21 აპრილი, 2023 წ.
რესპუბლიკელი კანონმდებლების კოალიციამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ კიევს „შეუზღუდავი“ დახმარებისა და იარაღის გაგზავნა შეუწყვიტოს, რადგან უკრაინა მეზობელ რუსეთს ეომება.
ხუთშაბათს ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში რესპუბლიკელი კანონმდებლები აღნიშნავდნენ: „გწერთ, რათა შეშფოთება გამოვხატოთ უკრაინასთან მიმართებით შეერთებული შტატების რეაქციის გამო. ერთ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამაც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არსებული მშვიდობა დაარღვია. ღრმად ვართ შეშფოთებულები, რადგან უკრაინის სამხედრო ძალისხმევასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების დახმარების ტრაექტორია საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და მოკლებულია უაღრესად საჭირო სტრატეგიულ გამჭვირვალობას“.
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა თავიანთ წერილში ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და იარაღის გაგზავნას უკავშირდება. მათი თქმით, უწყვეტმა დახმარებამ შეიძლება ორ ქვეყანას შორის დაწყებული კონფლიქტი გაამწვავოს და რუსეთთან პროქსი ომის გაჩაღებას შეუწყოს ხელი.
„სანქციების ამჟამინდელი სტრატეგია და დროში გაწელილი დახმარება მხოლოდ გაახანგრძლივებს კონფლიქტს, რაც ესკალაციასა და უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს“. რესპუბლიკელი კანონმდებლები პრეზიდენტისადმი გაგაზავნილ წერილში ასევე მიუთითებენ, რომ აშშ-მა თავის სამხედრო და ეკონომიკურ რესურსებზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება, „ნაცვლად იმისა, რომ არსებითი რესურსები საგარეო კონფლიქტისკენ მიმართოს“.
„ჩვენი ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოება გამოსავალს მოითხოვს. უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების შეუზღუდავი დახმარება უნდა დასრულდეს და ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მომავალში ყველა დახმარების პაკეტს, თუ მათ კავშირი არ ექნებათ მკაფიო დიპლომატიურ სტრატეგიასთან, რომელიც ამ ომის სწრაფად დასასრულს ითვალისწინებს“.
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ბაიდენმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას.
წერილს ხელი მოაწერა 19-მა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, მათ შორის მაიკ ლიმ (სენატორი იუტას შტატიდან), მარჯორი ტეილორ გრინმა (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯორჯიის შტატიდან), ჯეიმს დევიდ ვენსმა (სენატორი ოჰაიოს შტატიდან), რენდ პოლმა (სენატორი კენტუკის შტატიდან) და ლორენ ბობერტმა (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი კოლორადოს შტატიდან).
„არსებობს შესაბამისი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს, თუმცა დაუსრულებელი ომის მხარდასაჭერად იარაღის შეუზღუდავი მიწოდება ერთ-ერთი ვარიანტი არ არის. კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების წახალისება ჩვენი და უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებში შედის. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების გზით მშვიდობის დამყარებას, რათა ბოლო მოეღოს ამ საშინელ კონფლიქტს“, – ნათქვამია წერილში.
წერილმა მას შემდეგ იხილა დღის სინათლე, რაც რესპუბლიკური პარტიის ცნობილმა წევრებმა, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკარტიმ (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი კალიფორნიის შტატიდან), უკრაინისთვის გაგზავნილი ბოლო დახმარება გააკრიტიკეს.
ოთხშაბათს პენტაგონში განაცხადეს, რომ კიევს 325 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. მას შემდეგ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარიდან ათიათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 8,1 მილიონზე მეტმა უკრაინის მოქალაქემ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.
წყარო: https://is.gd/Qs54Io