პოლიტიკასხვადასხვა

სი ძინპინმა და პუტინმა მოსკოვში ‘პაქს ამერიკანა’ დაკრძალეს

0

მოსკოვში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა მსოფლიო წესრიგის შეცვლის შესახებ განაცხადეს, რაც „100 წლის განმავლობაში არ მომხდარა“

ავტორი პეპე ესკობარი

ის, რაც რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ახალი იალტა, რომელიც, სხვათა შორის, ყირიმში მდებარეობს. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინისა, და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის, მნიშვნელოვანი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც 1945 წელს სსრკ-ის კონტროლირებულ ყირიმში გაიმართა, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში, როდესაც გლობალური დღის წესრიგის შემუშავებაში არც ერთი დასავლელი პოლიტიკური ლიდერი არ მონაწილეობდა.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამჟამად მრავალმხრივ, მრავალპოლარულ შოუს მართავენ. არაფერი შეცვლის ამ ეფექტურ სანახაობასა და ამ განვითარებადი მსოფლიო წესრიგის ძირითად არსს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთისთვის.
რის გაკეთებასაც სი და პუტინი აპირებენ, დაწვრილებით იყო განმარტებული ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების დაწერილ ორ სტატიაში, რომელიც სამიტამდე დაიბეჭდა. რუსული ბალეტის მსგავსად უაღრესად სინქრონიზირებული პუტინის ხედვა ჩინეთში გამომავალ გაზეთ People’s Daily-ში გამოქვეყნდა, რომელიც ფოკუსირებული იყო „მომავალ პარტნიორობაზე“, ხოლო სის ხედვა რუსულ გაზეთ Russian Gazette-სა და RIA Novosti-ს ვებგვერდზე დაიბეჭდა. სტატიაში მთავარი ყურადღება ეთმობოდა თანაშრომლობასა და საერთო განვითარებას.
სამიტის დაწყებისთანვე პუტინისა და სის გამოსვლებმა ნატოს ხელმძღვანელობა ბრაზითა და შურით აავსო.  ალიანსში ისტერიულად გაცოფდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, სრულყოფილად დააფიქსირა განწყობა, როდესაც აღნიშნა, რომ დასავლეთი „პირიდან ქაფს ასხამდა“.
ორშაბათს Russian Gazette-ის პირველი გვერდი სიმბოლური იყო: ნაცისტებისგან გათავისუფლებულ მარიუპოლში ჩასული პუტინი მოსახლეობას ესაუბრება. მოკლედ, ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს იყო მოსკოვის მკვეთრი პასუხი ვაშინგტონის MQ-9 Reaper-ის ტრიუკსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC.) უკანონო სისულელეებზე. რამდენიც გნებავთ იმდენი „ქაფი ასხით პირიდან; უკრაინაში ნატოს ბოლომდე ამცირებენ.
პირველი არაოფიციალური შეხვედრისას სიმ და პუტინმა ოთხნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეს. დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა ჩინელი კოლეგა ლიმუზინამდე პირადად მიაცილა. ეს საუბარი რეალური გარიგება იყო: რუკაზე მრავალპოლარულობის ხაზის გავლება, რაც უკრაინის საკითხის  გადაწყვეტით იწყება.
პუტინმა თავაზიანად განაცხადა, რომ პატივს სცემს პეკინის 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც ვაშინგტონმა აბსოლუტურად უგულებელყო. რუსეთის პოზიცია კვლავ მტკიცეა: დემილიტარიზაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დაფარული ახალი ფაქტები უკრაინაში.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრულიად გამორიცხა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის როლი უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ მომავალ მოლაპარაკებებში: ისინი ნეიტრალურ შუამავლებად არ ითვლებიან.

