქვეყანას კაცობრიობის მხსნელის ფუნქცია მიანიჭეს. იაკობინელები საკუთარ თავს „სიკეთის“ წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელმა ისტებლიშმენტმა მსოფლიოს კეთილშობილი ლიდერის როლის შესრულება არა საფრანგეთს, არამედ ამერიკას, რომლის საგარეო პოლიტიკასაც ხელმძღვანელობს, მიანდო. პიროვნებებს, რომლებიც აცნობიერებენ ადამიანური აზროვნების გასაქანსა და მრავალფეროვნებას, დასავლურს თუ არადასავლურს, საუკუნეების განმავლობაში, შეიძლება ეპატიოთ, რადგან ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ისტებლიშმენტის ინტელექტუალურ ვარაუდებში ძალიან შეზღუდული და შემზღუდველი, თუნდაც პროვინციული, ფაქტორი არსებობს.
თუ მხედველობაში მივიღებთ ახლახან განხილული საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი აზროვნების გავრცელების ფაქტს, ადვილი დასავიწყებელია თუ როგორ ეწინააღმდეგება იგი იმათ აზროვნებასა და ბუნებას, ვინც შეერთებული შტატები განვითარების გზაზე დააყენა და კონსტიტუცია შეუქმნა. ჯორჯ ვაშინგტონს ან ჯონ ქუინსი ადამსს მიაჩნდათ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ამერიკის ინტერესები და ამერიკელები უნდა დაეცვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამერიკას თავისი პრინციპები მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებინა. მათი ვარაუდით, სხვებთან ურთიერთობა უნდა ყოფილიყო გამორჩეული ისეთი წინდახედულობით, თავშეკავებით, ურთიერთპატივისცემით და კომპრომისზე წასვლის სურვილით, რაც ყველა ცივილიზებულ ადამიანს ახასიათებს და წახალისებულია კონსტიტუციით.
ნეოკონსერვატიზმი ან ლიბერალური ინტერნაციონალისტური პროგრესივიზმი მათი ზოგიერთი მხარდამჭერისთვის გულწრფელი იდეოლოგიური პრეფერენციებია, რომლებსაც გარკვეული პრაქტიკული შედეგები მოაქვთ. სხვებისთვის ეს იდეოლოგია სათავეს იღებს მეტ-ნაკლებად გააზრებული, თუმცა განუცხადებელი ინტერესებიდან, რომლებიც იდეოლოგით მართლდება. პოლიტიკური ან ეკონომიკური იმპერიული პროგრამების განსახორციელებლად, აგრესიული იდეოლოგია მათთვის გამოსადეგი ინსტრუმენტია. იდეალისტური ფასადის მიღმა, რაც ყველასთვის უკეთესი სამყაროს შექმნას ითვალისწინებს, შეიძლება იმის ძლიერი სურვილი იმალებოდეს, რომ უფრო მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად სხვა საზოგადოებებში არსებული წინააღმდეგობები გადალახო.
ინტელექტუალური და პოლიტიკური დინამიკა, რომელიც ამერიკის მზარდი ოლიგარქიულ/პლუტოკრატიული ძალაუფლების სტრუქტურიდან იღებს სათავეს, ცალკე შესწავლის საგანია. უმდიდრესი და მოგებაზე ორიენტირებული ამერიკული ელიტა უკვე დიდი ხანია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საბაზრო იდეებზე, უნივერსიტეტებსა და მედიაზე. მმართველობის სისტემა, რომელიც ამერიკის ძველ კონსტიტუციურ სტრუქტურებს ანაცვლებს, სულ უფრო და უფრო ავლენს თავის ოლიგარქიულ და წამგლეჯურ ბუნებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ოპოზიციური აზრის ჩასახშობად ‘ვოუკმა’ (იდეოლოგია) იერიში მიიტანა ტრადიციულ მორალურ შეზღუდვებსა და ინსტიტუტებზე, რათა საფუძველი ჩაეყაროს დახვეწილ კერძო-სახელმწიფოებრივ პარტნიორობას, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებრივი აზრის ცენზურას ითვალისწინებს. ამერიკაში ტრადიციული თავისუფლების თანდათანობით შეზღუდვას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თითქმის ყოველდღიურად იყენებენ პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ მეთოდებს, მათ შორის გახლავთ სასამართლო ორდერის გარეშე მოქალაქეებზე დაწესებული თვალთვალი.
რუსეთის ინტერესები უგულებელყოფილია
პოსტკომუნისტური პერიოდის საწყის ეტაპზე რუსეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასა და ნატოში გაწევრიანებასაც კი ცდილობდა, თუმცა მისი მისწრაფებები სერიოზულად არ მიიღეს ან უგულებელყვეს. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარების მოწინააღმდეგეებმა შეიძლება რუსეთში დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დასავლურ სტანდარტებზე უარის თქმა მოიმიზეზონ, თუმცა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება თავდაპირველად ეყრდნობოდა მეტ-ნაკლებად არაპირდაპირ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი აღდგენილიყო. ეს პერსპექტივა განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა ქვეყნებს არ ხიბლავდა. განა პუტინი საბჭოთა დაზვერვის კრეატურა არ არის? განა იგი არ წუხდა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო? კომუნიზმზე უარის თქმის მიუხედავად, მან არ დაიწყო ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენა? როგორც ჩანს, ამერიკელ პოლიტიკოსებს დიდად არ ანაღვლებდათ საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით პუტინის გამოთქმული წუხილი. შეიძლება პუტინის პოლიტიკა არ მოგწონდეს და ამის მიუხედავად ადვილად მიხვდე თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ბევრი არაკომუნისტი რუსი იმ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უარი თქვა საბჭოთა ეკონიმიკურ სტრუქტურაზე. მაგალითად, მომავალმა რუსმა ოლიგარქებმა, რომლებსაც ფინანსურად ზურგს საზღვარგარეთიდან უმაგრებდნენ, კაპიკებად „შეიძინეს“ არაერთი საბჭოთა ეკონომიკური აქტივი. ამ „შესყიდვებით“ ფაქტობრივად მთლიანად გაძარცვეს ძველი ქვეყანა. თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტი დასავლელი ეკონიმისტები მხარს უჭერდნენ იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა ‘კაპიტალისტურ’ შოკურ თერაპიას დამორჩილებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი რუსი, რომელიც სოციალისტურ კურსს არ ემხრობოდა, ქვეყნის საყოველთაო ძარცვისა და ერთგვარი განგსტერული ეკონომიკის ჩამოყალიბების გამო აღშფოთებას ვერ მალავდა.
როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ნატოს გაფართოების შესახებ რუსეთის არაერთმა პროტესტმა ამერიკელ პოლიტიკოსებს განზრახვაზე ხელი არ ააღებინა? საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტების ნატოში გაწევრიანებას, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, მოსკოვში მინიმუმ, ძალიან არამეგობრულ და, სავარაუდოდ, პირდაპირ პროვოკაციულ ნაბიჯად აღიქვამდნენ. და რატომ ფართოვდებოდა ნატო? რა ტიპის საფრთხეს უპირისპირდებოდა ეს, ერთი შეხედვით, თავდაცვითი ალიანსი? დიდი ხანია საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა, განაცხადეს რუსებმა. ამის მიუხედავად, მათი პროტესტი უგულებელყვეს. რუსეთი შიდა სტაბილურობის მისაღწევად და დიდი ეკონომიკური გამოწვევების მოსაგვარებლად ცდას არ აკლებდა. მისი მოქმედებები მნიშვნელოვან საფრთხეს ხომ არ უქმნიდა ამერიკასა და ევროპას და ამიტომ ხომ არ გადაწყდა მასიური კონტრზომების მიღება? ამერიკელი ლიდერების მიერ წლების წინ განცხადებული ვერბალური ვალდებულებების მიუხედავად, აღმოსავლეთისკენ დაძრულმა ალიანსმა თავისი შეიარაღებული ძალები, სარაკეტო სისტემები და სხვა სახის იარაღი რუსეთის საზღვართან განალაგა. შეერთებულ შტატებსა და ნატოს როგორი მოტივაციაც უნდა ჰქონოდა, მოსკოვმა ეს ქმედებები თავისი ინტერესების საწინააღმდეგო აღიქვა. ვინც მოვლენებს რეალურად აღიქვამს და პარტიულობით დაბრმავებული არ არის მიხვდებოდა, რომ ნატოს გაფართოებას რუსეთი პროვოკაციად და ღია გამოწვევად აღიქვამდა, რაც უშუალოდ მის უსაფრთხოებას უკავშირდება.
ნატოს თავდაცვით ალიანსს უწოდებენ, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები ინტერვენციონისტულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, ამ კურსს ნატოც ეთანხმება. შეერთებული შტატების განხორციელებული საგარეო პოლიტიკა – განსაკუთრებით ლიბიაში, ავღანეთსა და ერაყში – მის ექსპანსიურ, საბრძოლო აზროვნებაზეც კი მიუთითებს. როდესაც აშშ-ის ამ მოქმედებებისა და ნატოს გაფართოების მოტივის დადგენას ვცდილობთ არ უნდა დაგვავიწყდეს შეხედულება, რომლის თანახმადაც ამერიკა მსოფლიოში კეთილი ძალის როლს ასრულებს. დემოკრატიის დამყარებასთან დაკავშირებული იდეოლოგიის პრაქტიკული შედეგები, რომლებსაც როგორც ნეოკონსერვატორები, ისევე ლიბერალი ინტერნაციონალისტები იზიარებენ, გლობალიზმისკენ არის მიმართული, მათ შორის მოიაზრება რეჟიმის ცვლილებისა და სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობა.
აშშ/ნატოს მრავალწლიანმა სამხედრო აქტიურობამ, რასაც რუსეთი არამეგობრულ აქტად მიიჩნევდა, უკრაინა დაძაბულობის ეპიცენტრად გადააქცია. რუსეთზე არაერთი ზეწოლა განხორციელდა. მაგალითად, 2018 წელს ბალტიის ქვეყნებში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო მანევრებში ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. 2021 წლის სექტემბერში ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ადგილობრივ სამხედროებთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა შავ ზღვაში ნატოს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო და საჰაერო მანევრები, რომელშიც არაერთი გემი და თვითმფრინავი მონაწილეობდა. დასავლეთის შეიარაღებული ძალების ვარჯიშობა რუსეთმა მკაცრად გააპროტესტა. რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული გამანადგურებელს შესვლას კინაღამ ღია საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ უგულებელყო რუსეთის განცხადებები, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა. ისტორიულად უკრაინასა და რუსეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ნატოში არაოფიციალური სამხედრო ინტეგრაცია მაინც გააგრძელა. ვაშინგტონი კიევს იარაღით ამარაგებდა და სამხედრო წვრთნებსაც უტარებდა. ამის შესახებ – თუ რატომ აღიქვამდა რუსეთი ამ ნაბიჯებს მუქარად – ამერიკელი ლიდერებისთვის უნდა ეკითხათ. როგორ მოიქცეოდნენ იმ შემთხვევაში თუკი კუბაში ჩატარებულ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას რუსი ჯარისკაცები მიიღებდნენ და კუნძულზე სამხედრო სისტემებს განალაგებდნენ, იმავდროულად კი რუსეთსა და კუბას სამხედრო ალიანსის შექმნის თაობაზე ემსჯელათ. რა თქმა უნდა, კითხვა სუფთა რიტორიკულია! ამის მიუხედავად, კუბა შეერთებული შტატების შემადგენლობაში არასოდეს შედიოდა. რომელიმე ამერიკელს თუნდაც წამით მაინც ეპარება ეჭვი იმაში, რომ აშშ მართალი იყო, როდესაც კუნძულზე საბჭოთა რაკეტების განთავსებას არ დათანხმდა?
