რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ქართული „დირე“ და უკრაინული „ბეწვი“ – პოლიტიკური ოფთალმოლოგიის გადაუჭრელი პრობლემები

0

დავით ქართველიშვილი

ახალი წლის დადგომისთანავე, პრინციპიდან: „ვიცოდით, რომ რაღაც გაგვეხარდებოდა“ – საქართველოში უკრაინის რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა, ქართული ხალხური ანდაზის („თაგვმა თხარა-თხარა და კატა ამოთხარა“) საუკეთესო ტრადიციებში, გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით – „როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები“. სტატიის შინაარსი იმდენად სამარცხვინო და უსამართლოა, რომ შემოვიფარგლოთ მისი სახელწოდების სულისკვეთებით და შევახსენოთ საკუთარ თავს – „როგორ ეხმარებოდა უკრაინა საქართველოს და სად რჩებოდა პრობლემები“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ – საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
პირიქით, სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15-მა პროცენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45-მა პროცენტმა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდეფერენტულობა – თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება)
დღემდეა მცდელობა – ეს და ქვემოთ მოყვანილი უტყუარი არგუმენტები, კასიანოვის ადგილობრივი „ფან-კლუბის“ წევრებმა გააქარწლონ იმ კონტრარგუმენტებით, რომ იმდროინდელ რადაში ამინდს ქმნიდა იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ და აბა რა გინდა, რას ერჩი, ამიტომაც მოაწყეს უკრაინელმა „პატრიოტებმა“ 2014 წელს „ფერადი“ რევოლუცია. ვუპასუხოთ მათ მათივე ბელადის უკვდავი ფრაზით: „ნურას უკაცრავად!“. იმდროინდელი უკრაინის პრეზიდენტი – საქართველოს დიდი მეგობარი და სააკაშვილის ნათელ-მირონი ვიქტორ იუშენკოა. რადას სპიკერი – უკრაინის ყველა დროის ნომერ პირველი ლიბერალი არსენი იაცენიუკია. ხოლო რაც შეეხება ვიქტორ იანუკოვიჩს, არ დაგვავიწყდეს – რომ მისი პირადი და მისი „რეგიონების პარტიის“ დიდი ღვაწლის დაფასების ნიშნად, მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის 6 ივლისს №627 განკარგულებით იგი სანადირო იარაღი Merkel 303E №78021-ით დაასაჩუქრა, ხოლო 2013 წლის 15 ოქტომბერს – „ბრწყინვალების ორდენი“ დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის? ამაში ქვემოთ მოყვანილი ფაქტები დაგარწმუნებთ, ამიტომ, გავაგრძელოთ…
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს – “რეგიონების პარტიის”, კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ (იულია ტიმოშენკოს ბლოკი) ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა – ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან – 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!))
იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო
უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს – ქვემოდან დააკაკუნეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიიღო „რეგიონების პარტიამ“ (140), კომუნისტურმა პარტიამ  – 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდეფერენტულები და გულგრილნი “მეგობარი” ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო – 196 ხმა (!!!)
ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ – 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 )
2009 წლის 9 მაისს, “მეგობარ” საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე – “მეგობარმა” უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით
უკრაინის მიერ „მეგობარი“ საქართველოსადმი ამ გაწეულ „დახმარებას“ – განვიხილავ 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ პირველივე 2 თვის განმავლობაში. ამიტომ, ვიქნები კორექტული და აბსოლუტურად სიმეტრიული და კიდევ ერთხელ მოვიშველიებ ანდრეი კასიანოვის სტატიის სახელწოდებას: „როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები“ – და ასევე, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან პირველივე 2 თვით შემოვიფარგლები. აი – რა მოასწრო საქართველომ იმავე პერიოდის განმავლობაში:
საქართველომ მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
საქართველომ გამოხატა სრული სოლიდარობა უკრაინისადმი და ეს დაადასტურა შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი მრავალი საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფო წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე უკრაინასთან დაკავშირებით საქართველო, გაერო-ში, ეუთოში და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიერთებულია აქვს დაახლოებით 200-მდე რეზოლუციას და განაცხადებას
2014 წლიდან საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმსა და სევასტოპოლზე
2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე
კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა
სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს
საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსპორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“
საქართველო იყო “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA76) რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ, 5 ქვეყანამ (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38 ქვეყანამ თავი შეიკავა
საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ
საქართველო იმ ქვეყნებს შორისა იყო, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს
საქართველოს გახდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მთავარი თანა-სპონსორი, რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ
მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის – საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობის მიხედვით
აი ეხლა კი, პატივცემულ პან ანდრია კასიანოვს ვურჩევდი საკუთარი სტატია, მისი სახელწოდების შეცვლის გარეშე (სახელწოდება მეც მომწონს) – ჩემებური შინაარსით გადაეკითხა, რაც უფრო პროდუქტიული და რაც მთავარია, ჭეშმარიტებასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იქნებოდა.