პოლიტიკასხვადასხვა

რესპუბლიკელი ჯეფ ვან დრიუ: დემოკრატებს ეშინიათ, რომ თუ 2024 წელს დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ის ყველაფერს ფარდას ახდის

0

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯეფ ვან დრიუმ (R-NJ), Breitbart News Saturday-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის საბრალდებო აქტის კონტექსტში, დემოკრატებს ეშინიათ, რომ იგი კვლავ შეაბიჯებს ოვალურ კაბინეტში, რადგან „სიმართლეს ფარდას ახდის“ და დედაქალაქ ვაშინგტონში კორუფციას ბოლოს მოუღებს.
წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრი Breitbart News Saturday-ს წამყვანსა და Breitbart News-ის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელ მეთიუ ბოილს ესაუბრა, როდესაც ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალი წაეყენებინა. ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.
მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრაგი ჯორჯ სოროსმა არაპირდაპირი გზით დააფინანსა. კერძოდ, მემარცხენე მილიარდერმა  Color of Change PAC-ს 1 მილიონი აშშ დოლარი შესწირა, რომელმაც შემდეგ ბრაგის კანდიდატურა დააფინანსა.
ყოფილმა დემოკრატმა ჯეფ ვან დრიუმ, რომელმაც დემოკრატიული პარტია 2020 წელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წარმოწყების გამო დატოვა, განაცხადა, რომ დემოკრატებს ეშინიათ იმისი, რაც შეიძლება ტრამპმა 2024 წელს ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გააკეთოს.
დრიუმ Breitbart News Saturday-ს განუცხადა: „ამჟამად ეს დემოკრატების დაავადებაა. მათ უბრალოდ გაჩერება არ შეუძლიათ. იყო ერთი იმპიჩმენტის მცდელობა, შემდეგ მეორე იმპიჩმენტის, საუბრობდნენ რუსებთან საიდუმლო შეთანხმებაზე, წამოიჭრა უკრაინის საკითხი, მხოლოდ რამდენიმე მათგანი ვახსენე. დემოკრატები ისე ვერ ჩერდებიან. ჩემი აზრით, ძალიან ეშინიათ ამ ადამიანის, რადგან იციან, რომ თუ ისევ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება სიმართლეს ფარდას ახდის.  იგი იმ გაფუჭებულ კვერცხს გატეხავს, რომელსაც ვაშინგტონ დისი ჰქვია, და სიმყრალეს, კორუფციასა და სხვა ყველაფერს გამოააშკარავებს“.
ვან დრიუმ ელვინ ბრაგს „არაკომპეტენტური ადგილობრივი ოლქის პროკურორი“ უწოდა, რომელიც ტრამპს „მისდიმინორის“ გამო დასდევს.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ნიუ ჯერსის მეორე საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, დონალდ ტრამპის დევნისთვის ბრაგი მკაცრად გააკრიტიკა, იმ დროს, როცა ნიუ იორკი „უფრო ბინძური, უფრო სახიფათო და უფრო საშიშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“.

წყარო: https://is.gd/g9RULo