ინტერესების სფეროები
ეს შენიშვნები ბადებენ კითხვას, რომ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი ინტერესების შესახებ ხმამაღლა აცხადებენ, სხვა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ მათ სურვილებს. 1823 წელს გამოქვეყნებულ ე.წ. ‘მონროს დოქტრინაში’ შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთის ნახევარსფეროს მიღმა მყოფი სახელმწიფოები ამერიკელთა საქმეებში არ უნდა ჩარეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ეს თამამი განცხადება არ უკავშრდებოდა კონკრეტული ტიპის იმპერიულ ამბიციებს და, რა თქმა უნდა, არც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატების ინტერვენციის იდეოლოგიურ გამართლებას ითვალისწინებდა. ამ დოქტრინის თანახმად, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ დასავლეთის ნახევარსფეროს მიღმა მყოფი სახელმწიფოები – განსაკუთრებით გულისხმობდნენ კონკრეტულ ევროპულ სახელმწიფოებს – რომლებსაც ამერიკის კონტინენტზე არაფერი ესაქმებოდათ. ახალმა იდეებმა და შეხედულებებმა, რომლებიც დიდად განსხვავდებოდა ამერიკის პირველი ლიდერების პოზიციებისგან, საზღვარგარეთ ამერიკელთა აქტიურობას მწვანე შუქი აუნთო. ვუდრო უილსონის პრეზიდენტობისას აშშ-მა მსოფლიოში მისიონერული როლის შესრულება იტვირთა. „მსოფლიო დემოკრატიისთვის უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ“, ეს გახლდათ ამერიკის მიზანი პირველ მსოფლიო ომში. შეერთებულმა შტატებმა ძველი შეზღუდული ცნება – „ეროვნული ინტერესი“ – გლობალური პასუხისმგებლობისა და ჰეგემონიის იდეოლოგიურად დატვირთული ცნებით ჩაანაცვლა. ფაქტობრივად, ამერიკის ეროვნული ინტერესი კაცობრიობის ინტერესების სინონიმად იქცა. მეოცე საუკუნეში შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ის სფერო, რომელშიც უფლება ქონდა თავისი ძალაუფლების შესახებ პრეტენზიები ხმამაღლა გამოეთქვა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა თავისივე შექმნილი მსოფლიო წესრიგის გარანტისა და აღმსრულებლის ფუნქცია იტვირთა. მისი ინტერესების სფერო პრაქტიკულად შეუზღუდავი გახდა. შეერთებულ შტატებს შეეძლო იმ ქვეყნების საშინაო საქმეებშიც კი ჩარეულიყო, რომელთა რეჟიმები თვალში არ მოსდიოდა. შეიარაღებული მსოფლიო ჰეგემონიისკენ სწრაფვა დემოკრატიული იდეოლოგიით, ბოლო რამდენიმე ათწლეულში კი განსაკუთრებით ნეოკონსერვატიული ცნებით – „ამერიკის განსაკუთრებულობა“ – მართლდებოდა. ისტორიამ ამერიკა მსოფლიოს დემოკრატიზაციის ლიდერად გაამწესა. ქვეყნები, რომლებიც მის მორალურ და სამხედრო ჰეგემონიას ეჭვქვეშ აყენებენ, გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სურვილებისთვის პატივი უნდა ეცათ.
საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტი მკვლევრები ყოველთვის აღიარებდნენ, სამართლიანად ან უმართებულოდ, რომ ყველა ქვეყანას აქვს ინტერესთა სფერო, განსაკუთრებით თუ ეს მათ ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. სხვა საკითხია რა შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად. შეიძლება, რომ პრეტენზია, რომელიც გლობალური მასშტაბით ინტერესთა სფეროს ქონას უკავშირდება, ლეგიტიმური იყოს? ვარაუდობენ, რომ სადავო ტერიტორიასთან კონკრეტული სახელმწიფოს გეოგრაფიული სიახლოვე და ისტორიული კავშირი მისი პრეტენზიის კანონიერებას ადასტურებს. დიდი პარადოქსი, რომელიც უკრაინის ომს უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ შეერთებული შტატები, რომელსაც ბოლო ათწლეულებში მიაჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ მისი ინტერესები უნდა ყოფილიყო დაცული, პოსტსაბჭოთა რუსეთს ისე მოექცა, თითქოს მას ლეგიტიმური ინტერესების სფერო არ ჰქონდა. იგი უბრალოდ უნდა დათანხმებოდა ამერიკის მითითებებს. რუსეთს ნატოს გაფართოების თაობაზე პროტესტი არ უნდა გამოეთქვა. ბოლო ათწლეულში მას უნდა შეეგნო, რომ მისი ინტერესების სფერო უკრაინაზეც კი არ ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ეს ქვეყანა რუსეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. დღესდღეობით ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთს 1804 წლიდან ქალაქ სევასტოპოლში, ყირიმში, განლაგებული საზღვაო ბაზის დაცვის უფლებაც კი არ აქვს. რაც შეეხება ყირიმს, როდესაც რუსეთის პრეტენზიებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ 1954 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცა და ‘ავტონომიური’ სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა.
შეერთებული შტატების აზროვნება და ქმედება
როდესაც ამერიკის მოტივების შეფასებას ვცდილობთ, უნდა გვესმოდეს, რომ თეორიულად და პრაქტიკულად ამერიკელი ლიდერები დიდი ხანია, რაც მეტ-ნაკლებად შეგნებული იმპერიული აზროვნებით გამოირჩევიან. იმპერიული არ უნდა გავიგოთ ძველი მნიშვნელობით, როდესაც ტერიტორიის ოკუპაციის სურვილი ამოძრავებდათ, არამედ იმ გაგებით, რომ ჰეგემონივით უნდა მოქმედებდეს, რათა მოწინააღმდეგე მძიმე ან რბილი ძალით დაჯაბნოს. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ისტებლიშმენტს ძალიან ხიბლავს ის თეორია, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები მისიონერული სახელმწიფოა, რომელიც თავის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში ავრცელებს. ჯორჯ ბუშ უმცროსმა შეერთებული შტატები ლიდერ სახელმწიფოდ აქცია და ამას ‘გლობალური დემოკრატიული რევოლუცია’ უწოდა. მომავალთან დაკავშირებული ეს ფრაზა, რომელიც რუს კომუნისტ ლევ ტროცკის ეკუთვნის, ჯორჯ უ. ბუშს ნეოკონსერვატორმა ‘სპიჩრაიტერმა’ შთააგონა. ნეოკონსერვატორების გურუ პოლ ვულფოვიცი და უნივერსიტეტებში, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ისტებლიშმენტსა და მედიაში მოქმედი დიდი ნეოკონსერვატიულ/ლიბერალური ინტერნაციონალისტური ქსელი უმცროს ბუშს არწმუნებდა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიო დასუფთავების საქმეში, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან უნდა დაწყებულიყო, ავანგარდის როლი ეკისრა. წიგნის – ‘ბოროტების დასასრული: როგორ მოვიგოთ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომი’ – ავტორები დევიდ ფრომი და რიჩარდ პერლი ამერიკას ბოროტების განადგურებისკენ მოუწოდებდნენ. თავდაჯერებულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აქტორებმა, დიკ ჩეინიმ და დონალდ რამსფელდმა, რომლებსაც ინტელექტუალებს ვერ ვუწოდებთ, ჩამოაყალიბეს ამერიკული იმპერიის იდეოლოგია, რომელიც მათ აგრესიულ ინტერვენციონისტულ მიზნებს მოემსახურებოდა. ის ლიდერები და სახელმწიფოები, რომლებიც ამერიკის დიად გლობალურ ამოცანას ეწინააღმდეგებოდნენ, მუდმივი ზეწოლისა და კონფრონტაციის ქვეშ უნდა ყოფილიყვნენ, საჭიროების შემთხვევაში არც ბომბები უნდა დანანებოდათ. პროპაგანდისტული ან დეზინფორმაციული კამპანიები, რომელსაც ხელს უწყობნენ მათი მედიასაშუალებები, იმპერიული ქსელის ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ერაყში შეჭრას უძღოდა წინ, პროპაგანდისა და ტყუილის როლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
რუსეთმა აშშ-ნატოს პოლიტიკა, რომელსაც საკუთარი ინტერესების უგულებელყოფად მიიჩნევდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა ამერიკელებს თავიანთ განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. რუსებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები რუსეთის სურვილებს არაფრად მიიჩნევდა. საინტერესოა, განგებ ხომ არ კეთდებოდა ეს ყველაფერი, რადგან რუსეთს საპასუხო ნაბიჯები გადაედგა? მაგალითად, 2014 წელს, შეერთებულმა შტატებმა, ვიქტორია ნულანდის მეთვალყურეობით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას მხარი დაუჭირა. სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც დასავლეთი და ზოგიერთი უკრაინელი ნაციონალისტი რუსეთთან მეტისმეტად მეგობრულ ურთიერთობაში ადანაშაულებდა, თანამდებობიდან გადააყენეს. რუსებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან თავი შეიკავეს, თუმცა ყირიმში ჯარები შეიყვანეს. შეერთებულმა შტატებმა ნატოში უკრაინის არაოფიციალური სამხედრო ინტეგრაცია კიდევ უფრო გააძლიერა. 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინასთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ქარტია გააფორმა. ეს შეთანხმება ოფიციალურად აკანონებდა ნატოში უკრაინის სრულფასოვან გაწევრიანებას. ალიანსში განაცხადეს, რომ ყირიმთან მიმართებით უკრაინის პრეტენზიები ლეგიტიმური იყო. დიპლომატიური და არაკონფრონტაციული ბუნების ადამიანი ყოველთვის დასვამს კითხვას, როგორ აღიქვამს მოწინააღმდეგე მის შესაძლო ქმედებებს. როდესაც ბლინკენი უკრაინასთან პარტნიორობის შესახებ ქარტიას აფორმებდა, მისი ფიქრები დიპლომატიას არ დასტრიალებდა. წარმოიდგინეთ რუსეთის ხელმძღვანელების რეაქცია. მათ უნდა ეფიქრათ სევასტოპოლში განთავსებული შავი ზღვის დიდი საზღვაო ბაზის დაკარგვისა და იქ ნატოს შეიარაღებული ძალების განთავსების პერსპექტივაზე – კოშმარი, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დამთხვევაა? შეიძლება მისი ეს გადაწყვეტილება დაუნდობელ და უგუნურ ქმედებად ან საერთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვალოს, მაგრამ იმის თქმა, რომ იგი პროვოკაციული არ არის ან რუსეთის ლიდერშიპის ახირებულობაზე მიუთითებს, ადასტურებს, რომ არ გვაქვს სურვილი შევაფასოთ შეერთებული შტატების ქმედება და ის თუ როგორ აღიქვამს მას მოწინააღმდეგე.
სანამ უკრაინაში შეიჭრებოდნენ რუსებმა განაცხადეს, რომ ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გარდა, უკრაინის სამოქალაქო ომის შეჩერება და აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პირობების მიღება სურდათ. როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრები გადალახა, დასავლურმა მედიამ თითქმის ერთსულოვნად ისეთი მოსაზრება გაავრცელა, თითქოს უკრაინის მიერთებით პუტინი ახალი იმპერიის შენებას იწყებდა. თუ რუსეთის შესაძლებლობებსა და მისი ძველი განცხადებების შინაარსს გავითვალისწინებთ, რას ეწინააღმდეგებოდა ან რა სურდა, უფრო დამაჯერებელად ჩანს სხვა სცენარი: პუტინი მის უკანა ეზოში არასასურველი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხის თავიდან აცილებას ცდილობდა. რუსეთის უმთავრეს მიზანს მდინარე დნეპერის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების გაკონტროლება და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით სამომავლო მოლაპარაკებების პროცესში კარგი პოზიციის შექმნა წარმოადგენდა. უკრაინის ოკუპაციისთვის საჭირო სამხედრო კამპანიამ ბევრჯერ მოითხოვა იმ რაოდენობის ძალები, რომლებიც რუსებმა ბრძოლაში ჩართეს ან მზად ჰყავთ. გაკეთდა მინიშნებები, რომ რუსებს ბევრად უფრო შეზღუდული მიზნები ამოძრავებდათ. როგორც ჩანს, რუსებმა ყურადღების გადატანის მიზნით კიევს შეუტიეს. ისინი ცდილობდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთში შეებოჭათ, რათა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში მთავარი მიზნის მიღწევა გაადვილებოდათ. რუსეთის ძველი განცხადებები და ადგილზე განხორციელებული მისი ქმედებები ამ მოვლენების საკმაოდ დამაჯერებელ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა, თუმცა დასავლური მედია, ერთსულოვნად, სავსებით განსხვავებულ ნარატივზე ამახვილებდა ყურადღებას. ამ ისტორიის თანახმად, პუტინი დაუნდობელი იმპერიალისტი იყო, რომლის სამხედროებმა მათზე დაკისრებულია მისი ვერ განახორციელეს. დასავლურმა მედიამ ასევე პრაქტიკულად უგულებელყო ომის რთული ისტორიული ფონი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონფლიქტის ასახსნელად და მხარეთა პრეტენზიების შესაფასებლად. დასავლურ მედიაში „ახალ ამბებს“ დროდადრო ძალიან მარტივად და ტენდენციურად აშუქებენ. ასეთმა დამოკიდებულებამ კარგად ინფორმირებული დამკვირვებლები არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდო. ისინი ძირითად ფაქტებს გვერდს უვლიან ან თავს საფრთხეში იგდებენ, რომ რუსეთის ინტერვენციის აპოლოგეტებად არ მონათლონ.
შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის ზაფხულში რუსებმა თავიანთი ძირითად მიზნებს თითქმის მიაღწიეს. მათ ისეთი პირობების შექმნა სურდათ, როდესაც მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე მშვიდობა დამყარდებოდა და რუსულენოვანი მოსახლეობა თავიანთი კულტურისა და რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება/გაძლიერებას შეძლებდა. რუსებმა ყირიმში შეიარაღებული ძალები განალაგეს. უკრაინელებს აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში სუსტი პოზიციები ჰქონდათ. მათ დიდი მარცხი განიცადეს. უკრაინელების ადამიანური დანაკარგები დაახლოებით რვაჯერ აღემატებოდა რუსების დანაკარგებს. ისინი სამხედრო თვალსაზრისით გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ბრძოლის გასაგრძელებლად კიევს კიდევ უფრო მეტ იარაღსა და სხვა სახის დახმარებას უგზავნის – თითქოს რუსების განდევნა ან მოგერიება რეალურია. იმის გამო, რომ შეერთებული შტატები და ზელენსკის მთავრობა უარს ამბობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რადგან რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევდათ, ომი გაგრძელდა, რამაც უკრაინელების ტანჯვა გაახანგრძლივა და გააძლიერა. ვაშინგტონი უკრაინას ათობით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის.
რაც, სავარაუდოდ, ახლა ხდება, არის ის, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას გავითვალისწინებთ, რუსებს თავიანთ ქმედებებში სტრატრეგიულ-ტაქტიკური კორექტირება შეაქვთ, რათა ომი განსაზღვრულ ვადაში დაასრულონ. რუსული შენაერთების ნაწილობრივი ევაკუაცია და გადაჯგუფება დასავლურ მედიაში ომის შემობრუნების წინაპირობად აღიქვეს. მას შემდეგ, რაც მიწა გაიყინება რუსეთი ახალ შეტევას დაიწყებს, რადგან ეს პროცესი ხელს შეუწყობს ტანკებისა და მძიმე იარაღის გადადგილებას და კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო ძალების განლაგებას.
საკითხი, რომლის განხილვასაც ახლა არ შევუდგები, არის ის, რომ თუ აშშ ამ კონფლიქტში სამხედრო ძალით ჩაერთვება იგი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მოკავშირედ იქცევა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ვაშინგტონი რეგულარულად და უხეშად არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას არაღიარებული ომების დაწყებით ან მათში მონაწილეობით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკის დამფუძნებელ მამებსა და დღევანდელი ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემქმნელებს შორის დიდი განსხვავებაა როგორც მიზნებში, ისევე ხასიათში.
აუტანელი რუსეთი
სანამ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი დარჩება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულობას მუდამ პერსონალური ხასიათი ექნება. აშშ-ის ნეოკონსერვატიული ან ლიბერალური ინტერნაციონალისტური საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ისტებლიშმენტი, კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით, თავის მიზნებს სწორედ რომ კონფლიქტების პერსონალიზაციით ამართლებს. მუამარ კადაფი, სადამ ჰუსეინი და ჰაფეზ ასადი იმ ლიდერების რიცხვში მოიაზრებიან, რომლებთანაც უშუალოდ პიროვნული შეუთავსებლობა ჰქონდათ, ამიტომ თანამდებობებზე მათი დარჩენა ბოროტებასთან იყო გაიგივებული. მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მათ ქვეყნებში შეიძლება უფრო საშინელი პოლიტიკა გაეტარებინათ. რაც შეეხება აშშ-ის პუტინთან დამოკიდებულებას, გაურკეველია, რომ მისი სავარაუდო ღალატი აღემატება სხვა ლიდერების ღალატს, რომლებთანაც ვაშინგტონი თანამშრომლობს. ის, რომ პუტინი ბოლო წლებში ბოროტებად შერაცხეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ისტებლიშმენტი და მსხვილი ბიზნეს/ფინანსური წრეები, რომლებთანაც პუტინს გარკვეული კავშირები აქვს, თავიანთი მიზნების იმპლემენტაციის მთავარ და სერიოზულ დაბრკოლებად სწორედ რუსეთს მიიჩნევენ. არ დავიწყებ იმის ახსნას თუ როგორ ეწინააღმდეგება ან ემუქრება რუსეთი ამერიკის ოლიგარქიული რეჟიმის მიზნებს. საკმარისია ითქვას, რომ შეერთებული შტატების ლიდერთა გლობალისტურ ამბიციებში არ ჯდება რუსეთის მცდელობა შეზღუდოს უცხოური გავლენა, დაიცვას ეროვნული დამოუკიდებლობა თუ სუვერენიტეტი და დაადასტუროს ტრადიციული კულტურული იდენტობა. რუსეთის დაუმორჩილებლობის ეკონომიკური ასპექტი შეიძლება შეჯამდეს იმით, რომ შეერთებულ შტატებში გაბატონებული ოლიგარქიული ელიტა არასაკმარისად მიიჩნევს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავის ბუნებრივ რესურსებს აყიდებს. რუსეთმა უნდა შეზღუდოს თავისი სუვერენიტეტი და რესურსების ექსპლუატაციასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს მწვანე შუქი უნდა აუნთოს.