მრავალპოლარულობა

მეორე დღეს ყველა თემა ბიზნესს ეხებოდა: იქნებოდა ეს ენერგეტიკულ და „სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობა თუ ევრაზიის გავლით სავაჭრო და ეკონომიკური დერეფნების ეფექტურობის გაუმჯობესება.
რუსეთი ჩინეთს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. მოსკოვმა მიწოდების კუთხით თურქმენეთსა და ყატარსაც გადაუსწრო. ჩინეთი რუსული ბუნებრივი აირით ძირითადად 3000-კილომეტრიანი Power of Siberia-ს გაზსადენით მარაგდება, რომელიც ციმბირიდან ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰეილუნცზიანის  პროვინციამდე არის აშენებული. იგი 2019 წლის დეკემბერში ამოქმედდა. მონღოლეთის გავლით კიდევ ერთი მილსადენის, Power of Siberia II-ის, შესახებ მოლაპარაკებების პროცესი სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ.
ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა მაღალტექნოლოგიურ სფეროში გაგრძელდება: მაგიდაზე დევს 79 პროექტი, რომელთა ღირებულება 165 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. იქნება ეს თხევადი ბუნებრივი აირი (LNG), თვითმფრინავების წარმოება, მექანიკური ჩარხების წარმოება, კოსმოსური კვლევები, აგროინდუსტრია თუ ეკონომიკური დერეფნების მოდერნიზაცია.
ჩინეთის პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ სურს ახალი აბრეშუმის გზის პროექტები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) დაუკავშიროს. BRI-EAEU-ის ინტერპოლაცია ბუნებრივი ევოლუციაა. ჩინეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი. რუსი ეკონომისტის, სერგეი გლაზიევის, იდეები ნაყოფს იძლევა.
ჩინეთი და რუსეთი აზიელ, აფრიკელ თუ სამხრეთამერიკელ პარტნიორებთან ორმხრივი ვაჭრობის დროს ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტებში განახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ყველა პრაქტიკული მიზეზით მხარი დაუჭირა ჩინური იუანის როლს, როგორც ახალ სავაჭრო ვალუტას, კომპლექსური დისკუსიები ახალი სარეზერვო ვალუტის შესახებ, რომელსაც მხარს უმაგრებს ოქრო ან/და საქონელი, გრძელდება.
ჩინური დიპლომატია დახვეწილი მესიჯების მიწოდების თვალსაზრისით მატრიოშკასავით მუშაობს. შემთხვევითი არ არის, რომ სის მოსკოვში ვიზიტი ზუსტად ემთხვევა ამერიკული „შოკისა და შიშის“ 20 წლისთავს, როდესაც ვაშინგტონი ერაყში უკანონოდ შეიჭრა, დაიპყრო და გაანადგურა.
პარალელურად, სანამ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდოიდა, რუსეთის დედაქალაქს აფრიკიდან 40-ზე მეტი დელეგაცია ესტუმრა, რათა მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო კონფერენციაში „რუსეთი-აფრიკა მრავალპოლარულ სამყაროში“. ეს არის მოსამზადებელი ღონისძიება, რუსეთ-აფრიკის მეორე სამიტი მომავალი წლის ივლისში გაიმართება.
დუმას მიმდებარე ტერიტორია ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც „მიუმხრობლობის მოძრაობის (NAM) დროს, როდესაც აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირთან ძალიან მჭიდრო ანტიიმპერიალისტურ ურთიერთობას უჭერდა მხარს. პუტინმა ზუსტად ეს მომენტი შეარჩია, რათა აფრიკისთვის 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ვალი ჩამოეწერა.
დასავლეთ აზიაში რუსეთი და ჩინეთი სრულიად სინქრონულად მოქმედებენ. საუდის არაბეთისა და ირანის რეალური დაახლოება რუსეთმა ბაღდადსა და ომანში დაიწყო: სწორედ ამ მოლაპარაკებებმა დაუდო საფუძველი პეკინში გარიგების ხელმოწერას. მოსკოვი სირიასა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ გამართულ დისკუსიებსაც უწევს კოორდინაციას. რუსეთი ირანთან – ამჟამად სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსში – ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს.
დიპლომატიური წყაროები ადასტურებენ, რომ ჩინეთის დაზვერვა, საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით სრულიად დარწმუნდა, რომ პუტინი მთელ რუსეთში, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეჟიმის ცვლილება გამორიცხულია. სიმ და ‘ჩჟუნანჰაიმ’ (პარტიული და სახელმწიფო მაღალჩინოსნების მთავარი შტაბ-ბინა ჩინეთში) სწორედ ამიტომ დადეს „ფსონი“ პუტინზე, რომელიც უახლოეს წლებში სანდო პარტნიორი იქნება, რომელმაც შეიძლება მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს. ჩინეთის ყოველთვის თანმიმდევრულია.
ამგვარად, პუტინისა და სის შეხვედრამ საბოლოოდ დაუსვა ბეჭედი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველმხრივი, სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან და რომლებიც მზად არიან, რომ დასავლელ ჰეგემონებს სერიოზული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონკურენცია გაუწიონ. ეს არის ახალი სამყარო, რომელიც წინა კვირას მოსკოვში აღმოცენდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ პუტინმა ამას ახალი ანტიკოლონიალური პოლიტიკა უწოდა.

„ცვლილებები, რომელიც 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა“

წიგნში – Before European Hegemony: The World System A.D. 1250-1350 – ავტორმა ჯანეტ აბუ-ლოუდმა შემოგვთავაზა ნარატივი, რომელიც აჩვენებს გაბატონებულ მრავალპოლარულ წესრიგს, როდესაც დასავლეთი „‘ორიენტს’ ჩამორჩა“. მოგვიანებით დასავლეთმა მხოლოდ „იმიტომ გაუსწრო ‘ორიენტს’“, რომ მასში დროებით არეულობამ დაისადგურა.
შეიძლება მსგავსი ისტორიული ცვლილების მოწმენი გავხდეთ, რაც კონფუციანელობის აღორძინებამ (ავტორიტეტის პატივისცემა, ხაზგასმა სოციალურ ჰარმონიაზე), ტაოიზმისთვის დამახასიათებელმა წონასწორობამ და აღმოსავლური მართლმადიდებლობის სულიერმა ძალამ დაარღვია. ეს მართლაც ცივილიზაციური ბრძოლაა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს სევდიანად დაემშვიდობა:
სი: „დადგა ცვლილებების დრო, რომელიც 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა. როდესაც ერთად ვართ, ვუზრუნველყოფთ ამ ცვლილებების განხორციელებას.
პუტინი: „გეთანხმებით“.
სი: „თავს გაუფრთხილდი, ძვირფასო მეგობარო“.
პუტინი: „უსაფრთხო მოგზაურობას გისურვებთ“.
ამომავალი მზის ქვეყნიდან ევრაზიულ სტეპებამდე ახალი დღე თენდება.

წყარო: https://thecradle.co/article-view/22818/in-moscow-xi-and-putin-bury-pax-americana?fbclid=IwAR1dTQ3_LSE5baTP-1XyBSe4oOj1yCtFtdpMi8V8DJ3IXGRl4JiKPfYOpHE