ვაშინგტონი – წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელებს იმაზე მცირერიცხოვანი უმრავლესობა ეყოლებათ, ვიდრე მოელოდნენ, თუმცა ზედამხედველობით ძალაუფლებას გამოიყენებენ და დემოკრატებთან დასაპირისპირებლად არაერთ კანონპროექტს მიიღებენ, რითიც ბაიდენის ადმინისტრაციას პრობლემებს შეუქმნიან.
გაყოფილი მთავრობისა და გაცხარებული პარტიული დაპირისპირების ფონზე, ალბათ მიზანშეწონილი იქნება, რომ რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობას კონგრესში, კევინ მაკ-კარტი (კალიფორნია) და სტივენ სკელისი (ლუიზიანა) უხელმძღვანელონს, რომლებიც გამოცდილი კანონმდებლები არიან. ისინი, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოცდილო უნარებით გამოირჩევიან.
დემოკრატების საკანონმდებლო მისწრაფებების დასაბლოკად, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები დემოკრატების კონტროლირებულ სენატსა და თეთრ სახლს მაინც დაუპირისპირდებიან. მაკ-კარტიმ, რომელიც სპიკერის პოსტის ხელში ჩასაგდებაად იღწვის, და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პარტიის რიგებშიც მზარდ უკმაყოფილებას აწყდება, მიანიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია ბაიდენის ადმინისტრაციისა და სულ მცირე პრეზიდენტის ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოძიების დაწყებას გეგმავს.
კონგრესმენ მაკ-კარტისა და სხვა ლიდერებს ბევრი თავის ტკივილი ექნებათ, რადგან მცირერიცხოვანი უმრავლესობის ერთიანობის შენარჩუნება და გამოკვეთილად კონსერვატორების მოსმენა მოუწევთ, რომლებიც მთავრობის გადადგომას, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მთავარი მოკავშირეების იმპიჩმენტს დაჟინებით მოითხოვენ.
„ვაშინგტონში დემოკრატების ერთპარტიული მმართველობა დასრულდა. ვაშინგტონში ხელისუფლება გადანაწილდება. ამერიკელი ხალხი აქტიურ როლს შეასრულებს და გავლენას მოახდენს მთავრობის გადაწყვეტილებებზე“, – ეს სიტყვები სამშაბათს, ახლადარჩეულ წევრებთან ერთად კევინ მაკ-კარტიმ მას შემდეგ წარმოთქვა, როდესაც პარტიამ სპიკერის პოსტზე მისი კანდიდატურა წარადგინა.
პრესკონფერენციაზე დაანონსდა თემები, რომელი მიმართულებითაც წარიმართება გამოძიება:
ახალ კონგრესში გამოძიებების სერიას ვიხილავთ. კვლევის საკითხები იქნება – კოვიდ-19-ის პანდემია; იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიზაცია; ავღანეთიდან ამერიკული არმიის ქაოტური გამოსვლა. თუმცა, მთავარი ყურადღება დაეთმობა, პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნესგარიგებებს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა, რომელიც ზედამხედველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, განაცხადა, რომ პრიორიტეტი მიენიჭება ჰანტერ ბაიდენისა და პრეზიდენტის ოჯახის სხვა წევრებისა თუ თანამოაზრეების მიმართ გამოძიების დაწყებას, რადგან რესპუბლიკელები ცდილობენ დაადგინონ ბაიდენის ოჯახის საქმიანი ურთიერთობები „რისკის ქვეშ ხომ არ დააყენებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლებლობას მიუკერძოებლად მართოს ქვეყანა“.
რესპუბლიკელთა მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენმა გასამდიდრებლად მამის პოლიტიკური კარიერა გამოიყენა. 2019 წელს იგი უკრაინული ბუნებრივი აირის კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი გახდა. 2016 წელს საინვესტიციო ფირმა, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელად ბაიდენის ვაჟი ითვლება, ჩინურ კომპანიას ამერიკული კომპანიისგან კონგოში არსებული კობალტის საბადოს შესყიდვაში დაეხმარა. მასთან დაკავშირებით სხვა ფინანსური ინტერესებიც იკვეთება.
კომერი და სენატის წევრი რესპუბლიკელები, ასევე სენატორი კენტუკის შტატიდან რენდ პოლი პირობას დებენ, რომ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, ექიმ ენტონი ფაუჩის, საქმესაც გამოიძიებენ. წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ჯორდანი მზად არის იურიდიულ კომიტეტს უხელძღვანელოს. ტრამპის ერთგულ რესპუბლიკელს კაპიტოლიუმში აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდისა, და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ რეის, მიყვანის დიდი სურვილი ამოძრავებს.
ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომიტეტის შექმნის აუცილებლობა არაერთმა რესპუბლიკელმა დააყენა. 2021 წლის 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, 13 სამხედრო მოსამსახურისა და ათობით ავღანელის სიცოცხლე შეეწირა.
იმპიჩმენტი:
მას შემდეგ, რაც წარმოამდგენლობითი პალატის წევრმა დემოკრატებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ორჯერ სცადეს, კონგრესში ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთ ერთგულ მოკავშირეს შურისძიების წყურვილი ამოძრავებს. ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა დეპუტატმა მარჯორი ტეილორ გრინმა კონგრესში ბაიდენისა და გარლანდის წინააღმდეგ იმპიჩმენტთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი შეიტანა.
რესპუბლიკური პარტიის არაერთი წევრი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალეხანდრო მაიორკასის, იმპიჩმენტსაც ითხოვს. კონგრესმენები, საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ.
საკანონმდებლო საქმიანობა:
თეთრი სახლი კვლავ დემოკრატებისაა. ამიტომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც რესპუბლიკელები დააინიცირებენ, ბაიდენი ხელს არ მოაწერს.
მაკ-კარტის განცხადებით, 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი შეიკრიბება, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები მხარს დაუჭერენ, რომ შიდა საგადასახადო სამსახურს 80 მილიარდი აშშ დოლარის ახალი დაფინანსება გაუუქმონ. IRS ჩართული იყო ბაიდენის წარდგენილ „ინფლაციის შემცირების აქტში“, რათა დახმარება გაეწია საგადასახადო მაქინაციებთან ბრძოლაში და გაეძლიერებინა გადასახადის იძულებითი გადახდა.
ხარჯები და ვალი:
2022 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ რეკორდული ინფლაცია განაპირობა ტრილიონობით აშშ დოლარის მოცულობის სამთავრობო ხარჯებმა, ბაიდენის არასწორმა პოლიტიკამ და უკრაინაში მილიარდების გაგზავნამ.
რესპუბლიკელები პირობას დებენ, რომ ინფლაციის გამომწვევი მიზეზების დასადგენად სპეციალურ მოსმენებს გამართავენ და ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ, რითაც ქვეყნის ვალის რეკორდული მაჩვენებლის ზრდას შეაჩერებენ.
ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარს არ დაუჭერს.