რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კოლაფსი – რა იქნება შემდეგ? „უსჯულო დემოკრატია“ თუ „ავტოკრატიული სჯული?“

0

დავით ზარდიაშვილი: 

„სააკაშვილის ქეისმა“ დაგვანხა: არსებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ფარგლებში ძირეული, გადაუწყვეტელი წინააღმდეგობა შეიქმნა სამართალს, სამართლიანობას, სამართლის იდეას (რასაც ოდითგანვე ქართულად „სჯული“ ერქვა) და იმას, რასაც დღეს „დემოკრატიას“ უწოდებენ ნეო-ლიბერალები, შორის.
ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესის შინაარსი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ენმ-ის თავმჯდომარედ საარაკო ხეპრე და რეგვენი – ხაბე, იგივე „ქურქუმალ ვაითი“ იქნა არჩეული, ყოველგვარი რაციონალობისგან განიძარცვა. შეიძლება ითქვას, რომ რაიმე პოზიტიური მიზანი ან მით უმეტეს, სასარგებლო ან სასიკეთო შედეგი, მთლიანად ქვეყნისა თუ მისი მოქალაქეებისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა თუ განსხვავებული ინტერესებისა, ამ პროცესს ვერასგზით ექნება. უარესიც – ეს ფსევდო, მოჩვენებითი პროცესია, მთლიანად იმიტირებულია და დეზინფორმაციული პროპაგანდით ქვეყნისათვის გარედან თუ შიგნიდან თავსმოხვეული. ეს ფსევდო-პროცესი იმთავითვე აბსურდს, რაც ოდენ უარეს აბდა-უბდასა შობს, ემყარება: ყველამ ზედმიწევნით და ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს არავინ აწამებს და არც არაადამიანურად არავინ ეპყრობა, ხელისუფლების არც ერთ ორგანოსა თუ წარმომადგენელს მისი უფლებები არც არსებითად, არც პროცესუალურად, იოტისოდენადაც არ დაურღვევია. ხოლო სრული უაზრობაა მტკიცება, თითქოს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელისუფლება რაიმე საფრთხეს უქმნის. პირიქით – იგი გამორჩეულად, არნახულად, როგორც არავინ და არასდროს სასჯელის ქვეშ, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია: იმყოფება მაღალი სტანდარტების სამკურნალო დაწესებულებაში, ცალკე, ყოველმხრივ საუკეთესოდ მოწყობილ პალატაში, მის მკურნალობას ხმარდება უპრეცენდეტო სიუხვის რესურსები და რამდენადაც ეს საერთოდაც შესაძლებელია, მას არც სამედიცინო და არც რაიმე სხვა, სათუთი მოვლა თუ ყოველმხრივი მზრუნველობა, რაც ბევრად მეტია ვიდრე სადმე საზღვარგარეთ იქნება, არ აკლია; მიუხედავად ამ ყოვლად უდავო ობიექტური სინამდვილისა, იქმნება და შინ თუ გარეთ ტირაჟირდება ყალბი აღქმებით იმიტირებული, მოჩვენებითი და უწყვეტი დეზინფორმაციით ნაკვები „ინტერ-სუბიექტური რეალობა“, რომლითაც სურთ სამართლის აღსრულება საქართველოში და მაშასადამე, სახელმწიფოც (სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა „მართალი სამართლის ქმნა“, მისი გაჩენა და აღსრულება) შეუძლებელი გახადონ და სულაც გააქრონ.
