რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

რა ბედნიერია ის სახელმწიფო, რომელსაც ნამუსშემორჩენილი ოპოზიცია ჰყავს

0

დავით ქართველიშვილი: 

ამ საახალწლო და საშობაო დღეებში, როდესაც დუღილის ტემპერატურას აღწევს აგენტოკრატების მცდელობა, „პოლიტიკას“ ამოფარებული თავისი აგენტურის მეშვეობით მორიგი ზიანი მიაყენონ მათთვის მიუღებელ სახელმწიფოს, მოქმედ ხელისუფლებას, დედა-ეკლესიას და მის 90 წლის საჭეთმპყრობელს – ეს ნაკლებად ცნობილი აპოკრიფი გამახსენდა იოანეს სახარების მერვე თავთან დაკავშირებით. „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“ – არაა არც იდეალური სახელმწიფო, არ არსებობს ასევე უშეცდომო ხელისუფლებაც. მაგრამ, დღევანდელი პოლიტიკური სახელისუფლებო გუნდის დემონიზირება, მიუხედავად მათ მიერ დაშვებული არა ერთი სერიოზული შეცდომისა, იმ გუნდის მხრიდან, რომელსაც აზრადაც არ მოსდის არა თუ შეცდომებზე, ჩადენილ უთვალავ დანაშაულზე საუბარი მონანიების ტონალობაში – უბრალოდ მკრეხელობაა.

ერთ მშვენიერ დილას მაცხოვარი იჯდა იერუსალიმის ტაძრის წინ და უამრავ ხალხს ასწავლიდა ჭეშმარირებას: “და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ“ (იოანე 8:2). და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა უბრალო ხალხის მაცხოვართან ურთიერთობის ეს ნეტარება, სანამ “მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?“ (იოანე 8:3-4-5).

ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სიყვარულს მოწყურებული ხალხი ტკბება მაცხოვართან თავისი ურთიერთობით, და აუცილებლად ჩნდებიან ისინიც – მწიგნობარნი და ფარისეველნი, რათა თავის მეკავშირე სატანასთან ერთად დაარღვიონ ეს იდილია, ფეხქვეშ გათელონ მშვიდობა და ნეტარება თავისი შხამით დაგესლონ. ამ დროს, რა დიდი გმირობა ჩაიდინეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა? ომი მოიგეს? რომაული იმპერიის ოკუპაცია დაამარცხეს? თუ ავაზაკთა ავაზაკი შეიპყრეს? არა! მათ ერთი უბედური და აკანკალებული ქალი მოიყვანეს სოლომონის ტაძარში, „უმძიმესი“ ბრალი წაუყენეს და განაჩენის გამოსატანად უფალს მიმართავენ ცბიერი კითხვით: „შენ რაღას იტყვი?“.

ჯერ კიდევ ორიოდე წუთის წინ უფალთან ურთიერთობით გაბედნიერებული ხალხი შიშით გაეცალა იქაურობას. მაცხოვარი გარკვეულ ხანს დუმდა თავჩაღუნებული, დუმდა და რაღაცას წერდა ტაძრის ეზოში მიმოფანტულ ქვიშაზე. რას წერდა უფალი? ეს იმდენად საზიზღარი და საშინელი რამ იყო, რომ ვერ შევიდოდა სიხარულისა და სიყვარულის სახარებისეულ ისტორიაში. მაგრამ აპოკრიფებმა შემოგვინახეს ეს მეტად დრამატული ამბავი. მაცხოვარი ქვიშაზე წერდა მასთან მოსულ მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ ჩადენილ საკუთარ უმძიმეს ცოდვებსა და ცოდვით დაცემანს:

მეშულამი – ტაძრის კუთვნილი ფასეულობების მითვისება
აშერი – მრუშობა საკუთარი ძმის ცოლთან
შალუმი – დადებული ფიცის დარღვევა
ელედი – საკუთარ მამას ხელი გაარტყა
ამარნაქი – ქვრივის საკუთრების მითვისება
მერარი – სოდომური ცოდვის ჩადენა
იოილი – კერპთაყვანისცემა…

