პოლიტიკასხვადასხვა

პრაღაში მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე მთავრობის გადადგომა და ჩეხეთის NATO-დან გასვლა მოითხოვეს

0

ავტორი რობერტ სემენსენი, 20 აპრილი, 2023 წ.

მზარდი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რამდენიმე დღის წინ პრაღაში ვაცლავის მოედანზე შეკრებილი ათასობით ჩეხი, ქვეყნის ხუთპარტიული კოალიციური მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ბევრი მათგანი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოდან გამოსვლის მოწოდებითაც გამოდიოდა.
ახალი არასაპარლამენტო პარტიის (PRO) ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართა, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი.
დემონსტრანტებს, რომელთა უმეტესობა პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას უკრაინის მიმართ მეტისმეტ მზრუნველობაში ადანაშაულებს, იმ დროს, როცა ჩეხების მოთხოვნილებებს უგულებელყოფს, ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით – „მოშორდი ნატო“, „არა ომს“ და „მატყუარა მთავრობა და მედია“.
„აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჩეხეთის რესპუბლიკას. გვინდა, რომ არაძალადობითი სამოქალაქო პროტესტით ფიალას ხუთკოალიციური  მთავრობა დავამხოთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ზემოხსენებული პარტიის ხელმძღვანელმა, იურისტმა ინდრიხ რაიხლმა.
რაიხლმა, რომელიც აქციის მთავარი ორგანიზატორი იყო,  ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოხოვას მისი მილიტარისტული პოზიციის გამო „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდი რისკი“ უწოდა. რაიხალმა უარყო პრეტენზიები, რომ ის და მისი პარტია პრორუსები არიან.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რენატა ურბანოვამ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფიალას მთავრობა „სავსეა ომის გამჩაღებლებით“. იგი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ მთავრობის პოლიტიკა „ზიანს აყენებს ჩეხებს, ხოლო ენერგომატარებლები და საკვები ძალიან გაძვირდა“.
ომის დაწყების შემდეგ ფიალას მთავრობა კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა ჩეხეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ, რომელიც უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, ლტოლვილების დიდი რაოდენობა მიიღო, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩეხეთის რესპუბლიკამ დროებით 400 ათასი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. 10,5 მილიონიანმა ჩეხეთმა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ქვეყანაში ინფლაციის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემდეგი მაჩვენებლები –  17,5%, 16,7% და 15% – დაფიქსირდა.

წყარო: https://is.gd/uIwmzv