ამ დანაშაულს არასოდეს დავივიწყებთ…
13 ივლისი, 2023 წ.
80 წლის წინ ვოლინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა არა მხოლოდ ჰოლოკოსტის მსგავსი გენოციდი იყო, არამედ განსაკუთრებით შემზარავი ფაქტი გახლდათ, როდესაც უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონელები ცულებითა და ჯაჭვის ხერხებით დახოცეს და ცოცხლად დაწვეს, − ამის შესახებ ორი დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„ეს ისეთი სისასტიკე იყო, რომ მას საშინელი გენოციდი უნდა ეწოდოს“, − განუცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა სასტიკად მოკლულ პოლონელთა ხსოვნის აღსანიშნავად შეკრებილ ადამიანებს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, ეს სასაკლაო მეზობლებს უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოუწყვეს. ეს დანაშაული სიძულვილმა განაპირობა და არა სახელმწიფო სტრუქტურებმა.
მორავიეცკიმ პირობა დადო, რომ ეს დანაშაული არასოდეს მიეცემა დავიწყებას.
„პოლონელები ვერ მოვისვენებთ, ვიდრე ყველა მსხვერპლის ნეშტს არ მოვიძიებთ და უკვდავყოფთ. პოლონელები და უკრაინელები ბოლომდე ვერ შერიგდებიან, სანამ ყველა ნეშტის იდენტიფიკაცია არ მოხდება და პატივს არ მივაგებთ“, − აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
11 ივლისი „სისხლიანი კვირის“ სახელით არის ცნობილი. 1943 წლის 11 ივლისს უკრაინელი ნაციონალისტები 150 პოლონურ სოფელსა და დაბას კოორდინირებულად დაესხნენ თავს.
ამ თავდასხმის უკან ნაციონალისტური მოძრაობა იდგა, რომელსაც სტეპან ბანდერა ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელს უკრაინელები ეროვნულ გმირად მიიჩნევენ, რადგან საბჭოთა კავშირს ებრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომისას ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ.
https://rmx.news/poland/wwii-massacre-of-poles-in-volhynia-was-a-crime-of-genocide-says-polish-pm/