პოლიტიკასხვადასხვა

პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ასაკის მქონე მამაკაცების ქვეყანაში დასაბრუნებლად

0

ვარშავა, 24 აპრილი (Reuters) – პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას სამხედრო ასაკის, მამრობითი სქესის მოქალაქეების უკან, ქვეყანაში დასაბრუნებლად, რათა მათ იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად, – განაცხადა ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

უკრაინის მთავრობამ ოთხშაბათს გამოაცხადა წესები, რომლის თანახმად, სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით და არა უცხოურ დიპლომატიურ მისიებში.
შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები 18-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცები ვერ შეძლებენ ვადაგასული პასპორტების განახლებას ან ახლის აღებას.

პოლონეთმა წარსულში უკვე შესთავაზა დახმარება უკრაინას, რათა ისინი, ვინც სამხედრო სამსახურს ექვემდებარებიან, საკუთარი სამოქალაქო ვალდებულების შესასრულებლად ქვეყანაში დაბრუნდნენ, – განუცხადა კოსინიაკ-კამიშმა ტელევიზიას Polsat News.
„ვფიქრობ, ბევრი პოლონელი აღშფოთებულია იმით, როდესაც ხედავენ ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს სასტუმროებსა და კაფეებში და ამავდროულად ესმით, რამდენი ძალისხმევა გვჭირდება ჩვენ, უკრაინის დასახმარებლად“, – თქვა მან იმ დეტალების დაზუსტების გარეშე, როგორ აპირებს პოლონეთი დახმარების გაწევას.
ევროსტატის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით,  დაახლოებით 4,3 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყნებში, მათგან 860 000 კი ზრდასრული მამაკაცია. პოლონეთმა დროებითი დაცვის სტატუსი მიანიჭა 950 000 უკრაინელს. ამ მხრივ, იგი, გერმანიის შემდეგ, სიდიდით მეორე ქვეყანაა.

„ყველანაირი მხარდაჭერა შესაძლებელია“, – თქვა კოსინიაკ-კამიშმა იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებდა პოლონეთი კიევის თხოვნას, თუ იგი იმ მამაკაცების უკან დაბრუნებას მოითხოვდა, რომელთაც პოლონეთში დარჩენის უფლება ვადაგასული პასპორტის გამო ამოეწურათ.

წყარო: Poland ready to help Ukraine to get military-age men back, minister says | Reuters