რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

„ქართველი“ კოლაბორაციონისტები და ფსევდოლიბერალიზმის აგრესიული სახე

0

დავით ქართველიშვილი:

სააკაშვილის რეჟიმის დამკვიდრება საქართველოში, ქრონოლოგიურად, პაპაჩემის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალებას დაემთხვა, რომელსაც ხშირად ვეკითხებოდი – რამდენად შეესაბამება საბჭოთა ფილმებში ასახული ფაშისტების სისასტიკე შენი თვალით დანახულ რეალობასთან. ნამდვილად წვავდნენ თუ არა ცოცხლად ბელარუსიის სოფლებში ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს. პირადად მათ ასეთ სისასტიკეს არ შევხვედრივარო, მპასუხობდა – ომის შესაფერისი წესებით ვებრძოდითო ერთმანეთს. ძირითადად ბელარუსში ჩადენილ, ენით აუღწერელი სისასტიკის დამადასტურებელ მასალებთან, შემდგომში ინტერნეტმა გამიხსნა გზები, ასევე თვით ბელარუსში მივლინებების დროს ღია ცის ქვეშ სუფელ-მემორიალად ქცეული „ხატინის“ შემზარავი მუზეუმის მონახულებამ. გაირკვა, რომ განსაკუთრებულ სივერაგეს გერმანელები სპეციალური დანაყოფის “SS-Sonderregiment Dirlewanger”-ის ძალების მეშვეობით ახორციელებდნენ, რომელიც დაკომპლექტებული იყო პოლონელი და უკრაინელი კოლაბორაციონისტებით, ხოლო დანაყოფს ხელმძღვანელობდნენ: კონსტანტინ სმოვსკი, გრიგორი ვასიურა და ვასილ მელეშკო. ბელარუსში დღემდე ახსოვთ ამ ზონდერ-ბატალიონის თითოეული ჯალათის სახელი და გვარი.

როდესაც გვიწევს საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასება, განსაკუთრებით 2003-2012 წ.წ. პერიოდის, ძალაუნებურად ჩნდება ანალოგია ფაშისტებთან კოლაბორაციის საფუძველზე შექმნილ, უკიდურესი სისასტიკით მოქმედ დამსჯელ რაზმებსა და ფაშიზმზე არანაკლებად ვერაგი, ფსევდოლიბერალიზმის მიერ „ქართველი“ კოლაბორაციონისტებით დაკომპლექტებულ ზონდერსისტემას შორის. სამწუხაროდ მე ვიყავი იმ დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც 2013 წლის მაისში ზუგდიდის რაიონის ნარაზენის ტყეში აღმოაჩინა „ქართველი“ კოლაბორაციონისტების ხელით ჩადენილი ენით აუღწერელი სისასტიკის ამსახველი ვიდეოარქივი. „სამწუხაროდ“ – იმიტომ, რომ სამსახურებრივი მიზნით მომიწია იმ კადრების ნახვა, რომლებიც ალბათ ცხოვრების ბოლომდე ჩემს მეხსიერებაში იქნება ჩარჩენილი. ფსევდოლიბერალური იმპერიის მიერ საქართველოში შექმნილ ამ კოლაბორაციონისტების ზონდერ-სისტემის ხელით წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ერის მენტალური გენოციდი, ახალგაზრდების მიზანმიმართული „გენმოდიფიცირება“, ქართველობის განსულიერება, ეკლესიის შიგნიდან გახრწნა და ყოველივე ეს – ადამიანურ ბუნებაზე, მის სხეულზე წამების ისეთი საშინელი მეთოდებით, რომელიც „უფლის ხატად და მსგავსებად“ შექმნილ არსებას უბრალოდ აზრადაც არ არ უნდა მოსდიოდეს, თუნდაც ყველაზე ავადმყოფურ წარმოსახვებში.

მე შემიძლია ჩემი უტყუარი დასკვნები იმის თაობაზე, რომ ფსევდოლიბერალიზმი და მის მიერ შექმნილი საკოლაბორაციო ძალები თავისი სისასტიკით და ვერაგობით, პაპაჩემის მიერ ფაშიზმზე და ფაშისტებზე მოყოლილ ისტორიებთან შედარებით – გაცილებით საშიშ და დაუნდობელ ხასიათს ატარებენ, გამოვიტანო თუნდაც საკუთარი თვალით ნანახი ჯოჯოხეთის მაგალითზე. იმ ჯოჯოხეთის, რომელიც თურმე „ადამიანმა“ შეიძლება მოუწყოს ადამიანს, და არა მხოლოდ თავად დატკბეს ამ ჯოჯოხეთური სურათით, არამედ კინოდოკუმენტალისტიკის საუკეთესო ტრადიციებში – საკუთარ ზონდერ-შთამომავლობას დაუტოვოს იგი. მაგრამ, რაც მე არ მინახავს – იმ ჯოჯოხეთის აღწერაც ნამეტანი მძიმეა და ნორმალური ადამიანისთვის, წარმოუდგენელიც კი, ხოლო ქართველად დაბადებული, ქრისტიანად მონათლული ადამიანისთვის – მით უმეტეს. მაგრამ კოლაბორაციონისტებმა ციხის ჯოჯოხეთად გადაქცევის გზით, ადამიანურ სულიერებაზე, მის სისხლსა და ხორცზე წამების ყველა გაუკუღმართებული ფორმა და მეთოდი გამოიყენეს. მე ერთხელ დანახულმა თუ დამიტოვა მეხსიერებაში წარუშვლელი კვალი, წარმომიდგენია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარება დღემდე, ვინც მაშინ ფსევდოლიბერალიზმის სისასტიკე და მისი რეალური სახე საკუთარ სულებსა და სხეულებზე გამოსცადეს.

ნაკლებად მჯერა, რომ საქართველოში „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის“ მსგავსად, „ფსევდოლიბერალიზმისა და ქართული კოლაბორაციის“ მუზეუმი გვეღირსოს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდა თაობების გადარჩენის მიზნით, ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ 21-ე საუკუნის ეს სიმახინჯე ვამხილოთ, ხოლო პოლიტიკურ დონეზე – შეუძლებელი გავხადოთ ამ პირსისხლიანი, უსულო, უსამშობლო არაადამიანების ღვთიკურთხეული საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნება.