19 ივნისი, 2023 წ.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა („მწვანეები“), რომელიც ბირთვული ენერგიის წარმოების ეტაპობრივი შეწყვეტის კამპანიას ხელმძღვანელობს, განგაში ატეხა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის გამო და განაცხადა, რომ ასეთმა შედეგმა შეიძლება გერმანიის მრეწველობაზე უარყოფითად იმოქმედოს. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში „მწვანეების“ პოპულარობა მკვეთრად დაეცა, რადგან პარტიის ენერგეტიკული პოლიტიკა მუშათა და საშუალო კლასის წინააღმდეგ არის მიმართული.
ჰაბეკის მკვეთრი გამაფრთხილებელი განცხადება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ დადებული კონტრაქტები, რომელთა თანახმადაც რუსული ბუნებრივი აირი უკრაინის გავლით გერმანიას, ავსტრიას, უნგრეთს, სლოვაკეთსა და ცენტრალური/აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება, მომავალი წლის დასაწყისში იწურება და გაგრძელების შანსი ძალზე მცირეა, ამის შესახებ ყოველდღიური გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Tagesspiegel) იუწყება.
12 ივნისს, ბად სააროვში (ბრანდენბურგი), აღმოსავლეთი გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჰაბეკმა განაცხადა: „მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ხელმოწერილ სატრანზიტო ხელშეკრულებებს ვადა 2024 წელს ეწურება. ომი მძვინვარებს. მოვლენების განვითარების ზუსტი სცენარი არ არსებობს. თუ რუსული ბუნებრივი აირი აღმოსავლეთ ევროპას იმ ტემპით არ მიეწოდება, რა ტემპითაც უკრაინის გავლით მოედინება, რაც შეთანხმებული იყო ევროპულ დონეზე, სანამ გერმანიაში ადამიანები გაიყინებიან, ჩვენი მრეწველობა გაჩერდება ან შეწყვეტს მუშაობას“.
ვინაიდან ევროკავშირში მოქმედი კანონები წევრ ქვეყნებს მეზობელი ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ავალდებულებს, რომელთა მოსახლეობა ან მთავარი დაწესებულებები, როგორიცაა საავადმყოფოები, სერიოზულ დეფიციტს განიცდიან, გერმანიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი აირის შესაძლო დეფიციტის შემთხვევაში, ამ ქვეყნებში დანაკლისის აღმოსაფხვრელად ბუნებრივი აირის ექსპორტი მოუწევს. თუ მოვლენები ასე განვითარდება, გერმანელი მრეწველები შეიძლება შეზღუდული რაოდენობის ბუნებრივი აირის ამარა ან საერთოდ მის გარეშე დარჩნენ, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
ამიტომ, განაგრძო ჰაბეკმა, ვილჰელმსჰაფენის პორტში (ჩრდილოეთის ზღვა) დაგეგმილი LNG ტერმინალების მშენებლობის დასრულება, რაც არსებითად გაზრდის გერმანიაში ენერგომატარებლების შენახვის სიმძლავრეს, აღმოსავლეთ გერმანიასა და ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპას ენერგომატარებლებით უზრუნველყოფს.
ჰაბეკის თქმით, ამჟამად, გერმანიის ენერგორესურსების საცავი თითქმის 80 პროცენტით არის სავსე.
„თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების გახანგრძლივებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ნაკლებად სავარაუდოა“, − განაცხადეს Center on Global Energy Policy-ს მოხსენების ავტორებმა ენ-სოფი კორბომ და ტატიანა მიტროვამ და იქვე დასძინეს, რომ „ახალი სატრანზიტო შეთანხმების მისაღწევად სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემოა საჭირო“.