ძალიან ბევრი პარამეტრით, უკრაინის ეს ომი იმდენად უჩვეულო და ფენომენალურია, რომ აქამდე ნანახს არაფერს გავს. იგი პოსტ-ჰუმანიზმის კარიბჭესთან ცივილიზაციის საბედისწერო მიახლოების დამადასტურებელია, ამიტომ, უპრიანია „პოსტ-ომი“ვუწოდოთ. ეს რომ ნამდვილად ასეა და საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ, არამედ სწორედაც პოსტ-ომთან, მკაფიოდ ჩანს ჰუმანისტური ეპოქის ერთ-ერთი უკანანსკნელი გერმანელი ფილოსოფოსის, 93 წლის იურგენ ჰაბერმასის მიერ დასავლური ცივილიზაციის წინაშე მდგარი ფუნდამენტური დილემის ამ ფორმულირებიდან – „ჰაბერმასის დილემა“ ასე საბედისწეროდ გამოიყურება: „დასავლეთმა ან უნდა დაუშვას უკრაინის დამარცხება, ანდა ეს ლოკალური სამხედრო კონფლიქტი გადააქციოს ბირთვული არმაგედონის მომასწავებელ მსოფლიო ომად“.
ეს უკვე პოსტ-ჰუმანისტური დილემაა, რადგან ტრადიციულ, ჰუმანისტურ დასავლურ ცივილიზაციაში მას – ამოხსნა არა აქვს, ფუნდამენტურად გადაუწყვეტელია. მართლაც, თუ დასავლეთი დათმობს უკრაინას და დაუშვებს მის დესუვერენიზაციას, მაშინ ვესტფალიის ზავის შემდეგ დამყარებული ჰუმანისტური საერთაშორისო წესრიგი, რაც ერი-სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელშეუხებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობის ურღვევობის იმპერატიულობაზე – საერთაშორისო სამართლის ამ კვაკუთხედზე დგას, დაინგრევა. ხოლო უკრაინის დაცვა ომში რუსეთის დამარცხებას უნდა ნიშნავდეს, რაც მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის დილემას უტოლდება, ვინაიდან ბირთვული სახელმწიფოს კონვენციური ომით „კლასიკური“ დამარცხება, ბირთვული სახელმწიფოს კაპიტულირება – წარმოუდგენელია.
ჰაბერმასის საპასუხოდ ის არგუმენტი, რომ იგივე დილემა იდგა დასავლეთის წინაშე „ცივი ომის“ დროსაც, თუნდაც მაშინ, როცა სსრკ შეიჭრა ავღანეთში, სრულიად განსხვავებული ისტორიული კონტექსტის გამო არ გამოდგება. უკრაინა ავღანეთი არ არის, ის ცალსახად და უყოყმანოდ ცხადდება დასავლეთის ნაწილად, „დასავლურ დემოკრატიად“ და როგორც ბაიდენმა განაცხადა ამ ომის დასაწყისში – აშშ და მაშასადამე, მთელი დასავლეთიც მონაწილეობს (!) ამ დიდ ომში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის; ცხადია, ვინაიდან ამ ომში უკრაინა დასავლური იდენტობის ნაწილად განიხილება, მისი მარცხი, როგორც ეს დასავლელი ლიდერების მიერ არაერთგზის იქნა ხაზგასმული, დასავლეთის კატასტროფა იქნება. უკრაინა ნატოს წევრი არ გახადეს, რითაც რუსეთის სამიზნედ აქციეს, მაგრამ, დასავლეთმამაინც არ უნდა დაუშვას უკრაინის მარცხი. ხოლო პოსტ-ჰუმანისტური ეს დილემა იმდენადაა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად შესაძლოა არა მხოლოდ უკრაინის არამედ მთელი დედამიწის გაწირვაც საჭირო გახდეს. გამარჯვებაში გადასახდელი ფასი – დამარცხებაზე ბევრად უარესი აღმოჩნდეს.
აქ ხაზგასასმელია, რომ ზუსტად იგივე შინაარსის დილემა დგას ამ პოსტ-ომში რუსეთის წინაშეც: უკრაინა რუსული იდენტობის ნაწილად განიხილება და შესაბამისად, მისი დათმობა – რუსეთის კატასტროფად. ჰაბერმასის პოსტ-ჰუმანისტური დილემა რუსეთისთვისაც ძალაშია: დამარცხება კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ გამარჯვებაში გადასახდელი ფასი დამარცხებაზე უარესია და შესაძლოა, არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ რუსეთისაგან და მთელი სამყაროსგანაც კი, ქვა-ქვაზე აღარც დარჩეს.
მსოფლიო მხოლოდ რუსეთი და დასავლეთი არ არის. ცხადია, ჩინეთიცაა, ინდოეთიც, ირანიც, აფრიკის კონტინენტიც, არაბული სამყაროც, ისრაელიც, სამხრეთ ამერიკაც და ა.შ. მაგრამ ყველა აცნობიერებს, რომ „ჰაბერმასის დილემა“ ზოგადსაკაცობრიოა – სასწორზე დგას ჰუმანისტური ეპოქის კონვენციური წესრიგი, რამაც ვესტფალიის, ვერსალისა და პოტსდამის გზა გამოიარა, დღემდე მოაღწია და ახლა ძირფესვიანდ ინგრევა, ვინაიდან ამ სასწორის მეორე მხარეს – კაცობრიობის ყოფნა-არყოფნაა.
ამდენად, ვინაიდან ეს პოსტ-ომი მთელი დედამიწის ბედისწერას განსაზღვრავს და როგორც აქამდე ორი მსოფლიო ომი, მთელი დედამიწის გადასანაწილებლად, მეტიც – თითქოსდა მსოფლიო წესრიგის გადასარჩენდ ანდ ახლის შესაქმნელდ წარმოებს, ბუნებრივია – ეს „პირველი მსოფლიო პოსტ-ომია“ და სწორედ ასე უნდა მოვიხსენიოთ.
ნიშანდობლივია: „პირველი მსოფლიო პოსტ-ომის მდგოამარეობაში“, რაც „ჰაბერმასის დილემით“ მკაფიოდ გამოიხატა, კაცობრიობა ერთბაშად და რუსეთის 24 თებერვლის ბარბაროსული აგრესიის აქტით არ აღმოჩენილა. რასაკვირველია, როგორც ყველა მოვლენას ამასაც ჰქონდა თავისი პრე-ისტორია და მეტიც: ლიბერალიზმის ძლევამოსილი წინსვლა „ისტორიის დასასრულისათვის“ უკვე შეიცავდა საკუთარ თავში ამ საბედისწერო პოსტ-ჰუმანისტურ დილემას. დიახ, როცა „ცივი ომის“ დასრულებით აღტაცებული ფუკუიამა ეიფორიულად წერდა თავის „ისტორიის დასასრულს“, მას ალბათ წარმოდგენაც არა ჰქონდა, რომ ამით არა მხოლოდ ლიბერალიზმს, არამედ მთელს ჰუმანისტურ ეპოქასაც, რაც განმამანთლებლობიდან მომდინარეობს, განაჩენი გამოუტანა. სწორედ ეს, ლიბერალური სრბოლა „ისტორიის დასრულებისათვის“ ეს, „ლიბერალური მესიანიზმი“ გახდა მთელს მსოფლიოზე „ჰიბრიდული ლაშქრობის“ მთავარი დევიზი და ამან წარმოშვა კიდეც არა მხოლოდ ომების, არამედ მშვიდობის და საერთოდაც რეალობის „ჰიბრიდიზაცია“. ახლა შეიძლება ესეც ვთქვათ: რეალობის ჰიბრიდიზაციის უკვე კლასიკად ქცეულ ნიმუშს წარმოადგენდა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება: თან კატეგორიული ჰო და თან კატეგორიული არაც. ისევე, როგორც მანამდე კოსოვოს აღიარება, იმის დატქმით, რომ ეს „პრეცენდენტი“ არ არისო. აბა მაშ რა არის – ანუ რაც არის, ის არ არის? და ჯერ კიდევ მაშინ დავდექით პოსტ-ჰუმანიზმის კარიბჭესთან, როცა „კონვენციური მშვიდობა“ კაცობრიობის უკანასკნელი არგუმენტის ბირთვული აპოკალიფსის შიშითღა ზღვარდადებულმა ჰიბრიდული ომების, რაც „ცხელი“„კონვენციური ომების“ და „ცივი“ თუ ნელთბილი ფაზების „უჟამო ჟამმა“ უნდა შეცვალოს. კატეგორიული ჰო, რაც კატეგორიული არაცაა, რაც არის და იმავდროულად არც არის, იმავე წელს საქართველოზე რუსული აგრესიით გამოიხატა, ანუ გლობალური „ჰიბრიდული ომის“ ცხელი ფაზა დაუყოვნებლივ დადგა, თუმცა მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით გაცივდა, რაც, ბუნებრივია, არამც და არამც ზავს არ წარმოადგენდა, არამედ გაციებული ომის მდგომარეობას, რაც რუსეთთნ საქართველოს დღემდე აქვს: ეს არც ომია და არც მშვიდობა, არამედ რაღაც სხვა. ეს „პირველი მსოფლიო პოსტ-ომიც“ ჰიბრიდიზაციის ერთ-ერთი „ცხელი“ ფაზაა, რომელიც მოსაზღვრე და ჰიბრიდულ სახელმწიფოში – უკრაინაში დაუნდობელი სამხედრო კონფლიქტის სახით მიმდინარეობს. ხოლო არსებითად, მთელი დედამიწა ლიბერალების პასუხისმგებლობით თუ უპასუხისმგებლობით (მკითხველმა განსაჯოს) „ისტორიის დასასრულებლად“ გაჩაღებულ გააფთრებულ ჰიბრიდულ ომშია, რაც იმავდროულად ჰიბრიდული მშვიდობაცაა და ფაქტების საპირისპირო აღქმებით დადგენილი მრავალსახოვანი ჰიბრიდული რეალობაც. რეალობის ჰიბრიდიზაცია, ანუ ერთი რეალობის ურთიერდაპირისპირებულ „ინტერ-სუბიექტურ რეალობებად“ (იუვალ ნოა ჰარარის ტერმინია და პოსტ-ფუკუიამურად ლიბერალური შინაარსი აქვს) ფრაგმენტაცია – ეს უკვე პოსტ-ჰუმანისტური ყოფიერებაა. რასაც ალტერნატივად -ბირთვული არამაგედონი აქვს, ე.ი. – არარა და სხვა, არც არაფერი.
ძნელი წარმოსადგენიც კია, რამდენად საბედისწეროა ჰაბერმასის დილემა, რადგან იგი იმას გამოსავლად, თუკი არარას არ ვესწრაფით და არმაგედონი არა გვსურს, პერმანენტულ ჰიბრიდულ ომსღა ტოვებს. ეს დილემა, რომლის გადაწყვეტა პრინციპულად შეუძლებელია, მსოფლიოს დღის წესრიგში მუდამ უნდა იგულისხმებოდეს, თუმცა არც არასდროს გადაიჭრას. ჰიბრიდული ომიც, განსაზღვრების ძალით, სწორედაც ეს არის – არც მშვიდობაა, მაგრამ არც მთალად ომია; ავისმომასწავებელი გადასვლაა პოსტ-ჰუმანიზმში, რადგან კლასიკური, ჰუმანისტური გაგება ომისა, რაც იგივე კლაუზევიცს აქვს მარტივად გასაგები ფორმულით ჩამოყალიბებული – „ომი პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელებაა“ ყირაზე დგება: პოსტ-ჰუმანიზმში უკვე პირიქითაა – პოლიტიკაა უწყვეტი პოსტ-ომის სხვა, ლეგალური თუ ნახევრად ლეგალური საშუალებებით გაგრძელება. ომი ძალმომრეობაა და მშვიდობიანი პოლიტიკისგან ამითი განსხვავდებოდა ჰუმანისტურ ეპოქაში, რაც დასრულდა. აწ უკვე პოლიტიკაა ძალმომრეობა, რომელსაც ცხელი, ცივი და ნელთბილი ფაზები ახასიატებს და ეს უკვე პოსტ-ჰუმანიზმია. მივიღეთ მდგომარეობა და ეს „პირველი მსოფლიო პოსტ-ომი“ თავისი „ცხელი“ ფაზით სწორედ ეს მდგომარეობაა, როცა მთელს მსოფლიოში „კონვენციური მშვიდობა“ ვეღარ განირჩევა „პერმანენტული ჰიბრიდული ომისგან“, რაც „ცხელ“ ფაზებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოიცავს და შეიძლება განუსაზღვრელად დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ბირთვული სახელმწიფოს „კლასიკური“ დამარცხება – მისი კაპიტულაცია კონვენციურ ომში – წარმოუდგენელია. ხოლო უკრაინის დამარცხება – კატეგორიულად დაუშვებელი.
ამგვარ ჰიბრიდულობაში, „ჰო-არას“ ამ ტურბულენტობაში შეიძლება დღის წესრიგიდან საერთოდაც მოიხსნას მთავარი შეკითხვა – ვინ გაიმარჯვებს ამ პოსტ-ომში. უარესიც: შეიძლება პასუხგაუცემელი გახდეს უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაც – შექმნის თუ არა ეს მსოფლიო პოსტ-ომი საერთშაორისო სამართლისა და მასზე დაფუძნებული რაიმე კონვენციური წესრიგის აღდგენისა ან ახლის დამყარების რაიმე პირობებს. რისი შანსიც, სამწუხაროდ, დიდი არ არის, არამედ პირიქით: უფრო მეტია ალბათობა, რომ კაცობრიობა საბოლოოდ გადავა პოსტ-ჰუმანისტური ველურობის შავბნელ პერიოდში, რასთან შედარებითაც სხვა, მაგ. „ბნელი შუა საუკუნეები“ შეიძლება მონაგონიც იყოს.
პოსტ-ჰუმანისტური ველურობის, რის ზღურბლთანაც ამ პოსტ-ომის დაშვების ფაქტის გამო, უკვე ვდგევართ, მკაფიოდ სადემონსტრაციოდ ამერიკელ ცნობილ ავტორს – უილიამ ლინდს, რომელიც მე-4 თაობის ომებს იკვლევს და კონსერვტიული შეხედულებებით გამოირჩევა, მოუხმოთ.
უილიამ ლინდმა სხვა თანაავტორთან ერთად, უაღრესად ნიშანდობლივი ფსევდონიმით – ტომას ჰობსი (!), ჯერ კიდევ 2014 წელს (როცა რუსეთმა გამოაცხადა ჰიბრიდული ომების, ე.ი. გერასიმოვის სამხედრო დოქტრინა და ყირიმის ანექსიაც ამ დოქტრინის შესაბამისად განახორციელა) გამოაქვეყნა უკვე მხატვრული ნაწარმოებიც მე-4 თაობის ომზე, როგორც ანტი-უტოპია: Hobbes T. Victoria. A novel of 4th generation war. Kouvola, 2014. (ტ. ჰობსი. „ვიქტორია. მე-4 თაობის ომის რომანი“). ეს ნაწარმოები იწყება სიტყვებით: „იყო თუ არა აშშ-ს დაშლა ნაწილებად გარდაუვალი?“ და მოგვითხრობს, თუ როგორ დაიშალა სულ რაღაც 40 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი, მსოფლიო კონვენციური წერიგის ციტადელი აშშ ნაწილებად, მაშინ, როცა რომის იმპერია მთელი სამი საუკუნის განმავლობაში იღუპებოდა; წიგნში აღწერილია, თუ 2068 წელს როგორ მიმდინარეობს მე-4 თაობის ომი სხვადასხვა ნაწილებად დაშლილ ყოფილი აშშ-ს ტერიტორიაზე; წიგნში არის ასეთი აბზაცი:
