პოლიტიკასხვადასხვა

პოლონეთი ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს: „ჩვენ შევასრულეთ მოთხოვნები და დავიმსახურეთ თანხები,“ აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი

0

ევროკავშირის პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები პოლონეთს ფინანსური წნეხის ქვეშ აქცევენ. ნუთუ ეს წნეხი არასოდეს დასრულდება ქვეყნისთვის?

პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირთან დათმობებზე აღარ წავა იმისათვის, რომ ევროკავშირის ათობით მილიარდიანი დაფინანსება მიიღოს ბოლოსდაბოლოს და ამტკიცებს, რომ პოლონეთმა ყველა ვალდებულება შეასრულა და ბრიუსელს მათი ვალი აქვს.

პოლონეთმა ევროკომისიის მიერ აღდგენის თანხების გადახდისთვის დადგენილი ყველა პირობა შეასრულა“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. მან დასძინა, რომ „აღარ აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელის რომელიმე კომენტარს უპასუხოს.”

ბრიუსელი, თავის მხრივ, პოლონეთს დაფინანსების 110 მილიარდ ევრომდე კატასტროფული შემცირებით დაემუქრა; ეს შეაფერხებს პოლონეთის ეკონომიკას, რომელიც ისედაც დაზარალდა გლობალური ეკონომიკური პრობლემების, ინფლაციისა და უკრაინიდან ლტოლვილთა კრიზისის გამო.

კონსერვატიული პარტიის ყოველკვირეულ ჟურნალ Sieci-სთვის მიცემულ ინტერვიუში დუდამ აღიარა, რომ მისი რწმენით, „მეორე მხარის“ მოლოდინების დაკმაყოფილების მცდელობა არანაირ შედეგს გამოიღებს. „ვფიქრობ, პოლონეთის მხრიდან კეთილი ნება მრავალჯერ გამოვლინდა,” – თქვა მან.

და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოქმედებს ჯგუფი პოლონეთიდან, რომელიც პოლონეთის ძირითადი სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანო პოლიტიკას ატარებს და კმაყოფილია, როდესაც ბრიუსელი პოლონეთს ზიანს აყენებს“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან ასევე ახსენა მემარცხენე ლიბერალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც „ევროკომისიის წევრები არიან და რომლებსაც პოლონეთში მმართველი პარტიის ნებისმიერ ფასად შეცვლა სურთ.

პოლონეთის ხელისუფლების ბოლო განცხადებების თანახმად, პოლონეთს ჯერ კიდევ არ გაუგზავნია აღდგენის თანხების გადახდის მოთხოვნა ბრიუსელში. იმავდროულად, საჯარო სივრცეში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომისიამ დაადასტურა, რომ ვარშავამ აღნიშნული თანხების პირველი ტრანშის გადასახდელად აუცილებელი 20 ეტაპიდან 15 შეასრულა.

პოლონეთის აღდგენის ეროვნული ფონდი მოიცავს 24 მილიარდ ევროს გრანტებში და 11,5 მილიარდ ევროს სესხებში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ტიპის დაფინანსებაა, რომელიც პოლონეთმა ბრიუსელისგან უნდა მიიღოს. ივნისში ევროკომისიამ საბოლოოდ დაადასტურა პოლონეთის გეგმა, თუმცა თანხების გადახდა ე.წ. ეტაპების შესრულებაზე დამოკიდებული გახადა. პოლონეთის შემთხვევაში, ეს ეტაპები ძირითადად სასამართლო სისტემას ეხება. ბრიუსელი არ აღიარებს, რომ პოლონეთმა თავისი ვალდებულებები შეასრულა, ამიტომ ეროვნული აღდგენის ფონდში თანხები კვლავ გაყინულია.