პოლიტიკასხვადასხვა

ქრისტიან ეპისკოპოსზე რელიგიური მოტივით თავდასხმის ირგვლივ მედია დუმს

0

მიმდინარე კვირაში დაკავებულ იქნა თინეიჯერი დამნაშავე, რომელიც თავხედურად დაესხა თავს ასურელ ეპისკოპოსს ავსტრალიაში, სიდნეის გარეუბნის ეკლესიაში წირვის დროს. მოსამართლე პარასკევს შეხვდა თინეიჯერს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას ბრალი წაუყენა „ტერორისტული აქტის ჩადენაში“.

ეპისკოპოსი მარ მარი ემანუელი ორშაბათ საღამოს, პირდაპირი ეთერით ქადაგებდა „ქრისტეს კეთილი მწყემსის ეკლესიიდან“, როცა უეცრად, 16 წლის თავდამსხმელი საკურთხეველს მიუახლოვდა, დანა ამოიღო და მას რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელმა მსხვერპლის ძირითად სამიზნედ სახე და თავის არე შეარჩია, რათა მაქსიმალურად დაეზიანებინა იგი.

თავდასხმის ადგილზე მყოფი ავსტრალიელი ვიდეოჟურნალისტის მიერ გამოკითხული თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა არაერთხელ წამოიძახა „ალლაჰუ აკბარ“ და არაბულად ყვიროდა მუსლიმების წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის შესახებ, როცა საქმეში ეკლესიის ერთგული მრევლი ჩაერია და თავდამსხმელი შეაკავა.

მას შემდეგ, რაც თავდასხმის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ავსტრალიის eSafety-ის კომისარმა ჯული ინმან გრანტმა Meta-ს და X-ს უბრძანა, კონტენტი ოცდაოთხი საათის განმავლობაში წაეშალათ პლატფორმიდან და თუ ამას არ გააკეთებდნენ, სოლიდური ჯარიმის დაწესებით დაემუქრა.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში რამდენიმე ძირითადი პრესა, მათ შორის 7NEWS Australia, The Sydney Morning Herald, 9News და 1News, თავდასხმის შესახებ იტყობინება და აღნიშნავს, რომ საქმე „ტერორისტულ აქტად გამოცხადდა მოზარდის შესაძლო რელიგიური მოტივაციის გამო“.

ის, რაც ამ საინფორმაციო საშუალებებმა არ ახსენეს, და შესაძლოა მიზანმიმართულადაც, არის კონკრეტული რელიგია, რომელიც თავდასხმის მოტივაცია იყო: ისლამი.

ამის ნაცვლად, The Sydney Morning Herald-მა თავის რეპორტაჟში ხაზგასმით მიუთითა (როგორც ამას დასავლეთის მთავარი პრესა აკეთებს ხოლმე, ისლამისტების მიერ შთაგონებული თავდასხმების შემდეგ) დამნაშავის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სავარაუდო ისტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს არ გააჩნია ფსიქიკური დაავადების დოკუმენტირებული ანგარიში, მას აქვს საკმაოდ ფართო კრიმინალური ისტორია. მედიის ცნობით, იანვარში 16 წლის თინეიჯერი მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ცივი იარაღის შენახვაში, დანაშაულის ჩადენის განზრახვით იარაღის ტარებაში, თვალთვალში, დაშინებასა და ქონების დაზიანებაში.

ეპისკოპოსმა მარ მარი ემანუელმა, რომელმაც „სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები“ მიიღო, თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ხუთშაბათს, საავადმყოფოდან გააკეთა და თქვა, რომ აპატია ახალგაზრდა თავდამსხმელს.

„მივუტევებ, ვისაც უნდა ჩაედინა ეს ქმედება და ვეუბნები: შენ ჩემი შვილი ხარ, მიყვარხარ და ყოველთვის ვილოცებ შენთვის. და მე მივუტევებ მათაც, ვინც შენ გამოგგზავნა ამის გასაკეთებლად“, − თქვა ეპისკოპოსმა.

ერაყში დაბადებულმა ასურელმა მართლმადიდებელმა წინამძღვარმა ასევე მიმართა ჯგუფს, რომელიც თავდასხმის საპასუხოდ ეკლესიის გარეთ შეიკრიბა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„მე მჭირდება, რომ ქრისტეს მსგავსად იმოქმედოთ. უფალ იესოს არასოდეს უთქვამს, გადით ქუჩაში და იბრძოლეთო. მას არასდროს მოუწოდებია სამაგიერო გადაგვეხადა, არამედ გვითხრა, რომ გველოცა.  ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყველას გთხოვთ“, − თქვა ემანუელმა.

16 წლის თავდამსხმელი სასამართლოში მომავალ ივნისში უნდა გამოცხადდეს. ბრალდება, რომელიც მას ემუქრება, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: Media Silent on Islamist Motive Behind Attack on Christian Bishop ━ The European Conservative