რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

უტოპია, თუ ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსი?

0

რეზიდენტი ავტორი: დავით ქართველიშვილი

საქართველოსთვის საბედისწერო აგვისტოს კიდევ ერთი „შავი“ თარიღი წამოგვეწია − რუსეთის მიერ ჩვენი ისტორიული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ უკანონოდ ცნობის 15 წლისთავი (2008 წლის 26 აგვისტო). ამასთან დაკავშირებით, დღემდე არის პასუხგაუცემელი უამრავი შეკითხვა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათ რიგში ალბათ ძირითადი ორია: 1) იყო თუ არა 1992 წლის 14 აგვისტოს ჩვენი შეიარაღებული შეჭრა აფხაზეთში შეცდომა (დანაშაული), და 2) იყო თუ არა 1991 წელს მომზადებული საქართველო/აფხაზეთის ფედერალური ურთიერთობების ამსახველი ხელშეკრულების პროექტი იმაზე უფრო მიუღებელი, ვიდრე ჩვენ შორის ამ მომენტში არსებული ურთიერთობები.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ხელშეკრულების პროექტის ავტორობა ეკუთვნის სამი წლის წინ მოსკოვში გარდაცვლილ ტარას შამბას − ადამიანს, რომელსაც სიცოცხლეშივე მიანიჭეს „აფხაზეთის სახალხო პრეზიდენტის“ არაოფიციალური ტიტული. ეს იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა ორ ხალხს შორის ურთიერთობები არ მიეყვანა ფატალურ სისხლისღვრამდე და მოექცია ისინი ისეთ სახელმწიფოებრივ ფორმულაში, რომელიც ერთი მხრივ მაქსიმალურად განაპირობებდა სოხუმის ავტონომიურობას თბილისისგან, ხოლო ამავდროულად მოახდენდა ძირითადი ფუნქციების სწორედ თბილისის იურისდიქციაში დაქვემდებარებას. რაც მთავარია, ეს ფორმულა შეინარჩუნებდა ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიან თანაცხოვრებას და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, საბჭოური ავტონომიის ფორმულიდან შესაძლო უნიტარულ სახელმწიფოებამდე, შუალედურ და კომპრომისულ ვარიანტს წარმოადგენდა.

არსებული ინფორმაციით, მცირეოდენი შესწორებების გარდა, ტარას შამბას პროექტი 1992 წელს წინასწარ იყო შეთანხმებული ორივე ლიდერთან: ედუარდ შევარდნაძესთან და ვლადისლავ არძინბასთან. თუ არ ვცდები, მისი პირველადი განხილვა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სხდომაზე სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს უნდა მომხდარიყო − სწორედ იმ დღეს, როდესაც ამ იდეის მიმართულებით „საკონტროლო გასროლა“ განხორციელდა. დღემდე არ არის გაცემული ყველა პასუხი − რა იყო ეს: „შემთხვევითი დამთხვევა“ თუ წინასწარ ჩაფიქრებული ეროვნული ინტერესების ღალატი, განხორციელებული ამაში დაინტერესებული სამივე მხარის (საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი) მიერ. ასეა თუ ისე, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროექტის ავტორი, ტარას შამბა ვლადისლავ არძინბასთან ტაქტიკურ ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი ცხოვრება მოსკოვში და არა მშობლიურ, ქართველებისგან დაცარიელებულ აფხაზეთში დაასრულა.

ვინაიდან საქართველოს უახლოესი ისტორია ჯერ კიდევ ითხოვს თავის გადატანას შესაბამისი სახელმძღვანელოების ფურცლებზე, ისტორიული დანაშაული იქნება არ გავეცნოთ იმ ვერშემდგარ ხელშეკრულებას და დღევანდელი სტატუსკვოს გადასახედიდან არ გავაანალიზოთ, რას მოიცავდა ეს პროექტი − უტოპიას თუ ხელიდან გაშვებულ ისტორიულ შანსს.

მაშ ასე…

„საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, ახალი კონსტიტუციების მიღებამდე, ორივე რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციები (შემდგომში მოხსენიებული მხარეებად), მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ შემდეგზე“:

