ფოქს ნიუსი, რებეკა კოფლერი
რუსულ საზოგადოებაში გაჩენილი უთანხმოება, სავარაუდოდ, პუტინის წინააღმდეგ სახალხო აჯანყებაში არ გადაიზრდება.
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი უკვე ათი თვეა რაც მიმდინარეობს, თუმცა რომელიმე მხარის მიერ გამარჯვებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. დასავლელი მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ რუსული არმიის ცუდ შედეგებზე, შიდა პრობლემებსა და პუტინის ძალაუფლების სავარაუდო დასუსტებაზე. ეს ადამიანები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე პროცესები პუტინს ომის შეჩერებას აიძულებს. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ პუტინის რეჟიმი დღეებს ითვლის.
თუმცა დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს ვლადიმერ პუტინი მართვის სადავეებს ჩამოსცილდება, საუკეთესო შემთხვევაში, სურვილია და მეტი არაფერი. გაგაცნობთ სამ მიზეზს თუ რატომ ფიქრობენ ასე:
1. რუსეთში მდგომარეობა მართლაც გაუარესდა. უკრაინის ფრონტზე სამხედრო კონტიგენტის შესავსებად დაწყებული მობილიზაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოცხადდა, ათასობით მამაკაცს, რომლებიც სამხედრო ასაკას აკმაყოფილებენ, ქვეყნიდან გაქცევისკენ უბიძგებს. ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები უნიფორმებისა და საკვების არქონის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ, ასევე ჩივიან, რომ არც საკმარისი წვრთნები უტარდებათ. რუსეთის ქუჩებში ანტისაომარი აქციები იმართება, ადგილი აქვს დივერსიულ აქტებსაც. თუმცა ეს ყველაფერი რუსეთისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ისტორიულად, რუსები მთავრობის ზღვარგადასული და ძალადობრივი ქმედებებისადმი ტოლერანტულად არიან განწყობილი, მათ არც არაორგანიზებული პროცესები ადარდებთ. როდესაც საქმე რუსეთის მთავრობას ეხება, ყველაფერი უწესრიგოდ, აურზაურის თანხლებითა და შეფერხებით კეთდება. წლებია უკვე, რაც დეფიციტი რუსული ცხოვრების წესად იქცა, იგი განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში შეიმჩნევა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთში გაჩენილმა უთანხმოებამ იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს, რომ ადამიანებს მასობრივი აჯანყების დაწყებისკენ უბიძგოს. შიში კონკრეტული მოვლენის განმსაზღვრელი მამოძრავებელი ძალაა. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის მთავრობა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს სასტიკად უსწორდება, რაც, თავის მხრივ, საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. პოლიტიკურ ასპარეზზე არც ის გულწრფელი ადამიანები ჩანან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ჩაანაცვლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მარტის შემდეგ პუტინის რეიტინგი დაახლოებით 8 პროცენტით დაეცა, რუსების 75 პროცენტი მის პოლიტიკურ კურსს მაინც მხარს უჭერს, ხოლო 78,7 პროცენტი ნდობას უცხადებს. ეს გამოკითხვები რუსეთში ბაზირებულმა იმ სოციოლოგიურმა სააგენტოებმა ჩაატარეს, რომლებსაც დასავლელი ანალიტიკოსები ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევენ.
2. პუტინის უახლოეს წრეში გაჩენილი უთანხმოების შესახებ გავრცელებული ცნობები ან სიმართლეს არ შეესაბამება ან უბრალოდ გაზვიადებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საიდუმლო სამსახურმა მოახსენა, რომ პუტინის უახლოესი წრის წევრმა უკრაინაში მიღებული არასახარბიელო შედეგების გამო უშუალოდ პრეზიდენტი დაადანაშაულა. დასავლეთის დაზვერვამ ეს ინფორმაცია კრემლში დაწყებული არეულობის დამადასტურებელ ნიშანად მიიჩნია. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკულ დაზვერვას პუტინის უახლოეს გარემოცვაში შეეღწია და მისი ერთ-ერთი წევრისგან საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა.