მსოფლიოში მრავალი სასტიკი და კორუმპირებული ლიდერია. შეერთებული შტატები, ეროვნული ინტერესებიდან ან კონკრეტული გავლენიანი ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრ მათგანთან თანამშრომლობს კიდეც. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, პუტინი იმდენად ცუდი ადმიანია, რომ მას უბრალოდ ვერ იტანენ. მისმა უსაფრთხოების სამსახურებმა ადამიანები დახოცეს! მერე რა თუ შეერთებული შტატებიც გამუდმებით კლავს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე გაჩაღებულ გამოუცხადებელ ომებში ან სამხედრო ინტერვენციებისას. კონკრეტული პირების მკვლელობისას უპილოტო საფრენ აპარატებს ირჩევენ. თუმცა ეს იმდენად განსხვავდება პუტინის ჩადენილი სისასტიკისგან, რომ იმპერიული ზრახვებით შეპყრობილი ამერიკელი აქტორები აღშფოთებული ქვითინებენ. პუტინი ისეთი ბოროტი სულია, რომ ჩვენი დროის ჰიტლერად უნდა შევრაცხოთ. მიუნხენი მეორდება. პუტინის რეჟიმი საბჭოთა კავშირის აღადგენას ცდილობს. კომუნისტურმა რეჟიმმა ხომ მილიონობით ადამიანი დაამონა და სიცოცხლეს გამოასალმა! ხშირად ამტკიცებენ, რომ პუტინი ფსიქიკურად არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და სრულიად დაუნდობელი ადამიანია. ოპონენტების დემონიზაცია ამერიკული ჩვეულებაა. საინტერესოა, ამერიკელ პოლიტიკოსებს გულწრფელად სჯერათ პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების? თუ ასეა, მაშინ პუტინის, უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის, კუთხეში მიმწყვდევა სრულიად უგუნური ქმედებაა. შეურაცხმყოფელი ბრალდებები ცხადყოფს, რომ მთავარი პრობლემა პუტინი არ არის. საბოლოო ჯამში, ამერიკელ პოლიტიკოსებს ის აგულისებთ, რომ რუსეთი ამერიკის მოთხოვნებს არ ასრულებს. პორტრეტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისგან შექმნეს, ამართლებს ამერიკის სურვილების გახორციელების პოლიტიკას და უგულებელყოფს რუსეთის სურვილებს.
დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში თანაარსებობდა საბჭოთა კავშირთან, რომლის განცხადებული მიზანი დასავლეთის დამარხვა გახლდათ. სსრკ გლობალური ამბიციების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. კომუნისტური რეჟიმის განკარგულებაში იყვნენ შეიარაღებული ძალები, სხვადასხვა ტიპის იარაღი, სადაზვერვო სამსახურები და აგენტები. ეს გახლდათ ტოტალიტარული პოლიციური სახელმწიფო, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთში ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, დაძაბულობის შემცირების მცდელობებს, შეიარაღების შეზღუდვასთან დაკავშირებულ შეთანხმებებს და ა.შ. დღევანდელ რუსეთს, რომელსაც შიდა გამოწვევებთან უწევს გამკლავება, გაცილებით ნაკლები საერთაშორისო წონა და ამბიციები აქვს. საბჭოთა სადაზვერვო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინი კომუნისტი არ არის. ალექსანდრე სოლჟენიცინს, რომელიც, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ანტიკომუნისტი იყო, მიაჩნდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთს მხოლოდ პუტინი შეინარჩუნებდა. მისი ქვეყნის სიდიდე, მოსახლეობის მრავალფეროვნება, უზარმაზარი პრობლემები და მათ შორის ხელისუფლების შესანარჩუნებლად გამართული შიდა ბრძოლა, როგორც ჩანს, ზებუნებრივ ძალებს მოითხოვს. სახელმწიფოს მართვის რუსული სისტემა ლიბერალური დემოკრატიის ამჟამინდელ დასავლურ ნორმებს არ შეესაბამება, თუმცა ბევრად უფრო ახლოსაა ამ ტიპის მმართველობასთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი რუსული პოლიტიკური მართვის სისტემა. რატომ აფასებენ პუტინს უფრო მკაცრად, ვიდრე სხვა ლიდერებს, რომლებიც მასავით სასტიკი არიან, და რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა მოქმედების მნიშვნელოვანი თავისუფლება მიანიჭა?
დემოკრატიზმის გავლენას თან ახლავს მორალური თვითმოწონება და თავდაჯერებულობა. იმპერიული ქცევის მანერა დიდწილად ნათელს ჰფენს ამერიკის უარყოფით დამოკიდებულებას, მოუსმინოს ოპონენტების არგუმენტებს და ჩაერთოს დიპლომატიურ კომპრომისებში. თუმცა ამერიკის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელ ისტებლიშმენტში სხვა გავლენაც შეინიშნება: რაღაც ვისცერულის მსგავსი, თითქმის პირადი შუღლი ყველაფერი რუსულის მიმართ. როგორც ჩანს, ამ დიდ ქსელთან დაკავშირებულ ბევრ ადამიანს ზოგადად ნაციონალიზმის, კონკრეტულად კი რუსული ნაციონალიზმის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი ამოძრავებს. პუტინი მხარს უჭერს რუსულ მართლმადიდებლობასა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რაც კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს, რადგან ერწყმის ზიზღის გამოხატვას, რასაც დღეს ‘დასავლურ ღირებულებებს’ უწოდებენ. პუტინს დასავლური ‘გაუქმების კულტურა’ და ‘გამოღვიძების’ იდეოლოგია თვალში არ მოსდის, ამის გამო რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთში ‘პოპულისტად’ და ‘ავტორიტარად’ მიიჩნევენ. ანტირუსული განწყობის პირველმიზეზების დადგენა რთულია, თუმცა აშშ-ის პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთის მიმართ შეიძლება შეფასდეს როგორც ქედმაღლობისა და შურისძიების ნაზავი.
ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი კითხვები არსებობს. რუსეთის მიმართ შუღლი შედის კი ამერიკის ინტერესებში? რუსეთისადმი არაკეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ სახელმწიფოთა დაახლოების შესაძლებლობებს ძირი გამოუთხარა და დიპლომატია უგულებელყო. ეს მტკიცე თავდაჯერებულობა სინამდვილეში საფრთხეს ხომ არ უქმნის ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოს? უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, უკრაინის გამო კონფლიქტის გაღვივება ემსახურება კი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს? პირადი მტრობისა და იდეოლოგიური გემოვნების შერწყმა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებთან ან მთელი მსოფლიოს ინტერესებთან ამპარტავნობასა და განსაკუთრებულ მედიდურობაზე მიანიშნებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულო შეერთებული შტატების კოალიცია არ წარმოადგენს ხშირად ციტირებულ „მსოფლიო საზოგადოების სინდისს“. დასავლეთი, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ რვა პროცენტი ცხოვრობს, სულ უფრო და უფრო ემიჯნება დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ამერიკის დღის წესრიგში არ მოიაზრება. უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რუსეთი და ჩინეთი, რომელიც შეერთებულ შტატებს მრეწველობის სიძლიერით არ ჩამოუვარდება, ამერიკულმა პოლიტიკამ ჩვენს წინააღმდეგ გააერთიანა. ნეოკონსერვატორებმა და ლიბერალმა ინტერნაციონალისტებმა შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხონ, რომ ეს არის ფასი, რომელიც კეთილი საგარეო პოლიტიკისთვის უნდა გადავიხადოთ. თუმცა აქვს თუ არა პოლიტიკას რაიმე სახის პრეტენზია ზნეობრიობაზე, დამოკიდებულია მის გრძელვადიან შედეგებსა და ადამიანურ ზარალზე.
ქედმაღლობის ფასი
შეიძლება პუტინის მიმართ ზიზღი და მისი პოლიტიკიდან წასვლის სურვილი გამართლებულად მივიჩნიოთ, თუმცა არცერთი დიდი სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ სხვა სახელმწიფოებმა მისი ეროვნული უსაფრთხოების საკითხები უბრალოდ უგულებელყონ. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები დიდ ყურადღებას არ აქცევდა ნატოს გაფართოების ან უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მცდელობის წინააღმდეგ რუსეთის პროტესტს. დაახლოებით 15 წლის წინ უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიდად არ ინტერესდებოდა ნატოში გაწევრიანებით. მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა დიპლომატიაში მიუღებელია, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა რუსეთისადმი ძირითადად ასეთ დამოკიდებულებას იჩენდა. აშკარად გვაკლდა თანაგრძნობა, წინდახედულობა, კრიტიკული განსხვავება, ისტორიული გონიერება და მომავლის განჭვრეტის უნარი, რომელსაც სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას ვუკავშირებთ.
თუ ამერიკელი პოლიტიკოსების ხასიათსა და ამერიკულ-ევროპული საზოგადოებრივი აზრის სათანადო მდგომარეობას გავითვალისწინებთ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის დასჯა გარდაუვალი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, დაკისრებულმა სასჯელმა იგივე დაუდევრობა და შორსგანუჭვრეტლობა გამოავლინა, რაც დიდი ხანია ახასიათებს აშშ-ის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. შეიძლება ჯერ კიდევ ადრე ამის თქმა, მაგრამ თავიდანვე მეჩვენებოდა, რომ სანქციები და სხვა სადამსჯელო ქმედებები დასავლეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე რუსეთს. რა თქმა უნდა, სანქციებმა რუსებზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არ დაზარალებულან, გარკვეულწილად ისარგებლეს კიდეც. ერთ-ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ აისახება ეს ომი კონფლიქტის მონაწილე მხარეებზე, არის ის, რომ რუბლის ღირებულება გაიზარდა, ხოლო ფუნტისა და ევროს ღირებულება მკვეთრად დაეცა. ამერიკული დოლარი, როგორც მსოფლიოს ძირითადი სარეზერვო ვალუტა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაში გადახდის ახალი მოდელის დანერგვის გამო დიდი ხანია, რაც საფრთხის ქვეშაა, ომის შედეგად კიდევ უფრო შეირყა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად განადგურებულია, თუმცა აშშ-ის სამხედრო დახმარებით, ეს აღებული ვალებია, ომი გრძელდება, რომელსაც შეერთებული შტატებისთვის ცხადად განსაზღვრული მიზანი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით აბსტრაქტულ თეორიას. გამარჯვების სურვილი და ფაქტების უგულებელყოფა ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებას. უკრაინის საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტად სწორედ ევროპა ზარალდება და დაზარალდება. ენერგომატარებლებზე დაწესებული მაღალი ფასებისა და დეფიციტის გამო ევროპის ნაწილი ზამთარს რთულად გადაიტანს. მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ევროპის ეკონომიკას სირთულეებს შეუქმნის. ზოგიერთმა დიდმა მრეწველობამ, განსაკუთრებით გერმანიაში, შეიძლება წარმოება შეამციროს ან გააჩეროს, მოსალოდნელია მასშტაბური გაკოტრების შემთხვევებიც. გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოებრივმა მღელვარებამ ევროპის ქვეყნების მთავრობათა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ნდობას დაკარგავს. ევროკავშირის კრიტიკოსები შეიძლება მოვლენების ამგვარ განვითარებას მიესალმონ, თუმცა ცალკეულმა ქვეყნებმა, რომლებიც შეზღუდული რესურსების ან სხვა უპირატესობების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან, შეიძლება უფრო სერიოზულ განხეთქილებას დაუდონ სათავე. იმან, რასაც ზოგიერთი ნაციონალისტი ევროკავშირის რეგენერაციის ან დაშლის შესაძლებლობად მიიჩნევს, შეიძლება იმაზე უფრო მეტი სირთულე გამოიწვიოს, ვიდრე დროებითმა უთანხმოებამ და კონფლიქტმა. დაძაბულობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც შეინიშნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთმა, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, საკუთარ თავს ღრმა ჭრილობა მიაყენა. აშშ-ის პოლიტიკა ევროპის ინტერესებისთვის იმდენად დამღუპველი აღმოჩნდა, რომ შეიძლება ვინმემ იკითხოს – ევროპის დასუსტება ამერიკელთა ინტერესებში ხომ არ შედიოდა, რადგან ბებერი კონტინენტი ეკონომიკური თვალსაზრისით შეერთებული შტატების კონკურენტია. ომით გამოწვეულმა შედეგებმა განსაკუთრებით დააზარალა გერმანია, რომელსაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ისტებლიშმენტი აკონტროლებს.
მორალური და ინტელექტუალური ქედმაღლობა, ასევე სადავო საკითხების უგულებელყოფა, კონფლიქტის დაწყების საწინდარია. როდესაც, როგორც ამჟამინდელ კონფლიქტში, ისინი უმეცრებას, შორსგანუჭვრეტელობასა და სისულელეს ერწყმიან, სამყაროს აფეთქებას წინ აღარაფერი უდგას. ვიეტნამის ომისას რიჩარდ ნიქსონმა იდეოლოგიურად მონათესავე ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთდაპირისპირება მოახერხა. ეს ბრძნული და შემოქმედებითი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო. ჩვენმა ამჟამინდელმა საგარეო პოლიტიკის „ექსპერტებმა“ ჩინეთი და რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ გააერთიანეს, სხვა არაერთმა ქვეყანამ კი ჩვენგან დისტანცირება მოახდინა. ჩვენ უთავბოლოდ ვსაუბრობთ, ამ დროს კი ჩვენს თავსა და ჩვენს მოკავშირეებს ზიანს ვაყენებთ.