ასე, ყველას შესახებ წერდა უფალი და ყოველი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მოსეს რჯულის თანახმად ქვებით ჩაქოლვას ექვემდებარებოდა. ხოლო მის გარშემო შეკრებილებს საშინელი შიში შეეპყრა და ვერც ერთმა ვეღარ გაუბედა მაცხოვრისადმი კითხვით მიემართა: „შენ რაღას იტყვი?“. ხოლო იმ უბედურ ქალზე ვიღა ფიქრობდა…

უფალმა დიდ ხანს მათ არაფერი არ უპასუხა, მას სძულდა მათ მიერ ჩადენილი საზიზღრობების ხმამაღლა გაჟღერება, ხოლო ქვიშაზე იმიტომაც წერდა კაცთმოყვარე უფალი, რომ დაწერილი მალევე წაშლილიყო და მათ მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებ აღარავის გაეგო, თორემ განრისხებული ხალხი პირველ რიგში მათ ჩაქოლავდა ქვებით. მას კი, არავის სიკვდილი და დასჯა არ სურდა. „მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა” (იოანე 8:7).

„ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი“ (იოანე 8:9). სოლომონის ტაძრის წინ მოედანი მალევე დაცარიელდა, დარჩნენ მხოლოდ ორნი. მაშინ უფალმა კითხვით მიმართა ქალს: “სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ (იოანე 8:10). გონს მოსულმაც, მან უპასუხა: “არავინ, უფალო“ – „და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ” (იოანე 8:11)…

რა ხდება დღეს? ისევ მარტოა უფალი ტაძრის ეზოში, ისევ მიატოვა იგი ერთ ხანს მადლიერმა მსმენელმა, ზოგი პანიკას ქმნის, ზოგი პანიკას ებრძვის, ზოგი საზღვარგარეთ მიეშურა, ზოგი თავისი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებით აშინებს ქვეყნის ოკუპანტს, ზოგი წარმატებულად გაურბის მის დაცვას იარაღით ხელში, ზოგი წურბელასავით წოვს თავის დედასამშობლოს უკანასკნელ სისხლსა და წვენს, ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ…

მაგრამ აი ისინიც, თანამედროვე მწიგნობარ-ფარისეველნი, რომლებიც კვლავინდებურად ქვებით ხელში, ამჟამად ხელისუფლების ჩაქოლვაზე ითხოვენ ინდულგენციას. განა უცოდველია ხელისუფლება? მაგრამ ვინ ითხოვს მის დასჯას? ვინ ადანაშაულებს მას ყველა სასიკვდილო ცოდვაში? კვლავ იწერება ქვიშაზე უფლის სამართლიანი ხელით მათი საკუთარი საშინელი დანაშაულებანი – მკვლელობა, წამება, მრუშობა, სოდომური ცოდვა, ქურდობა, სული წმინდის გმობა, ქვეყნის ტერიტორიის განიავება, ეკლესიის განადგურების მცდელობა და სხვა რიცხვით ბევრი ვნებანი.

მაგრამ, თუ მათ სულიერ წინამორბედებს, შერჩენილი სინდის-ნამუსის ნაპერწკლებმა თუნდაც, დააყრევინეს ქვები ხელიდან, ესენი არა თუ ყრიან, ახალ ქვებს აგროვებენ თავისი ცრუ-მესიის გათავისუფლების მოლოდინში, მისი სახელისუფლებო “ტახტზე“ დაბრუნების მიზნით. და როგორ უნდა ინატრო, იმდროინდელი მორალის მქონე ოპოზიცია გყავდეს დღეს, რომელსაც ოდნავ მაინც შემორჩა სინდისი, ამ უნამუსო, გაბოროტებული და ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკური “სექონდ-ჰენდის” ნაცვლად… არა და, რა ბედნიერია ის სახელმწიფო, რომელსაც ნამუსშემორჩენილი ოპოზიცია ჰყავს.