პუტინის უახლოესი ვიწრო წრე მისი ყოფილი კოლეგებისა (KGB) და იმ მაღალჩინოსნებისგან შედგება, რომლებთანაც ამჟამინდელი პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში მუშაობდა. ეს ერთგული „აპარატჩიკები“ პუტინის ორბიტაზე იმაზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA), თანამშრომლობის სანაცვლოდ, კონკრეტულ წინადადებას შესთავაზებს. რისკები განუზომლად მაღალია. მაგალითად, თუ ვინმეს ჯაშუშობაში გამოიჭერენ, მაშინვე გაანადგურებენ. პუტინის უახლოესი წრის წევრები მუდმივი თვალთვალის ქვეშ არიან და მათ სიცოცხლეს სპეციალური სამსახურები იცავენ, მათ ურთიერთკავშირს კი ტექნიკური სამეთვალყურეო სისტემა – SORM – აკონტროლებს.
ომის მართვის პროცესს დაუფარავად ორი ადამიანი აკრიტიკებს. ინტერნეტის კვლევის სააგენტოს დონორი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც პუტინის პირად შეიარაღებულ რაზმს, „ვაგნერის დაჯგუფებას“, ხელმძღვანელობს და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი კრიტიკა უშუალოდ რუს სამხედროებს ეხება, რადგან ბრძოლის ველზე საკმარისი სისასტიკით არ გამოირევიან. ეს ადამიანები პუტინის უახლოესი მოკავშირეები არიან და მის წინააღმდეგ არასოდეს წავლენ, თუმცა რომც წასულიყვნენ, ეს უკრაინას კარგს არაფერს მოუტანდა.
3. სახელმწიფო გადატრიალების ალბათობა დაბალია. პუტინს ამ ომის შედეგები არ გაუაზრებია. იგი ტიპური რუსი ავტორიტარი მმართველია. საბრძოლო მოქმედებების სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, პუტინის ბრძანებით გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა. სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელმაც უკრაინის მოსახლეობის 80 პროცენტი გათბობის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვა, ე.წ. სტრატეგიული ოპერაციის შედეგია, რაც მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად. ასე იბრძვის რუსეთი. იგი არც მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებას და არც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან არიდებას ცდილობს. მაგალითად, სტალინმა ბრძოლის დაწყებამდე სტალინგრადიდან განზრახ არ გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, რადგან მიაჩნდა, რომ „ჯარისკაცები ცოცხალი ქალაქისთვის უფრო აქტიურად იბრძოლებდნენ, ვიდრე მკვდარი ქალაქისთვის“. პუტინი და მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეები ამ საკითხში ერთსულოვანი არიან.
2016 წელს პუტინმა თავისი რეჟიმის დასაცავად სპეციალური დანაყოფი, ეროვნული გვარდია ან როსგვარდია, ჩამოაყალიბა. როსგვარდიას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა ევალება. ეს დანაყოფი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურებში ნამუშევარი ელიტური ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული, რუსეთის სახელმწიფოს დასაცავად ფეესბესთანაც თანამშრომლობს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როსგვარდიამ სასტიკად დაარბია არაერთი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, დააპატიმრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციის წევრებსა თუ სამოქალაქო აქტივისტებს.
პუტინმა როსგვარდიის ხელმძღვანელად უახლოესი მოკავშირე და KGB-ის ყოფილი თანამშრომელი, თავისი მეგობარი, ვიქტორ ზოლოტოვი დანიშნა. ზოლოტოვმა საბჭოთა უშიშროებაში მუშაობა 1970-იანი წლებში დაიწყო, თავდაპირველად პირადი მცველის ფუნქციებს ასრულებდა. 1990-იანი წლების დასაწყისში იგი სანქტ-პეტერბურგის იმჟამინდელი მერის, ანატოლი სობჩაკის, პრეზიდენტ ბორის ელცინისა და, რა თქმა უნდა, თავად პუტინის პირად მცველად მსახურობდა, რომელიც მაშინ სობჩაკის მოადგილე გახლდათ. ზოლოტოვი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, პრეზიდენტის პირად უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
დასავლელი ანალიტიკოსები რუსეთსა და პუტინის რეჟიმზე დასკვნებს დასავლურ აზროვნებაზე დაყრდნობით აკეთებენ. სადაზვერვო სფეროში მას „სარკისებრ გამოსახულებას“ უწოდებენ. თუმცა პუტინი, მისი უახლოესი თანაშემწეები და რუსები არც ამერიკელებივით ფიქრობენ და არც მათსავით იქცევიან.