ახალი ამბებისხვადასხვა

რიში სუნაკი პოლიციას უკანონო საპროტესტო აქციებთან გასამკლავებლად დახმარებას ჰპირდება – BBC

0

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, „სრულებით მიუღებელია“, როდესაც ადამიანთა ცხოვრებას ხელს უშლის „ეგოისტური უმცირესობა“, რომელიც  უკანონო საპროტესტო აქციებს მართავს.
გარემოს დაცვით დაინტერესებული აქტივისტებით დაკომპლექტებული ჯგუფის, „ჯასთ სტოპ ოილის“ (Just Stop Oil), ტაქტიკის განსახილველად, შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი პოლიციის უფროსს შეხვდა,
„ჩემი აზრით, ვინც კანონს არღვევს, მისი ძალა თავის თავზე უნდა გამოსცადოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაუნინგ სთრითის 10 ნომერში გამართული შეხვედრის შემდეგ სუნაკმა პოლიციას მხარდაჭერა აღუთქვა.
ხუთშაბათს ქ-ნი ბრევერმანი და პოლიციის მინისტრი კრის ფილპი პოლიციის უფროსებს შეხვდნენ, დასაწყისში მათ ბ-ნი სუნაკიც შეუერთდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უკანონო საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციას უკვე მიენიჭა ახალი უფლებები. რიგითი ოჯახებისთვის მიყენებული „უბედურებისა და ზიანის“ დასასრულებლად პრემიერმა პოლიციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„პოლიციელებს ვუთხარი, რომ მთავრობა მათ ახალ უფლებებს მიანიჭებს, რასაც უკვე ვასრულებთ. მინდა მათ მხარდაჭერა აღვუთქვა, რათა გამოიყენონ ახალი უფლებები“.
პრემიერის ოფისში გამართული შეხვედრა პოლიციის უფროსებმა „კონსტრუქციულად“ შეაფასეს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელის, ბენ ჯულიან ჰარინგტონის, თქმით, პოლიცია „პროტესტის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დანაშაულის ჩადენის წინააღმდეგი ვართ“.
განცხადებაში ნათქვამია: „პოლიცია ვალდებულია სწრაფად და ეფექტურად უპასუხოს აქტივისტებს, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას საშიში, უგუნური და კრიმინალური ქმედებებით განზრახ აყენებენ ზიანს“.
შევხედრაზე გადაწყდა, რომ კანონიერ საპროტესტო აქციებს პატივი ვცეთ, თუმცა დანაშაულის ჩამდენებს უნდა ვებრძოლოთ, განაცხადა ჰარინგტონმა.
უფრო ადრე ბრიტანეთის პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, სერ მარკ როულიმ, განაცხადა, რომ Just Stop Oil-ის აქტივისტები „არც თუ ისე თავდაჯერებულად“ გამოიყურებოდნენ, რადგან მათი ლიდერები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
როულიმ ასევე განაცხადა, რომ ოფიცერთა ძალისხმევა შედეგიანია, თუმცა აღიარა, რომ სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში არსებული შეფერხებებს გამო ზოგიერთი სასამართლო პროცესი შეიძლება ორი წლის განმავლობაში  არ გაიმართოს.
ლონდონის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სერ მარკმა განაცხადა, რომ მას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, რომ ყველაფერს, რაც კანონიერი, გონივრული პროტესტის ფარგლებს სცილდება „ძალისმიერი მეთოდებით მოაგვარებს“.
ამ კვირის დასაწყისში Just Stop Oil-ის აქტივისტ იან გუდის ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროტესტო აქციაში მონაწილე გუდიმ ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე (M25) ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, როდესაც ხიდურზე აძვრა. გუდიმ აღიარა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
დემონსტრაციაში მონაწილე 57 წლის მამაკაცმა 7 ნოემბერს ხელისუფლებას დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი ავტომაგისტრალის სექციათა დაკეტვა აიძულა.