არა მხოლოდ სააკაშვილის მართლაც ფენომენალური ქეისის მაგალითზე, არამედ ზოგადადაც, საერთოდაც – სრულიად აშკარაა, რომ ენმ-ის დ სხვა რადიკალური ე.წ. პარტიების (რომლებიც სინამდვილეში ტიპიუ კლიენტელებს წარმოადგენენ) საქმიანობა არა დემოკრატიულ, არამედ საზოგადოებრივად სრულიად უნაყოფო და თავკერძ, იმიტაციურ პროცესს წარმოადგენს, რომლის ერთადერთი მიზანია ანტი-სისტემური ენტროპია, არა რაიმე სასიკეთოს ქმნა, არამედ პირიქით – დესტრუქცია, ბარირების შექმნა, ხელის შეშლა, უარისმყოფლობა და წინაღდგომა, უწინარესად კი „მართალი სამართლის ქმნის“, ე.ი. როგორც სამართალშემოქმედების, ასევე სამართლის აღსრულების არა მხოლოდ ბოიკოტირება, არამედ ყოველმხრივ საბოტაჟი. ანტი-სისტემურობა და რადიკალიზმი შეუძლებელს ხდის პოლიტიკურ პროცესში მათთან რაიმე კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთავარია – საფუძვლიანად ანგრევს წარმომადგენლობითი, კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითად პრინციებს: ამომრჩეველთა ის სოლიდური ნაწილი, ვინც მათ ენდო და მისცა ხმა, რეალურად კარგავს შანსს საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით და თავისი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში, მიაღწიოს რაიმეს ამ ინტერესების სასარგებლოდ, მათი რეალიზაციისათვის მიიღოს რაიმე პოზიტიური შედეგები. მათ ამომრჩეველს სხვა გზა აღარ რჩება – ან თავადაც ინაცოს, ე.ი. უპასუხისმგებლოდა და გარდაუვლად მძიმე შედეგების გაუთვალისწინებლად, როგორც დეზინფორმაციით მანიპულირებადი მსხვერპლი,მისივე ინტერესების საზიანოდ, ანტი-სისტემურ დესტრქციას აჰყვეს, ხელი შეუშალოს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ყველა სასიკეთო წამოწყებას, პრობლემები შეუქმნას კონსტიტუციურობას, სამართლის, სამართლიანობის მიღწევასა და დამკვიდრებას, ანდაც ხელი ჩაიქნიოს ყოველგვარ პოზიტიურ მონაწილეობაზე და მთლიანად გაუცხოვდეს, რეალობისგან გაირიყოს, ჩაიკეტოს „ინტერ-სუბიექტურ“ ე.წ. ბაბლში და ამითი შეიქმნას სოციალურ-პოლიტიკური აქტიურობის იმიტაცია; საქართველოს კანონმდებლობით, ისევე, როგორც ყველგან, სადაც კონსტიტუციური დემოკრატიაა, პარტია წარმოადგენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის იმ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუენტს, რომელიც აფორმირებს და ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკურ ნებას; მსგავსი ანტი-სისტემური და რადიკალური პარტიების საქმიანობა კი სწოედ უკუშედეგს იძლევა; ხდება არა მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირება, არამედ დეფორმირება, არა რაიმე სასარგებლო, სასიკეთო, პოზიტიური შედეგის მისაღებად ამ ნებით მოქმედება, არამედ მხოლოდ მანიპულირება დესტრუქციისათვის და ასევე იმიტირება, რომ ასეთი დესტრუქციული ნება, მაგალითად, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მძლავრი ნება, რათა წინ აღუდგნენ სამართლიანობასა და არ დაუშვან სამართლის აღსრულება იგივე სააკაშვილის მიმართ, ვითომცდა არსებობს.
ვითარება უკვე დრამატული ხდება, ვინაიდან გვინდა თუ არა ეს, მოქალაქეთა ნების მადეფორმირებელი, მანიპულატორი ანდა იმიტატორი, რადიკალური პოლიტიკური გაერთიანებები წარმოადგენენ ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ორგანულ ნაწილს, რაც ამ სისტემის მუდმივად კრიზისულ მდგომარეობას, თანაც კრიზისიდან გამოსავლის შესაძლებლობის და პერსპექტივის გარეშე, ქმნიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს მდგომარეობა, რაც ახლა შეიქმნა, არა მხოლოდ ენმ-ის ორივე ფრთის – ხაბე-ნაცების („ხაბენცების“) და მელია-ნაცების („მელენცების“), აგრეთვე სხვა რადიკალური ე.წ. პარტიების(სინამდვილეში წვრილი კლიენტელების), არამედ მათ გამო – ფაქტიურად მთლიანად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის და შესაბამისად, წარმომადგენლობითი დემოკრატიისაც, კოლაფსია. ამ კრახის ერთ-ერთი უტყუარი ინდიკაციაა, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილი, ყველა კვალიფიციური კვლევით – ნახევარზე მეტი, რეალურად იზოლირებულია პოლიტიკური პროცესისგან, გაუცხოებულია და ვეღარ აღიქვამს რაიმე თანხვედრას რომელიმე პარტიასა და საკუთარ ინტერესებსა თუ შეხედულებებს შორის.
თუ ვითარებას გარეშე თვალითაც შევხედვათ, ასევე უამრავ კურიოზულ შეუსაბამობას აღმოვაჩენთ, რის სადემონსტრაციოდაც მოვიყვან ერთმანეთისგან მკვეთრად აცდენილ საერთაშორისო რეიტინგებს, რითაც საქართველოს მდგომარეობა, როგორც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსი, იზომება და ფასდება.
პირველი გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგი, რომელიც დგება 2010 წლიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Justice Project“-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრული „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით. ეს ინდექსი გამოითვლება გაზომვადი მონაცემებით, რომლებიც ასახავენ სამართლებრივი გარემოს უზურნველსაყოფად ქვეყნების მიღწევებს, რაც ბაზირებულია სამართლის უზენაესობის უნივერსალურ პრინციპებზე. გაზომვადი მონაცემების შეგროვება ხდება როგორც საექსპერტო შეფასებების, ასევე საზოგადოებრივი გამოკითხვების მეშვეობით; მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება ინდექსი, რაც კომბინირებული მაჩვენებელია და გულსხმობს გაზომვად შეფასებებს შემდეგი ქვეპუნქტების მიხედვით: კორუფციის დონე (ა), ხელისუფლების ორგანოთა ღიაობა (ბ), ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვა (გ), მართლწესრიგი და უსაფრთოხება (დ), ზოგადი მარეგულირებელი სამართლის ნორმების და მათი გამოყენების სამართლიანობა (ე), სამოქალაქო სამართლის ნორმებისა და მათი გამოყენების სამართლიანობა (ვ), სისხლის სამართლის ნორმებისა და გამოყენების სამართლიანობა (ზ), საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონის დაცვა (თ); ამრიგად, ეს რეიტინგი ქმნის მკაფიო წარმოდგენას, რამდენადაა დაცული ამა თუ იმ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა და როგორაა უზრუნველყოფილი სათანადო სამართლებრივი გარემო. ამ რეიტინგში 2022 წელს (რაც 2021 წლის მონაცემზე დაყრდნობით შედგა) საქართველოს ინდექსი გახლავთ საშუალოზე მაღალი – 0,61. რეიტინგში პირველ ადგილასაა დანია, რომლის ინდექსია 0.9. საქართველო 137 შეფასებულ ქვეყანას შორის იკავებს 47-ე სარეიტინგო ადგილს და უსწრებს ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებს: საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს და ბულგარეთს; ბევრად უსწრებს ევროკავშირის უკლებლივ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის – მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ინაწილებენ რა 73-74-ე ადგილებს რეიტინგში, აქვთ ერთნაირი ინდექსი – 0.51. ასევე, უიმედოდ შორს გვყავს ჩამოტოვებული მეზობლები – რუსეთიც (102-ე ადგილი, ინდექსი – 0, 48) და თურქეთიც (118-ე ადგილი, რეიტინგი 0,42), ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი ამ რეიტინგში არ ასახულან. როგორც ვხედვათ, ამ რეიტინგით საქართველო ფასდება როგორც საშუალოზე საგრძნობლად მაღალი დონის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში ყველაზე უფრო უკეთ აქვს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა, შექმნილი უკვე აქვს შესაბამისი სამართლებრივი გარემო და ბევრად უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას; ასევე წინ არის ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანაზეც. (წყარო: https://nonews.co/directory/lists/countries/law-index)

მეორე გახლავთ – დემოკრატიის მსოფლიო რეიტინგი. ამ რეიტინგს ადგენს კვლევითი ორგანიზაცია „The Economist Intelligence Unit“ (ბრიტანული ჟურნალ „Economist“-ის ანალიტიკური დანაყოფი). ამ შემთხვევაში დემოკრატიის ინდექსი იზომება 60 საკვანძო მაჩვენებლით, რომლებიც დაჯგუფებულია 5 ძირითად კატეგორიად: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი (ა), მთავრობის საქმიანობა (ბ), პოლიტიკური მონაწილეობა (გ), პოლიტიკური კულტურა (დ), სამოქალაქო თავისუფლებები (ე). თითოეული ამ კატეგორიის მიხედვით გამოითვლება შესაბამისი ინდექსი (მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა), რითაც საბოლოო, გასაშუალებული ინდექსი გამოიყვანება. ამ, გასასაშუალოებული საერთო ინდექსების მიხედვით ქვეყნები რეიტინგულად ლაგდებიან და იყოფიან „სრული დემოკრატიის“ (საერთო ინდექსი არანაკლებ 8 ქულა), „არასრული დემოკრატიის“ (საერთო ინდექსით 6-დან 8 ქულამდე), „ჰიბრიდული რეჟიმის“ (საერთო ინდექსით 4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარულ ქვეყნებად (საერთო ინდექსი 4 ქულაზე ნაკლები). ამ რეიტინგით წინა მოყვანილისგან სრულიად განსხვავებული, ძალზე არასახარბიელო სურათი იხატება: საქართველოს საკმაოდ დაბალი შეფასება აქვს – საერთო ინდექსის მიხედვით 5,12 ქულა და 91-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში; 167 შეფასებული სახელმწიფოდან მიგვაკუთვნეს „ჰიბრიდული რეჟიმის“ ქვეყნებს, გვისწრებს უკრაინაც და განსაკუთრებით, მოლდოვაც, რომელიც „არასრულ“ მაგრამ მაინც „დემოკრატიად“ მიიჩნევა. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის ქვეყნებზე, რომელთა დიდი უმრავლესობა, ცხადია – „სრულ დემოკრატიათა“ კატეგორიაში შედის. საგრძნობლად გვისწრებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები. სანუგეშოდ ის თუ გვაქვს, რომ მეზობლებიდან სამი ქვეყანა – აზერბეიჯანიც, თურქეთიცა და რუსეთიც – „ავტორიტარიზად“ ფასდება და ჩვენზე ბევრად ნაკლები ინდექსები აქვთ. თუმცა, გვისწრებს სომხეთი, რომელიც, მართალია, ასევე „ჰიბრიდულ რეჟიმად“ მიიჩნევა, მაგრამ რეიტინგში ჩვენზე ოდნავ წინ არის (89-ე ადგილი) და მეტი ქულებითაც (საერთო ინდექსი -5,49) ფასდება. განსაკუთრებით დაბალია ჩვენი ინდექსები მთავრობის საქმიანობისა (3,57) და პოლიტიკური კულტურის (3,75) კატეგორიებში, რომელთა მიხედვითაც, ვინაიდან 4 ქულაზე ნაკლები გვაქვს – ავტორიტარულ ქვეყნად უნდა შეგვაფასონ, მაგრამ საერთო ინდექსში „გვშველის“ ის, რომ შედარებით მაღალი ქულა დაგვიწერეს „საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის“ შეფასებისას (7,42 ქულა), ხოლო „პოლიტიკური მონაწილეობა“ და „სამოქალაქო თავისუფლებები“ საშუალო დონედ გვაქვს (შესაბამისად 5, 56 და 5, 29 ქულა) შეფასებული. (წყარო: https://nonews.co/directory/lists/countries/democracy)

როგორც ვხედავთ, სრულიად წარმოუდგენელია, აბსურდულიც კი – საქართველოს მდგომარეობის დახასიათებისას ერთდროულად ამ ორივე, ფაქტიურად ურთიერთსაპირისპირო რეიტინგების ხარისხობრივი შეფასებებით ვიხელმძღვანელოთ, რადგან ისინი ერთი-მეორეს გამორიცხავენ. მართლაც: თუკი საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, „ჰიბრიდული რეჟიმი“ როგორღა არის ანდა პირიქით – თუკი ჰიბრიდული რეჟიმია, მაშ „სამართლებრივი სახელმწიფო“ რანაირადღა იქნება?!

თუკი ამ რეიტინგების შემდეგნელთა, ე.ი. გარეშე შემფასებელთა მიუკერძოებლობას ვცნობთ და მათი შეფასებს მეტ-ნაკლებად სარწმუოდ ვაღიარებთ, ერთობ პარადოქსული ვითარება გვაქვს. თუმცა, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, „სააკაშვილის ქესი“ სწორედ ამის მანიშნებელია, რომ კურიოზული შეუსაბამობა ნამდვილად არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებსა და იმ პროცესს შორის, რაც სააკაშვილის გარე თუ შიდა მომხრეებმა წამოიწყეს და რასაც „დემოკრატიად“, ხოლო ხშირად -რუსეთთან, ე.ი. „ავტორიტარიზმთან“ და თურმე მის მსახურ „ქართველ ოლიგარქთან“ ბრძოლად ნათლავენ. უცნაურია და ეგება ფიზიკაში კარგად ცნობილი „კვანტური განუსაზღვრელობისა“ არ იყოს, აქაც ასეა: თუ ე.წ. დემოკრატიის ხარისხს „ზომავ“, სამართლის უზენაესობის შეფასება ღიად უნდა დატოვო და პირიქით: თუკი სახელმწიფოს სამართლებრიობის დონის „გაზომვა“ გსურს, მაშ ის, რაც „დემოკრატიად“ იწოდება – გვერდზე გადადო. რასაკვირველია, „კლასიკურ“ ლიბერალურ-დემოკრატიაში, თუ გნებავთ – ნებისმიერ კონსტიტუციურ დემოკრატიაში, მსგავსი „განუსაზღვრელობის პრინციპი“ აბსურდულია, მაგრამ დღევანდელ „პოსტ-დემოკრატიაში“ იქნებ სავსებით შესაძლებელი: თუ სამართალი კარგად მუშაობს, დემოკრატია, ვინ იცის – ზედმეტი ბარგია ანდა პირიქით: თუ „დემოკრატია“ კარგად მუშაობს, ანუ – ე.წ. დემოკრატიის ადეპტები ინტერ-სუბიექტურად კმაყოფილნი არიან, მაშინ სამართალზე და სამართლიანობაზე იქნებ თვალი უნდა დავხუჭოთ? ეგება გვაქვს მდგომარეობა, როცა ორივე ერთად არათუ არ იზომება, არამედ არც არსებობს და თუკი არსებობს, ოდენ ინტერ-სუბიექტური აღქმაა, მოჩვენებაა და არა ობიექტური სინამდვილე?!

თუკი არ გვსურს ასეთ „კვანტურ განუსაზღვრელობაში“ შევიდეთ, თვალი უნდა გაუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ: მთავარი გამოწვევა ჩვენი კონსტიტუციური დემოკრატიისათვის მავნე და უკვე საშიშიც, პარტიულ-პოლიტიკური სისტემაა, რომელმაც კოლაფსი განიცადა და ამჟამად როგორც დემოკრატიის, ასევე სამართლის, სამართლიანობისა და სამართლის იდეის, ტრადიციული ტერმინით – „სჯულის“ წინააღმდეგ მუშაობს.

მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ნაცების დაშლა „ხაბენცებადა“ და „მელანცებად“, მათი და სხვა რადიკალების სრული გაკოტრება, პარტიულ-პოლიტიკურ სისტემას მუდმივი კრიზისიდან გამოიყვანს. იმედი და ოცნებაც კარგია, მაგრამ, ვაი და, თუკი არ არის ასე საიმედოდ საქმე? მართლაც: ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პირობებში, როცა პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ღირებული და ანგარიშსგასაწევი საარჩევნო რესურსის მქონე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, მინიმალურია შანსი, რატა პარტიულ-პოლიტიკური სისტემა კოლაფსის მდგომარეობიდან გამოვიდეს და შეწყდეს საქართველოს მოქლაქეთა პოლიტიკური ნების შიგნიდან თუ გარედან დეფორმირება, მანიპულირება და იმიტაცია. ასეთი ალტერნატივა თუ არ შეიქმნა, პოლარიზებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კოლაფსი შეიძლება ერთპოლუსიანობით დამთავრდეს; მაშინ, სავარაუდოდ გვეყოლება უალტერნატივო „ქართული ოცნება“, რომლის არათუ დამარცხებას, არამედ ოდნავ მაინც ჩაჩოჩებას, მომავალ არჩევნებში დიდი ალბათობით მოსალოდნელი მისი საკონსტიტუციო უმრავლესობის შერყევას, ვერავინ შეძლებს. რასაკვირველია, ამითი იქმნება საფრთხე, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო შეზრდა მოხდება სახელმწიფოსთან და საუკეთესო შემთხვევაში, ე.ი. თუკი მმართველი პარტია განაგრძობს და არ უღალატებს კონსტიტუციურობის, სამართლისა და სამართლიანობის, ტრადიციული ტერმინით რომ ვთქვათ – „სჯულის“ ერთგულების გზას, მაშინ შეიძლება „კეთილთვისებიან ერთპარტიულობამდეც“ მივიდეთ, ანუ „ავტორიტარული სჯული“ გვქონდეს. ამის საპირისპიროდ, თუკი რადიკალებს თავისი გეგმების განხორციელება უწერიათ, რაც ნაკლებ სავარაუდოა და თეორული შანსიც კი მიზერული აქვთ, გვექნება – აშკარად „უსჯულო დემოკრატია“, სადაც სწორედ უსამართლობა და ძალმომრეობა მოინათლება „ხალხის ნებად“, ხოლო სინამდვილეში, როგორც იმ წყეული 9 წლის დროს იყო, ისევ გვექნება მათი სრული ბატონობა დეფორმირებულთა, მანიპულირებულთა და იმიტირებულთა უნებისყოფობაზე.

ეს რომ არ მოხდეს, პარტიულ-პოლიტიკური სისტემის პრაქტიკულად თავიდან ფორმირებაა საჭირო. როგორ და რა გზებით უნდა ჩამოყალიბდეს ასეთი სისტემა დღევანდელი კოლაფსირებადი სისტემის ნაცვლად მისი სრული რეკონსტრუქციით, რის შედეგადაც კონსოლიდირებული კონსტიტუციური დემოკრატია შექმნის პარტიებისთვის გაცილებით, შეუდარებლად უფრო სამართლიან კონკურენტულ გარემოს, რათა ისინი ერთმანეთს შეეჯიბრონ ამომრჩევლის ინტერესთა სასარგებლოდ სიკეთის და რაც მთავარია, „მართალი სამართლის ქმნაში“, შემდეგ წერილში განვსაჯოთ.

ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი რამ გახდება საკანონმდებლო წესით უფრო სამართლიანი სისტემის უზრუნველსაყოფად შესაცვლელი: პარტიების რეგისტრაციიდან დაწყებული, პარტიის წევრებისა თუ თანამდებობის პირების სტატუსის განსაზრვრის, ასევე პარტიების სახელმწიფო დაფინანსების ახალი მოდელის ჩამოყალიბების ჩათვლით და ანტი-სისტემური პარტიების არსებითი შეზღუდვებით დამთავრებული… ესეც კი არ იქნება საკმარისი – აუცილებელია ფართო გზა გაეხსნას არა მხოლოდ პარტიების, არამედ მოქალაქეთა საარჩევნო ჯგუფებისა თუ აქტიური პერსონების მონაწილეობას თვითმმართველობის დონეზე, ასევე არასაპარლამენტო პარტიების პოლიტიკურ თუ საკანონმდებლო ინიციატივებს და სხვ. და ა.შ. მაგრამ ამაზე შემდგომ.