რეალურია იმის მტკიცება, რომ უკრაინაში ომის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო. გულწრფელი დიპლომატია და რეალური კომპრომისები განმუხტავდნენ დაძაბულობას, მხარეები შეთანხმებოდნენ ნეიტრალურ, დამოუკიდებელ უკრაინაზე, სამოქალაქო ომის დასრულებაზე, დონბასის რეგიონში რუსულენოვანი ტერიტორიებისთვის გარკვეული ფორმის დამოუკიდებლობის მინიჭებისა და ყირიმში რუსეთის ჰეგემონიის შესახებ. ზემოთქმულის მიუხედავად, შეერთებული შტატების ხელმძღვანელებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ რუსეთისგან ის მიეღოთ, რაც სურდათ, კომპრომისზე უარი თქვეს. თუ ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკურ მოდელს გავითვალისწინებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები, მათივე წარმოდგენით, ყოველთვის მორალურად მართლები იყვნენ, მათი ოპონენტები კი ყოველთვის საზიზღრად იქცეოდნენ. რატომ უნდა წავიდეს კეთილშობილი ადამიანი ბოროტებასთან კომპრომისზე?
პირადი ან ჯგუფური ინტერესებისთვის მორალური კეთილმოსურნეობის მორგება დღევანდელ დასავლურ სამყაროში, ალბათ, თავის მოტყუების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
დამღუპველი ქედმაღლობა
შეერთებული შტატების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელი ისტებლიშმენტისა და აშშ-ის კონსტიტუციის შემმუშავებელი პირების აზროვნებასა და ხასიათს შორის მკვეთრად გამოხატული სხვაობა არ არის. კონსტიტუციამ დაუშვა, რომ ადამიანები შეიძლება შეცდნენ და ყოვლისმცოდნეობა გამორიცხულია. არც ერთ ადამიანს ან ჯგუფს ჭეშმარიტებაზე ან სათნოებაზე მონოპოლია არ აქვს. უკეთესი საზოგადოების შექმნა შესაძლებელია, თუმცა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ ქვეყნიურ სიამეებზე უარი უნდა ვთქვათ. პარტიულობა და თავმოყვარეობა უნდა ვაკონტროლოთ. დამფუძნებელმა მამებმა საფუძველი ჩაუყარეს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რაც საერთო სიკეთისთვის წინდახედულობასა და კომპრომისის მიღწევაში გვეხმარება. ოპონენტს უნდა მოუსმინო. თავი უნდა შეიკავო და უმცირესობებს პატივი სცე.
უკრაინასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები ისე მოიქცა თითქოს გადაწყვეტილი იყო რომ რუსეთს უარი უნდა ეთქვა თავის ყველა პრეტენზიაზე და პროქსი ომში ჩართულიყო ან უფრო მეტი: ომის მთელი სიმძიმე უკრაინელების მხრებზე გადაივლის. ფრონტის წინა ხაზზე ისინი იბრძოლებენ და დაიღუპებიან. მათი ქვეყნის დიდი ნაწილი განადგურდება. ეს ომი მხოლოდ უკრაინელებს დააზარალებს. როგორც ჩანს, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის რისკი, რომლის თანახმადაც ეს კონფლიქტი საშინელ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, მორალური თვალსაზრისით სავალდებულოც კი იყო. ევროპელი ლიდერები, რომლებიც ამერიკის ოლიგარქიულ იმპერიულ რეჟიმთან მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული, მუდმივ ზეწოლას განიცდიან, რათა აშშ-ის ნებას დაჰყვნენ. შეერთებული შტატები უკრაინის მიმართ განსაკუთრებით დაუნდობელ და ცინიკურ პოლიტიკას ატარებს, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ევროპამ ამერიკის ანტირუსულ კამპანიას მხარი დაუჭირა. ინტერვენციით გამოწვეული შიშისა და ემოციის გამო ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების წინადადებას დათანხმდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე იყო დამოკიდებული და მათ შორის სხვა ტიპის უფრო მჭიდრო კავშირებიც არსებობდა. მომავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მშვიდი, ხანგრძლივი და საფუძვლიანი მსჯელობის შემდეგ უნდა მიეღოთ, ნაუცბათევად მიიღეს, რასაც, თავის მხრივ, მსოფლიოში არსებული ემოციური ფონიც უწყობდა ხელს. ასეთი გადაწყვეტილების ნათელი მაგალითია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადება, რომელიც ცალკე განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს განცხადება მოკლე და ზედაპირული მსჯელობის შედეგია. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე იქცევა თითქოს ვერ აცნობიერებს, რომ მათი ქვეყნები შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ.
ამერიკის ქედმაღლობასა და სიხისტეზე, ასევე ევროპის შორსგანუჭვრეტლობაზე ყურადღების გამახვილება არ ნიშნავს იმას, რომ პუტინის მართვის სტილი მოგწონს ან უკრაინაში მის შეჭრას ამართლებ. თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეს ქმედება დიდწილად ამერიკის პოზიციებით აიხსნება. ამერიკელთა თავდაჯერებულობა, როგორც ჩინებული ზნეობრივი გულმოდგინება, ახალ დაძაბულობებს განაპირობებს. პუტინისა და რუსეთის განცხადებული ინტერესების უგულებელყოფამ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელთა სიამაყე დროდადრო საზღვრებს ცდება. ამ საკითხს მნიშვნელოვანი კვლევა მივუძღვენი. მორალურ უპირატესობასთან დაკავშირებული ნეოკონსერვატორებისა და ლიბერალი ინტერნაციონალისტების პრეტენზია, ხშირად შიშს იწვევს თავისი ქედმაღლობითა და უკომპრომისო მოქმედების პოტენციალით. ‘დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნობა, დაცემას – ქედმაღლობა’, – ვკითხულობთ ძველ აღთქმაში. ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ვის განადგურებასაც ღმერთები გადაწყვეტდნენ, ჯერ გააგიჟებდნენ.
თუ ვივარაუდებთ, რომ შეერთებული შტატების უგუნური, აგრესიული ხელმძღვანელობა მსოფლიოს ბირთვული ომით არ გაანადგურებს, მომავალ ისტორიკოსებს უდავოდ გააოცებთ რუსეთის მიმართ ამერიკის ქედმაღლური დამოკიდებულება და შორსგანუჭვრეტლობა. ისტორიულ სიტუაციაში, რომელიც დიდ გამჭრიახობას, კომპრომისებსა და სახელმწიფოებრივ მოქნილობას მოითხოვს, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს გონებაშეზღუდული, ეგოისტი და გულფიცხი მამაკაცები და ქალბატონები იღებენ.