„ახლა გასაოცარია, რა მკაფიოდაა ისტორიაში გამოყოფილი ამერიკული ასწლეული – პერიოდი 1865- დან 1965 წლამდე; მე-20 საუკუნის ისტორიკოსი შელბი ფუთი აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო ომმა ჩვენ შეგვქმნა, როგორც ერთი ერი. სამოქალაქო ომის დასასრულს 1865-ში ყოფიერების აღმნიშვნელი ზმნა მხოლობით რიცხვშია: „შეერთებული შტატები წარმოადგენს“. მაგრამ 1965-ის შემდგომ ჩვენ განუწყვეტლივ ვნაწევრდებით, ერთი და იგივე სიჩქარით ვიშლებით სხვადასხვა ნაწილებად: თეთრებად, შავებად, ესპანურენოვანებად, ფემინისტებად, სექსისტებად, გეებად, მსხვერპლებად, მჩაგვრელებად, ალბინოსებად, ცაციებად, პირში მყრალ სუნიანებად და სხვა და სხვა… ჰომესუქსუალები ამბობენ, დუმილი – ეს სიკვდილია, ბუნება პასუხობს, რომ მრავალფეროვნება – ეს ომია. ახლა ჩვენ ველურად, წესების გარეშე – ვომობთ.“
ლინდი თავის კონსერვატიულ ანტი-უტოპიაში მიიჩნევს, რომ მე-4 თაობის ომი უკიდურესად მრავალფეროვანი იდენტობებისთვის სასტიკი ომი იქნება. ველური ომი „ყველასი ყველას წინააღმდეგ“, რასაც ჰობსი წერდა თავის „ლევიათანში“. ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საუკუნეა, ტექნოლოგიური ეპოქაა, გაველურდებიან, დაკარგავენ რა საერთო ცივილურ იდენტობას და გამოგონილი იდენტობების დასაცავად უმოწყალოდ დაერევიან ერთმანეთს. მიზეზი ორია და ორივე პარადოქსული:
1. ინფორმაციულად მჭიდროდ დაკავშირებული მსოფლიო უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ექსპონენტურად გაზრდის განსხვავებებს იდეებსა და იდენტობებს შორის. ეს მოხდება მიუხედავად საწინააღმდეგო გულუბრყვილო მოლოდინებისა, რომ ინტერნეტი დაგვაახლოვებს. ტექნიკურად ერთიანი, მაგრამ კრიტიკულად მრავალგვაროვანი სინფორმაციო გარემო მოსახლეობის უკიდურესობამდე ფრაგმენტაციას განაპირობებს და გამოიწვევს რეალობის უსასრულოდ მრავალფეროვან აღქმას, დაანგრევს მოვლენათა საერთო, საყოველთაოდ აღიარებულ და ნათელ რაკურსს, რაც საერთაშორისო თუ შიდა ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად გასაგებ სახეს ქმნიდა.
2. ინფორმაცია არ არის ცოდნა. მსოფლიო წალეკილია ჭარბი ინფორმაციით, მაგრამ არა ცოდნით. ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ინკლუზიურია, მოსახმარად საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ ცოდნა – ექსკლუზიურია, ხოლო ინფორმაციის მასობრივი მოხმარება ცოდნის გარეშე – გონივრულობას პერიფერიაზე განდევნის. ჭარბი ინფორმაცია ავტორიტეტებს გააუფასურებს, ჩახერგავს გზას ცოდნისა და . კეთილგონივრულობისაკენ; მეტისმეტად ინფორმირებული კაცობრიობა მასობრივად სულ უფრო მეტად უვიცი და უგუნური გახდება…
როგორც იგივე უილიამ ლინდი მოსწრებულად აღნიშნავს: „რა ხდება იმის შესახებ ჩვენ მასობრივად გვეცოდინება სულ უფრო ცოტა და ცოტა, მაგრამ ინტერნეტი და კომპიუტერი ამ მასობრივ უვიცობასა და უგუნურობას სულ უფრო მეტად და სწრაფად გავრცელებენ.“ ასე რომ, ველურობის მორევში მეტად და მეტად ჩავიძირებით და ეს მოხდება ყველგან, მათ შორის – საქართველოშიც, თუკი პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ველურობის, ე.ი. მასობრივი უვიცობისა და ცივილური იდენტობის ნგრევის როგორმე შეჩერება!
…მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ „ჰაბერმასის დილემა“ საქართველოსათვის მისი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ჩვენი ცივილური იდენტობისათვის საპირისპირო შინაარსით ითარგმნება. დიახ, რაღა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის დამარცხება, საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინისა, მაგრამ საქართველო არ არის მზად და არც არასდროს იქნება, რუსეთის დასამარცხებლად გადაიხადოს ის ფასი, რისი გადახდაც – შეუძლებელია, თუმცა გვთხოვენ. როგორც ვხედავთ, საქართველო ვეღარ დაეყრდნობა „კონვენციურ წესრიგს“, ვეღარ იქნება კონვენციური საერთაშორისო სამართლის, რაც ინგრევა, იმედად. საუბედუროდ, თუკი პოსტ-ჰუმანისტური ტენდენცია არ შეჩერდა, რისი შანსიც – მინიმალურია, ერთადერთი დასაყრდენი რაც საქართველოს, და არა მხოლოდ, არამედ ნებისმიერ ერი-სახელმწიფოს, ვისაც ცივილური იდენტობის შენარჩუნება სურს და არა პოსტ-ჰუმანისტური ველურობა, გააჩნია – მისი სჯულია! „სჯული“ ქართულად სამართალს+სამართლიანობას, სამართლის იდეას, რაც ზეგარდმოა და უპირატესი, ვიდრე თუნდაც კონვენციური სამართალია, ერქვა.
დროა ეს ნორმალური განწყობა, რაც ამ სიტყვით – „სჯული!“ გამოიხატება, ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ და სწორედაც სჯულის, რაც დღეს უწინარესად – კონსტიტუციურობას ნიშნავს, გარშემო გავერთიანდეთ. კონსტიტუცურობა, ანუ სჯული გვავალდებულებს მშვიდობიანობას, საერთაშორისოდ მშვიდობისა და არა მტრების ძიებას. დიახ – ომი ჩვენი სუვერენული უფლებაა და წმიდათა წმიდა მოვალეობაც არის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ომი! კარგი იქნება, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თავადაც გაიხსენებენ საკუთრ დამფუძნებელ მამათა დანატოვარ ამ ანდერძს: „შეერთებული შტატები არ გადის საკუთარი საზღვრებიდან, რათა მსოფლიოში ეძიოს მოსტრები მათ გასანადგურებლად. არამედ, უსურვებს რა ყველას თავისუფლებასა და კეთილდღეობას, იომებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად“ (ჯონ კვინსი ადამსი). აი, ამ ანდერძის ერთგული ამერიკაა სჯულისმიერად ჩვენი სტრატეგიული პარტნირი და არა ლიბერალიზმის ძლევამოსილებისათვის მონსტრებზე მონადირე ამერიკა, რომელმაც მთელი მსოფლიო „ჰაბერმასის დილემის“ წინაშე დააყენა.
თუ შევინახავთ სჯულს, სჯული შეგვინახავს ჩვენ! ესაა მთავარი დასკვნა, რაც ამ „პირველი მსოფლიო პოსტ-ომიდან“ საქართველომ უნდა გამოიტანოს და რაც საბედისწერო დილემებს თავიდან აგვარიდებს. უთუოდ უნდა გამოიტანოს, გამოაქვს და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ გამოიტანს კიდეც!