ქალაქ კრაკოვის სასამართლომ IKEA-ს დაავალა სამსახურში აღადგინოს ის თანამშრომელი, რომელმაც კომპანიის შიდა ფორუმზე ლგბტ თემი გააკრიტიკა და ბიბლიიდან ციტატა მოიყვანა. სასამართლომ დაადგინა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო და კომპანიას სასამართლო საქმის ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.
ეს სამართლებრივი დავა 2019 წელს დაიწყო, როდესაც IKEA-მ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის შესახებ პოზიტიური სტატია გამოაქვეყნა. შიდა ფორუმზე კომპანიის თანამშრომელმა, იანუშ კომენდამ, ჰომოსექსუალიზმისა და სხვადასხვა სახის გადახრების მოწონებასა და ხელშეწყობას ამორალური უწოდა და თავისი სიტყვები ბიბლიის პასაჟებით გაამყარა, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა უხამსობად და ამორალურად არის მიჩნეული.
იანუშ კომენდა ანტისაზოგადოებრივი ქცევისა და დამსაქმებლის ნდობის დაკარგვის გამო ოფიციალურად დაითხოვეს სამსახურიდან. თუმცა პოლონური იურიდიული ინსტიტუტის, ‘ორდო იურის’ (Ordo Iuris), იურისტები ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში იგი კათოლიკური მრწამსის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს. კომენდას ყოველთვის დადებითად ახასიათებდნენ, დააწინაურეს, ხელფასიც გაუზარდეს. შესაბამისად, დამსაქმებელს მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველი არ ჰქონდა.
Ordo Iuris-ში განაცხადეს, რომ IKEA-მ თავისი გადაწყვეტილებით დაარღვია პოლონეთის კონსტიტუცია, რომელიც რელიგიური მრწამსისა და რწმენის გამოხატვის უფლებას უზრუნველყოფს. კომპანიის გადაწყვეტილებით ასევე დაირღვა პოლონეთში მიღებული შრომის კანონები, რომლებიც მრწამსისა და რწმენის საფუძველზე კრძალავს ადამიანის დისკრიმინაციას, ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც რელიგიური შეხედულებების გამოხატვის უფლებას იცავს.
დეკემბრის დასაწყისში კრაკოვის კიდევ ერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა აპელაცია ცალკე სასამართლო განაჩენზე, რომელმაც შეწყვიტა იმ HR მენეჯერის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დევნა, რომელმაც კომენდა სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცემა.
Ordo Iuris-ის განცხადებით, დამსაქმებლის მიერ კომენდას წინააღმდეგ მიმართული მოქმედება სამუშაო ადგილზე ქრისტიანების დისკრიმინაციაზე მიუთითებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თანამშრომელი იძულებული იყო სხვების იდეოლოგია მიეღო, ხოლო მისი აზრის გამოხატვის უფლება კი უგულებელყვეს.
წყარო: https://is.gd/WUjOL7