  1. მხარეები აცხადებენ თავიანთ განზრახვას
  • ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის განმტკიცების თაობაზე;
  • განავითარონ სოციალურ-ეკონომიკური და სულიერი კავშირები;
  • გააფართოონ თანამშრომლობა ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი პირობებით;
  • მკაცრად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებები;
  • თავიდან აიცილონ მტრობისა და ეთნიკური უთანხმოების, ძალის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარის შესაძლებლობები; არ ჩაერიონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში; პატივი სცენ ტერიტორიულ მთლიანობას; იზრუნონ საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის ეროვნულ-კულტურული, სულიერი, ენობრივი და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
  1. მხარეები აღიარებენ საქართველოს და აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოებად და საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის სხვა რესპუბლიკებთან და რეგიონებთან, და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა წევრებთან შეთანხმებების სრულ მონაწილეებად. მხარეები დამოუკიდებლად აფორმებენ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს სხვა სახელმწიფოებთან, რომლებმაც არ უნდა გამოიწვიოს ზიანი ან მიმართული იყოს მეორე მხარის წინააღმდეგ.
  2. აფხაზეთის რესპუბლიკა ნებაყოფლობით არის გაერთიანებული საქართველოს რესპუბლიკასთან და აქვს სრული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე, გარდა იმ უფლებამოსილებისა, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციით ენიჭება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციას. კონსტიტუციები ადგენენ ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ საქართველოსა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოები.
  3. ორი სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია და სტატუსი არ შეიძლება შეიცვალოს მათი თანხმობის გარეშე და გამოხატულია მათი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებით ან სახალხო რეფერენდუმით.
  4. მიწა, მისი წიაღისეული, წყალი, ფლორა და ფაუნა არის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების საკუთრება. რესურსების საკუთრების, გამოყენებისა და განკარგვის საკითხები რეგულირდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით, ასევე წყდება ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე.
  5. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკის უფლებამოსილების განხორციელებაში და აქვს საკუთარი წარმომადგენლობა მის ხელისუფლებაში.
  6. ერთობლივი იურისდიქციის საკითხებზე სახელმწიფო ორგანოები გამოსცემენ კანონმდებლობის საფუძვლებს (ზოგად პრინციპებს), რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ხელისუფლება დამოუკიდებლად ახორციელებს სამართლებრივ რეგულირებას. აფხაზეთში იგზავნება კანონმდებლობის საფუძვლების პროექტები, რომელთა წინადადებები გათვალისწინებული იქნება მათი დასრულებისას.
  7. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზენაესია აფხაზეთის კონსტიტუცია და კანონები. საქართველოს რესპუბლიკის ყურადღების ცენტრში მოყვანილ საკითხებზე გამოცემული საქართველოს კანონები სავალდებულოა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციასა და კანონებს. ერთობლივი იურისდიქციის საკითხებზე გამოცემული საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლები აფხაზეთის ტერიტორიაზე ამოქმედდეს აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დამტკიცების შემდეგ.
  8. საქართველოს რესპუბლიკა აღიარებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას.

მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთი მოქალაქეების უფლებათა თანასწორობას: თავისუფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და დაფიქსირებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციითა და კანონებით. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების, რელიგიის ან სხვა განსხვავებების გამო. თითოეული მხარე იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ ყოფნისა, უწევს მათ ყოვლისმომცველ დახმარებას და მხარდაჭერას. საჭიროების შემთხვევაში მხარეები ერთმანეთს ეხმარებიან. მეორე მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიერ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობის მიღებისა და მისი დაკარგვის საკითხები რეგულირდება მოქალაქეობის შესახებ საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით.

  1. მხარეები ადასტურებენ ადრე მიღწეულ შეთანხმებას აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზეთის უზენაეს საბჭოს დაქვემდებარებული ერთიანი მრავალეროვნული აფხაზური გვარდიის შექმნის თაობაზე და მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაზე საერთო საფრთხის ან თავდასხმის შემთხვევაში. მხარეები იღებენ ვალდებულებას არ შექმნან სამხედრო ფორმირებები ეროვნულ საფუძველზე, მიმართული მეორე მხარის წინააღმდეგ.
  2. დავების შემთხვევაში, მხარეები იღებენ ვალდებულებას, კეთილსინდისიერად და თანამშრომლობის სულისკვეთებით, გამოიყენონ ძალისხმევა, რათა მოაგვარონ ისინი რაც შეიძლება მალე, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების თანახმად.
  3. აფხაზური მხარე აცხადებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციისა და მისგან გამომდინარე კონსტიტუციური კანონების შემუშავებაში. ქართული მხარე გაგებით ეპყრობა ამ განცხადებას და საჭიროდ მიიჩნევს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ერებისა და ხალხების წარმომადგენელთა მონაწილეობას საქართველოს ახალი კონსტიტუციისა და რესპუბლიკის კანონმდებლობის შემუშავებაში.
  4. მხარეები შეთანხმდნენ, ჰქონდეთ მუდმივი სრულუფლებიანი წარმომადგენლობები − საქართველოს რესპუბლიკას ქალაქ სოხუმში, აფხაზეთის რესპუბლიკას ქალაქ თბილისში.
  5. მხარეები არ გამორიცხავენ დამატებითი პარლამენტთაშორისი, მთავრობათაშორისი და სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაძლებლობას მხარეთა შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის კონკრეტულ საკითხებზე.
  6. ეს შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ახალი უმაღლესი ორგანოების ჩამოყალიბებამდე, რის შემდეგაც გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი.