პარასკევს უნგრეთსა და უკრაინას შორის პრობლემატური ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ერთისიტყვიანი ტვიტით უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ოცნებები უარყო.
„რა?!“ ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერი ხუთშაბათს კიევში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებას იმის შესახებ, რომ „უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“.
ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები დაძაბულია. უნგრეთი ნატოს მაღალი დონის შეხვედრებზე წლების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინელ ოფიციალურ პირებს, მიზეზად კი დასავლეთ უკრაინაში უნგრულენოვანი მოსახლეობის უფლებების უგულებელყოფას ასახელებდა.
უნგრეთმა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს, მეზობელ ქვეყანას იარაღი არ გაუგზავნა. ამავდროულად, უნგრელი მაღალჩინოსნები მოსკოვში რეგულარულ ვიზიტებს განაგრძობენ და კრემლთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ. გარდა ამისა, უნგრეთმა თურქეთთან ერთად ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ წინადადება დაბლოკა, რამაც დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში იმდგაცრუება გამოიწვია.
ნატოელმა მოკავშირეებმა, მათ შორის უნგრეთმა, ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტეს, რომ უკრაინა ალიანსს შეუერთდებოდა, თუმცა გაწევრიანების პროცესი შეფერხდა და სექტემბერში კიევმა „დაჩქარებული წესით გაწევრიანება“ მოითხოვა.
მაგრამ ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია. ნატოელი მოკავშირეების უმეტესობა, მათ შორის აშშ, თავს იკავებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
აღმოსავლეთევროპელი წევრი ქვეყნების ჯგუფი ნატოს მოუწოდებს, რომ კიევს მესიჯი გაუგზავნოს, რომ ალიანსს უახლოვდება.
უკრაინაში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მრავალწლიანი ინიციატივა განიხილა, რათა კიევს სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა სტანდარტებიდან ალიანსის სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმაროს.
თუმცა უცნობია რა სახის პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნიან ნატოს ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივლისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე.
პარასკევს რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის პარტნიორები შეიკრიბნენ, რათა კიევისთვის დახმარების გაწევის შესახებ ემსჯელათ. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოკავშირეები თვალს ადევნებენ მნიშვნელოვან ამოცანას, რომ უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარონ.
„ყველა ნატოელი მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდება. მაგრამ ახლა ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმაზე თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წინსვლაში ეხმარება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და იქვე დასძინა, რომ „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე წევრობის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს“.
წყარო: https://is.gd/67c7jZ