ირანთან კონფლიქტის დაწყება, რომ თავიდან ავიცილოთ, შეერთებულმა შტატებმა სირიიდან ყველა ჯარისკაცი უნდა გამოიყვანოს.
ავტორი დაგ ბენდაუ
როგოც ჩანს, ამერიკის ბრძოლის ველზე მზე არასოდეს ჩადის. სულ მცირე, სირიაში, სადაც აშშ-ის ძალებს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ირანის მოკავშირე შეიარაღებულმა ძალებმა, რის შედეგადაც ერთი ამერიკელი დაიღუპა და რამდენიმე კი დაიჭრა. ბაიდენის ადმინისტრაციამ სირიაში მდებარე ირანის ბაზებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა, რამაც თავდასხმების მორიგი რაუნდი გამოიწვია.
სირიის სამოქალაქო ომი მინელდა და გამარჯვება პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადს დარჩა. იგი თითქმის ბოლო ცოცხალი მებრძოლია, რომელსაც წინააღმდეეგობის გაწევის უნარი შერჩა. სირიის პრეზიდენტს რუსული დახმარებისა და ირანული შეიარაღებული ძალების იმედი აქვს. ასადი, ქვეყნის დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებს. მისი ქალაქები დანგრეულია, ხალხი კი გაღატაკებული. საომარ მოქმედებებს ასობით ათასი სირიელი შეეწირა.
ჯიჰადისტები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს, ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ. სირიელი ქურთები და ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ქვეყანაში დამასკოს ნებართვის გარეშე იმყოფებიან, დარჩენილი ტერიტორიის დიდ ნაწილს მეთვალყურეობენ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რომ აშშ-ის ჯარები სირიაში დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ ქურთების ზოგიერთი ტერიტორია ჩაიგდო ხელში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მორიგი ინტერვენციით იმუქრება, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკელებს.
ლიბანის, ავღანეთის, ლიბიისა და ვიეტნამის შემდეგ სისულელე იყო ვაშინგტონის ჩარევა კიდევ ერთ სამოქალაქო ომში, რომელიც მას არაფერი ესაქმებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ასადი ჯერ რეფორმატორად გამოაცხადა, შემდეგ კი გამაოგნებელი პოლიტიკური პირუეტი გააკეთა და განაცხადა, რომ მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთმა ქმედებამ ასადსა და მის ოპონენტებს მოლაპარაკებებზე უარი ათქმევინა, რადგან სირიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა და მისი ოპონენტები იმედოვნებდნენ, რომ ვაშინგტონი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
ობამას ადმინისტრაციამ სირიის კონფლიქტი ზნეობრივ თამაშად წარმოადგინა, როდესაც ცუდ ბიჭებს შორის ერთ-ერთი უნდა აგერჩია. მეამბოხე ძალებისადმი მხარდამჭერამ ‘ისლამური სახელმწიფოს’ აღზევებას შეუწყო ხელი. შეერთებული შტატები ‘ალ-ქაიდას’ ადგილობრივ ფილიალსაც კი შეუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა სწორედ ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო. ვაშინგტონის ერთ-ერთ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს სირიაში მცხოვრები ქურთების მიმართ გაწეული დახმარება.
შეერთებულ შტატებს ამ კონფლიქტის მიმართ სერიოზული ინტერესი არ ჰქონდა. სირია მოსკოვის დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე იყო და ამერიკისთვის ან თუნდაც ისრაელისთვის, რომელსაც უდიდესი სამხედრო უპირატესობა ჰქონდა, საფრთხეს არ წარმოადგენდა. რუსეთსა და ირანს უფრო აინტერესებდა ასადის გადარჩენა, ვიდრე ამერიკას მისი გადაყენება.
