პოლიტიკასხვადასხვა

პოლონეთში მაროკოს ელჩს მემარცხენე პოლონელი სენატორების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

0

პოლონურმა კონსერვატიულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა, ‘გაზეტა პოლსკამ’, პოლონეთში მაროკოს ელჩის, აბდერაჰიმ ათმუნის, საქმიანობის გამოძიება მოითხოვა. ჟურნალის ინფორმაციით, მაროკოელი დიპლომატი, რომელიც პოლონეთში მაროკოს ელჩის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, უკანონოდ ‘ამუშავებდა’ პოლონელ მემარცხენე სენატორებს, რათა ამ უკანასკნელებს დასავლეთი საჰარას ტერიტორია მაროკოს ნაწილად ეღიარებინათ.

ამ საქმიანობის შედეგად პოლონეთისა და მაროკოს ერთობლივი კომისია შეიქმნა, რომელსაც სენატორი იოანა სეკულა ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი წლების განმავლობაში დასავლეთი საჰარას კონფლიქტთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას აფიქსირებდა, სეკულამ ოფიციალურ წერილში მაროკოს დაუჭირა მხარი.

სენატორის უახლოესი თანამოაზრე პოლონეთში მცხოვრები მაროკოელია. იგი ხელმძღვანელობს ერთ ასოციაციას, რომლის შტაბ-ბინაც ცარიელ საწყობში, სილეზიის მხარეში, ქალაქ კატოვიცეს გარეუბანში, მდებარეობს. პოლონელმა ჟურნალისტ-გამომძიებელმა, პიოტარ ნიშტორმა, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს (ABW) ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ხელისუფლებამ ყველა ის სენატორი უნდა დაკითხოს, ვინც მაროკოს ელჩთან კონტაქტობდა.

ნიშტორის თქმით, სკანდალი არა მხოლოდ კორუფციას, არამედ ჯაშუშობასაც უკავშირდება. პოლონელ ჟურნალისტს ის ფაქტი აშფოთებს, რომ მაროკოელი დიპლომატი, რომელიც ვარშავაში საქმიანობს, როგორც ჩანს, ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის მთავარი მოქმედი პირია.
‘გაზეტა პოლსკას’ ჟურნალისტის თქმით, რომელიც ბელგიელი გამომძიებლების განცხადებას ეყრდნობა, ელჩი ევროპარლამენტარების მოსაქრთამად მაროკოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. ეს ევროპარლამენტარები იმ კომისიის წევრები არიან, რომელიც ‘პეგასუსის’ სათვალთვალო სისტემას სწავლობს.

სავარაუდოდ, მაროკო ევროპელი ლიდერების, მაგალითად პრეზიდენტ მაკრონის, შეტყობინებების გასაშიფრად და სათვალთავლოდ ‘პეგასუსის’ პროგრამას იყენებდა. ბელგიელი გამომძიებლების განცხადებით, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა კატარისა და მაროკოსგან ქრთამი აიღო, რათა მათი ინტერესები წინა პლანზე წამოეწიათ.

წყარო: https://is.gd/zxIo5z