ასადიც ისეთივე ულმობელი მკვლელია, როგორც ამერიკის ახლოაღმოსავლეთელი მოკავშირეების უმეტესობა. არაბების გათავისუფლება ვაშინგტონის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა. აშშ ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და ბაჰრეინში, ასევე სხვა სახელმწიფოებში დღემდე მხარს უჭერს სასტიკ ავტოკრატიულ რეჟიმებს. ვაშინგტონი ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინსაც კი დაეხმარა მას შემდეგ, რაც იგი ირანში შეიჭრა. შეერთებული შტატები მანამდე ირანის შაჰის მოკავშირე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სირიის კონფლიქტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ISIS-ის როლს, იგი ახლო აღმოსავლეთში „ხალიფატის“ ან სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა და არა ამერიკაზე თავდასხმას. რეგიონის ყველა სახელმწიფო ამ დაჯგუფების წინააღმდეგ განეწყო. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაშინგტონის მცდელობამ, თანამდებობიდან გადაეყენებინა ასადი, ‘ისლამური სახელმწიფო’ გააძლიერა.
ომმა დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეერთებული შტატების ჩარევამ საბრძოლო მოქმედებები გაახანგრძლივა, თუმცა ასადი დღემდე თანამდებობაზე რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ სტაბილური, დემოკრატიული მთავრობის შექმნაზე. ზოგიერთ ადგილას ვაშინგტონის ქმედება ბევრად უფრო დამანგრეველი იყო, ვიდრე ISIS-ის. ჯორჯ უ. ბუშის ადმინისტრაციამ ერაყი ააფეთქა და ამ ქვეყანაში ნებაზე მიუშვა ‘ალ-ქაიდა’, რომელიც ‘ისლამურ სახელმწიფოდ’ გადაიქცა. ობამას ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის, დამხობას, რამაც ეს ქვეყანა ქაოსსა და პერიოდულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაითრია.
დღესდღეობით ამერიკის მონაწილეობას სირიის კონფლიქტში აზრი არ აქვს. შენიშნა ‘ნიუ იორკ თაიმსის’ (New York Times) კორესპონდენტმა ედუარდ ვონგმა: „ბევრს არ მოსწონს ამაზე საუბარი, თუმცა შეერთებული შტატები წლებია, რაც ირანთან ერაყსა და სირიაში პროქსი ომს აწარმოებს. საზოგადოება დროდადრო ძალადობის მოწმეა“. და ამერიკელები იღუპებიან. ერთადერთი სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსხვერპლი დიდი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში ირანის მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ძალებმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიიდან გამოსვლა სურდა, თუმცა განზრახვაში ხელი შეუშალა ელჩმა ჯეიმს ჯეფრიმ, რომელმაც რეგიონში ამერიკელი სამხედროების ყოფნის შესახებ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანა. ჯეფრიმ, რომლის არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკამ სავალალო შედეგები მოიტანა, ისედაც გაღატაკებული სირიელი ხალხის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. ჯეფრი სირიელებს საშუალებად განიხილავდა, რომლებსაც რუსეთისთვის მდგომარეობა უნდა გაერთულებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი, როგორც ჩანს, ამას ვერ ამჩნევს, სირიელები დღემდე იტანჯებიან.
კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატი ჯოელ რეიბერნი, რომელიც 2018-2021 წლებში სირიაში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანად მუშაობდა, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულია ეკონომიკური კარახით, რომელიც ვაშინგტონის პოლიტიკამ განაპირობა. აი, რას წერს ‘ტვიტერზე’: „ასადის ეკონომიკა და სახელმწიფო იშლება: – არც საწვავია. – არც ელექტროენერგია. – არც ვაჭრობა. – ქუჩები ცარიელია. – ასადი უბრალოდ ფულს ბეჭდავს, რათა ხელფასები/გადასახადები გადაიხადონ. შედეგი: ინფლაციის გამო ძირითადი საჭირო ნივთები ხელმიუწვდომელია. – ფუნტი დაეცა 5,900 აშშ დოლარამდე, რამაც იმპორტი შეუძლებელი გახადა“. გავიხსენოთ მადლენ ოლბრაიტის გულცივი პასუხი, როდესაც ერაყზე დაწესებული სანქციების გამო ადამიანური ფასის შესახებ ჰკითხეს: „ვფიქრობთ, რომ ამ ფასად ღირს“.
დაახლოებით 900 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ასობით კონტრაქტორი, რომლებიც სირიაში პირველად 2015 წელს ჩავიდნენ, დღემდე ამ ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მსახურობენ. ისინი ამ ქვეყანაში კონგრესის ნებართვის გარეშე იმყოფებიან და სირიის ნავთობს უკანონოდ მოიპოვებენ. ამერიკელი სამხედროები სირიის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის საშიშროების წინაშე დგანან.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ, განმარტა, რომ ამერიკელები „ისლამური სახელმწიფოს დამარცხებისა და რეგიონში ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის ერთგულნი რჩებიან“. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მიზნად დაისახა „შეამსუბუქოს ადამიანური ტანჯვა, გააფართოვოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, გააგრძელოს ISIS-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და ნათელი მოჰფინოს ჩვენს შემწყნარებლობას ადამიანი უფლებების მიმართ, რომელსაც რეჟიმი და სირიის კონფლიქტში მონაწილე სხვა აქტორები არღვევენ“.
პრეზიდენტს არ აქვს უფლება სხვა ქვეყანაში შეიჭრას, მისი ოკუპაცია მოახდინოს და სამუდამოდ აწარმოოს ომი, იმიტომ, რომ ოდესღაც მტრულად განწყობილი ძალა არსებობდა. მოკავშირეების, მეგობრების, ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებების მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერა ომის წარმოების კონსტიტუციური საფუძველი არ არის.
კანონიერი უფლების მიუხედავად, დამასკომ ამერიკელ სამხედროებთან კონფრონტაციაზე უარი თქვა. ხუთი წლის წინ რუსული, ნახევრად ოფიციალური ‘ვაგნერის ჯგუფის’ მიერ განხორციელებული გამანადგურებელი სამხედრო თავდასხმით მოსკოვმა თავი აარიდა პირდაპირ კონტაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავიაცია რეგულარულად უტევს ამერიკელ სამხედროებს – ბოლოს და ბოლოს, საჰაერო სივრცე სირიისაა და არა ამერიკის. ამის საპირისპიროდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალები რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით პერიოდულად თავს ესხმიან შეერთებული შტატების კუთვნილ ობიექტებსა და პერსონალს. ბოლო ინციდენტი გასულ კვირას მოხდა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ საპასუხო ზომები მიიღო. თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, განაცხადა: „ვინც ჩვენს ჯარს თავს დაესხმება დაუსჯელი არ დარჩება“. პრეზიდენტმა კი დასძინა, რომ ადმინისტრაცია მზად იყო, რომ ამერიკელების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. რა თქმა უნდა, ამის საუკეთესო საშუალება ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანა იქნებოდა. ადმინისტრაციის კონტრიერიშებმა აშშ-ის ბაზებზე თავდასხმები ჯერჯერობით ვერ შეაჩერა. ამის გამო ‘ქორებმა’ კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება მოითხოვეს – „ამაოხრებელი და სასიკვდილო პასუხი“.
პრეზიდენტს კანონიერი უფლება არ აქვს ცალმხრივად აწარმოოს ომი უცხო სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუნდაც არსებობდეს ეჭვი, რომ ამერიკელებს ცეცხლი გაუხსნეს. კონსტიტუცია აღმასრულებელ ხელისუფლებას თავდასხმებისგან თავდაცვის საშუალებას აძლევს, თუმცა პრეზიდენტები, როგორც წესი, ამ შეზღუდვიდან უფრო შორს გადიან. რასაც უფრო ზუსტად სამაგიეროს გადახდას უწოდებენ, როგორიცაა ბაიდენის ბრძანებით განხორციელებული თავდასხმა, რომელიც კონგრესის ნებართვას მოითხოვს. კანონმდებლებს სამხედრო ინტერვენციაზე პასუხისმგებლობის აღება არ უყვართ. ცოტა ხნის წინ წარმომადგენელთა პალატის წევრებმა უარი თქვეს ორივე პარტიის ძალისხმევაზე, რაც ამერიკული ოკუპაციის დასრულებას ითვალისწინებდა, თუმცა დარჩენის შესახებ კანონიერი ნებართვის მიცემაზე კვლავ უარს ამბობენ.
სულელური, თუნდაც არასერიოზული მიზნებით დაწყებულმა დაუსრულებელმა ომებმა ამერიკელები მართლა დაღალა. სისულელეა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნის ოკუპაცია, რომელიც მრავალწლიანმა კონფლიქტმა გააჩანაგა. დარჩენის ერთადერთი არგუმენტი არის დაკარგული ხარჯების მცდარობა. ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ ადმინისტრაციებმა, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ, გადაწყვიტეს იქამდე დარჩენილიყვნენ, სანამ წარმატებას არ მიაღწევდნენ, რაც შეიძლება სამუდამოდ ან კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს.
ლოდინი არავის არ სურს. რუსეთმა ანკარასა და დამასკოს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეუწყო, რასაც შეიძლება სირიის ტერიტორიიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა მოჰყვეს, სირია კი თავის საზღვრებზე კონტროლს აღადგენს. სირიაში მცხოვრებ ქურთებსა და ასადის მთავრობას შორის დადებულმა დროებითმა შეთანხმებამ შეიძლება ქვეყანა გააერთიანოს, ქურთების ავტონომიას გარკვეული დონე შეუნარჩუნოს და დამასკო თეირანზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს.
საბოლოოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნების მმართველები (მონარქები) ასადის მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მიისწრაფვიან. მართლაც, სირიის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც უკვე მეორე ვიზიტი ჰქონდა. შემდეგი შეიძლება საუდის არაბეთი იყოს, რომელმაც თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ განაცხადა, რაც რეგიონული მშვიდობისკენ გადადგმული ჯერ კიდევ მყიფე ნაბიჯია.
ბუნებრივია, ვაშინგტონი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მისი მოკავშირეები მის ბრძანებებს არაფრად აგდებენ. ორმა ყოფილმა ჩინოვნიკმა განცხადება გამოაქვეყნა და მოითხოვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სირიის მეზობლების შესაჩერებლად რაღაც მოიმოქმედოს. აი, რაც აცხადებენ თვითპაროდიულ დოკუმენტში ზემოხსენებული ჩინოვნიკები, რომლებიც დღევანდელი წარუმატებელი პოლიტიკის წამყვანი არქიტექტორები არიან: „რეჟიმის ნორმალიზაციის მიმართ წინააღმდეგობა მხოლოდ სიტყვით საკმარისი არ არის, რადგან უსიტყვოდ აღიარება წინდაუხედაობაა და რეგიონული უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის ნებისმიერ იმედს ზიანს აყენებს“.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის შესარყევად შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი ძალისხმევა გაიღო, ვიდრე სხვა სახელმწიფომ. ვაშინგტონმა ამერიკელი სამხედროები უნდა გამოიყვანოს და სირია თავის მეზობლებს დაუტოვოს. სირიელებს ურთიერთობების აღდგენის, დახმარების შეთავაზებისა და პოლიტიკური რეფორმების გატარების საშუალება მიეცით. ბაიდენის ადმინისტრაციამ სირიელი ხალხის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა გააუქმოს და კონგრესსაც იგივე ნაბიჯის გადადგმა აიძულოს. შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რეჟიმის ხელმძღვანელებისა და უშიშროების სამსახურების დასჯა გააგრძელოს, თუმცა მოსახლეობას აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხანგრძლივი პროცესის დაწყების საშუალება უნდა მისცეს.
ამერიკა სირიაში ომობს. მაგრამ რატომ? პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ „აშშ ირანთან კონფლიქტის დაწყებას არ ცდილობს“. მან სირიიდან ამერიკული ჯარები უნდა გამოიყვანოს. ამერიკელების სირიაში დარჩენის გამამართლებელი მიზეზი არ არსებობს. დროა კიდევ ერთი უსარგებლო, გამოუცხადებელი ომი სამუდამოდ დასრულდეს.
წყარო: https://is.gd/0SVx2Q