პოლიტიკასხვადასხვა

„პირდაპირ მოსკოვზე!“ – NATO-ს წევრი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ომის დასრულების შემდეგ რუსების ხელახალი აღზრდის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბირთვული ომი ნერვიულობად არ ღირს

0

კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზობთ გამოცემა “The American Conservative-ის მთავარი რედაქტორის, როდ დრეჰერის მომზადებულ სტატიას.
მოკლედ გეტყვით: მიმაჩნია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო. მიმაჩნია, რომ რუსეთმა ეს ქვეყანა უნდა დატოვოს. ვფიქრობ, უკრაინამ რომ უარი თქვას რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, დონბასსა და ყირიმზე და მშვიდობის სანაცვლოდ  ფინეთიზაციას დათანხმდეს – მშვიდობა, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება რაღაც უფრო დიდზე იყოს დამოკიდებული, ვიდრე რუსეთის სიტყვაზე – მისაღები ფასი იქნება ამ ომის დასასრულებლად. რა თქმა უნდა, უკრაინელები, რომლებსაც სურთ, რომ რუსებმა მათი ქვეყანა დატოვონ, ამას არ დათანხმდებიან, თუმცა ეს რეალობაა. ჩვენ შესაძლებელი უნდა ავირჩიოთ და არა იდეალური. ფაქტი ერთია, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო უარესი იქნება უკრაინისთვის და ომის გაფართოების საფრთხეც კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.
პირველი, ჩემი ყურადღება ‘ტვიტერზე’ (Twitter) გამოქვეყნებულმა რამდენიმე არაჩვეულებრივმა კომენტარმა მიიპყრო, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, გააკეთა. ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ლიდერების პასუხისგებაში მისაცემად ნიურნბერგის სასამართლო პროცესის გამართვის, ასევე ომის შემდგომ რუსეთში “დეპუტინიზაციის” პროგრამის განხორციელებისა და რუსების ხელახალი აღზრდის შესახებ საუბრობს, რათა მათ თავიანთი ქვეყნის ჩადენილი დანაშაულებების შესახებ შეიტყონ. მისი თქმით, ხანგრძლივ მშვიდობას მხოლოდ რუსების ხელახალი აღზრდა და შეცვლა უზრუნველყოფს.
ეს სიგიჟეა. ხვდებით ხომ? რა ჯანდაბა ემართებათ ადამიანებს ასე რომ იქცევიან? თქვენ მთლიანად უნდა დაიპყროთ ქვეყანა. კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ ტოტალური ომის დაწყების მოწოდებით გამოდის. თუ ამას არ გულისხმობს, მაშინ რა აქვს მხედველობაში? მისი აზრით, რუსეთთან ბირთვული ომი საშიში არ არის. კალასმა ისიც განაცხადა, რომ „უბრალოდ არ შეიძლება“, რომ ბირთვული ქვეყნები „კანონს მაღლა იდგნენ“. მართალია: დაუშვებელია, რომ ბირთვულ ქვეყანას ყველაფრის გაკეთების უფლება ჰქონდეს, რაც მოესურვება და პასუხი არ აგოს. ამიტომ დასავლეთი ისე უნდა მოიქცეს, თითქოს რუსებს ღილაკზე თითის დაჭერით დასავლეთის ყველა ქალაქის ფერფლად ქცევის უნარი არ შესწევთ.
ეს სიგიჟეა. ხვდებით ხომ? რა თქმა უნდა, ბირთვული სახელმწიფოები კანონზე მაღლა დგანან. ასე არ უნდა იყოს, თუმცა ასეა. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი და სხვა ბირთვული სახელმწიფოები არასოდეს შეურიგდებიან ტოტალურ მარცხსა და ოკუპაციას იმგვარად, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ თავისი მოქალაქეების ხელახალი აღზრდის პასუხისმგებლობა იკისროს, რადგან მათ ბირთვული იარაღი აქვთ და ნებისმიერ პოტენციურ დამპყრობელს ძალიან დიდ ფასს გადაახდევინებენ. თქვენი აზრით, რატომ არის ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღი ასეთი მნიშვნელოვანი? მათ დაინახეს თუ რა დაემართა ლიბიასა და ერაყს. მხოლოდ სულელი ვერ გაიგებს თუ როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი. ჰიტლერს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა არც ნიურნბერგის სასამართლო პროცესები გაიმართებოდა და არც დენაციფიკაციის კამპანია დაიწყებოდა. სავარაუდოდ, აღარც ევროპა იარსებებდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამი ძალიან საშიშია. ყველას გვესმის ან უნდა გვესმოდეს თუ რატომ ეშინიათ და ეზიზღებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსები.  და მაინც, წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ რუსი და გესმით, რომ ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი დასავლური სტანდარტებით თქვენ ხელახალ აღზრდას ითხოვს და ხვდებით, რომ ამას თქვენს ქვეყანაში შემოჭრით, დამარცხებით და ოკუპაციით განახორციელებენ. რას იფიქრებდით? კალასის სიტყვები პუტინისა და მისი პროპაგანდისტებისთვის მირთმეული ძვირფასი საჩუქარია. ესტონეთის პრემიერის სიტყვები ცხადყოფს, რომ რუსები ნამდვილად თავის გადასარჩენად იბრძვიან.
კალასის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალიც მოიძებნება. მოდით, ნათელი მოვფინოთ. რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა ემიგრანტმა მეგობარმა ერთ-ერთი რუსული ტელევიზიის სიუჟეტი მაჩვენა, რომელშიც ვიხილე, რომ მთელ რუსეთში სტალინის ქანდაკებებს ისევ დგამენ. მან ამიხსნა (ეს რუსმა მეგობარმაც დაადასტურა), რომ პუტინის მთავრობა ყველაზე მეტად რუსული ძალისადმი თაყვანისცემის კულტის აღდგენას ცდილობს. ასე აპირებს იგი ძალაუფლების შენარჩუნებას. ვეთანხმები კალასის იმ განცხადებას, რომ რუსეთის შიდა პროპაგანდამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მშვიდობას.
რაშია გამოსავალი?  ჩვენ არ უნდა შევასრულოთ ის, რისკენაც კალასი მოგვიწოდებს. ტოტალურ ომს რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაასრულებდა და დასავლეთს, სანამ დანებებას მოასწრებდა, ძირფესვიანად გაანადგურებდა (ამერიკელებიც იგივეს გავაკეთებდით მსგავსი საფრთხის წინაშე რომ აღმოვჩნილიყავით, ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ამაში ეჭვი). კალასი გაუაზრებელ შენიშვნებს გამოთქვამს. ყურადღება მიაქციეთ, რომ აუდიტორია სრულიად გულგრილი შეხვდა მის ნთქვამს და არავის უცდია, რომ კალასს მისივე მოწოდებების შედეგები გაეაზრებინა. საით მიგვაქანებენ ჩვენი ლიდერები?
როგორც ჩანს, კალასი ვერ აცნობიერებს, რომ იგი ელიტურ კლასს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად დემოკრატიულ უნგრეთში ვცხოვრობ, რომელიც ევროპის ‘გამორჩეულ და პატივცემულ ადამიანებს’ თვალში არ მოსდით, რადგან ბუდაპეშტში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიდა საქმეები უნგრელი ხალხის რჩეულთა განსახილველია და არა ბრიუსელის. უნგრელებს არ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ბავშვები და არასრულწლოვნები მედიისა და აუდიტორიის განხილვის საგანი გახდებიან და თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ეჭვქვეშ დააყენებენ. შეიძლება ამასთან დაკავშირებით უნგრელები ცდებიან – ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ არგუმენტისთვის ვთქვათ, რომ ასეა – თუმცა მიმაჩნია, რომ მათ შეცდომის დაშვების სუვერენული უფლებაც აქვთ. თუ ჰოლანდიელებს სურთ, რომ თავიანთი ბავშვები სხვა საგანმანათლებლო მოდელით აღზარდონ, მშვენიერია- დაე, ჰოლანდიელები ჰოლანდიელებად დარჩნენ, უნგრელები კი უნგრელებად.
თუმცა ევროკავშირსა და ვაშინგტონში სხვაგვარად ესმით ეს საკითხები. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბუდაპეშტს USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა ფაუერი ეწვია, რათა ფერადი რევოლუციონერებისთვის ნებისმიერი ფორმით მხადაჭერა გამოეცხადებინა, რასაც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დახმარების საფარველით ახორციელებენ. ფარსია ეს ყველაფერი. საინტერესო იქნებოდა კალასის პასუხი: გათავისუფლდებიან თუ არა რუსები და აღდგება თუ არა ევროპაში მშვიდობა მაშინ, როცა რუს სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მაშას ორი დედა ჰყავს?
ცოტა ვიხუმრე, რადგან რუსი რომ ვყოფილიყავი და თუნდაც პუტინისა და ამ ომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მქონოდა, არ ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანაში დასავლური ღირებულებები გაბატონებულიყო. მსგავსი კომენტარები, რომელიც კალასმა გააკეთაა, მხოლოდ ომის გაგრძელებას უწყობს ხელს, რადგან მოსკოვი საკუთარ ხალხს ეტყვის, რომ თუ უკრაინაში რუსეთი არ გაიმარჯვებს, დასავლეთი ქვეყანაში შემოიჭრება და მათი მიწების, გულებისა და გონების დაპყრობას შეეცდება.
სანამ ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ, გირჩევთ გაეცნოთ სტივენ კოტკინთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი რუსეთ-უკრაინის ომსა და მისი დასრულების პერსპექტივებს განიხილავს. პრინსტონის უნივერსიტეტში რუსეთის კვლევის განყოფილების დირექტორი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, თუმცა რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს. ამონარიდები:
გასულ წელს, ომის საწყის ეტაპზე, ‘ტვიტერზე’ მითხარით, რომ უკრაინა იმარჯვებდა, თუმცა ბრძოლის ველზე გამარჯვების პინა რუსეთისკენ იხრებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ისევ ასეა?
სამწუხაროდ. მოდით, სახლზე ვისაუბროთ. ვთქვათ, გაქვთ ათოთახიანი სახლი. ვთქვათ, შევიჭერი ამ სახლში, ორი ოთახი დავიკავე და მათი დანგრევა დავიწყე. ამ ორი ოთახიდან ვანგრევ დანარჩენ რვა ოთახს, თქვენ კი ჩემს მოგერიებას ცდილობთ. ორი ოთახიდან ჩემს გამოსახლებას ცდილობთ. ხან ერთი კუთხიდან მაგდებთ, ხან მეორედან. თუმცა მე ისევ იქ ვარ და ისევ ვანგრევ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თქვენს სახლს ითხოვთ, იმ სახლს, რომელშიც ცხოვრობთ. ეს თქვენი სახლია და სხვა არ გინდათ. მე  სხვა სახლი მაქვს  და ჩემს მეორე სახლს ათასი ოთახი აქვს. ასე რომ, თუ თქვენს სახლს დავანგრევ ვინ დარჩება მოგებული თქვენ თუ მე?
სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით. უკრაინელები იგერიებენ რუსეთს, რომელიც მათი ქვეყანის დაპყრობას ცდილობს. უკრაინელებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიცვეს და რუსები ზოგიერთი ტერიტორიიდან გააძევეს, რომელიც ოკუპანტებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩაიგდეს ხელში. უკრაინელებმა დაპყრობილი ტერიტორიების  დაახლოებით ნახევარი დაიბრუნეს. მათ თავიანთი სახლი უნდათ, რუსები კი უნგრევენ. პუტინის სტრატეგია შეიძლება ასე დავახასიათოთ: „არ შეიძლება რომ ეს მქონდეს? მაშინ არავის არ უნდა ჰქონდეს!“ სამწუხაროდ, სწორედ ამაში მდგომარეობს ტრაგედიის არსი.
მინდა აღვნიშნო, რომ სამი კვირის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. როდესაც ამის შესახებ განვაცხადე, ამან დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია. უკრაინელებმა უნგრეთის ელჩი გამოიძახეს, რათა საყვედური ეთქვათ. თუმცა ეს სიმართლე იყო, როცა ორბანმა თქვა, ეს სიმართლე იყო, როცა კოტკინმა თქვა. დიახ, ეს სიმართლეა, წერტილი. რუსებს არ შეუძლიათ უკრაინის დაპყრობა, თუმცა შეუძლიათ და მას ავღანეთად გადააქცევენ. ახლა კვლავ კოტკინს მოვუსმინოთ:
ასე რომ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. აი, როგორია მათეული გამარჯვების დეფინიცია. დაიბრუნო ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, მოითხოვო რეპარაციები და ომის დანაშაულებების  გამოსაძიებლად შექმნა ტრიბუნალები. ასე რომ, როგორ დაადგენდა უკრაინა გამარჯვების დეფინიციას? მათ მოსკოვი უნდა აეღოთ. სხვაგვარად როგორ მოითხოვ რეპარაციებს და შექმნი ომის დანაშაულებების გამოსაძიებლად ტრიბუნალებს? ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაბრუნებასთან ახლოს არ არიან რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მიზნებზე.
თუ გამარჯვების ამერიკულ დეფინიციას შეხედავთ, ძალიან ვყოყმანობთ. ბაიდენის ადმინისტრაცია ერთობ თავშეკავებულია: „უკრაინა იბრძვის, უკრაინელები კვდებიან – მათი გადასაწყვეტია“. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეფექტურად განსაზღვრა ამერიკული გამარჯვება: უკრაინა არ წააგებს ამ ომს. რუსეთს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება და ოკუპაცია, ვერ გააქრობს უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერს.
თუმცა რის ნახვას ისურვებდნენ ბაიდენი, შეერთებული შტატების დაზვერვა და ამერიკელი სამხედროები დამოკიდებულების ცვლილების თვალსაზრისით, თუ ეს ასეა?
უკრაინის მიმართ დახმარების ტემპს ნელ-ნელა ვზრდით. თავდაპირველად ვამბობდით, „ოჰ, არა, ამას არ ვაგზავნით“. შემდეგ ვაგზავნით ხოლმე. „ოჰ, არა, ‘ჰაიმარსებს’ – საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსი – არ ვაგზავნით“, შემდეგ გავუგზავნეთ. „ოჰ, არა, ტანკებს არ ვაგზავნით“, თუმცა ტანკებს ვაგზავნით. ასე რომ, საკმარისი დახმარება აღმოვუჩინეთ, რათა ომი არ წააგონ, ბრძოლის ველზე ცოტა მაინც შეცვალონ ვითარება, დაიბრუნონ ცოტა მეტი ტერიტორია და მოლაპარაკებების დროს უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
აი, გამარჯვების უკეთესი დეფინიცია. უკრაინელებმა შიდა ტირანიის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა. რატომ? იმიტომ, რომ მათ ევროპაში შესვლა სურდათ. ახლაც იგივე მიზანი ამოძრავებთ. და ეს უნდა იყოს გამარჯვების დეფინიცია: უკრაინა შედის ევროკავშირში. თუ უკრაინა თავის ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, ეს გამარჯვება იქნება? ახლა ასე ვთქვათ: თუ უკრაინა იმდენ ტერიტორიას დაიბრუნებს, რამდენის დაბრუნების შესაძლებლობაც ექნება, საუბარი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, და შემდეგ ევროკავშირის წევრი გახდება – იქნებოდა ეს გამარჯვების დეფინიცია? რა თქმა უნდა, იქნებოდა.
თქვენ ამბობთ, მაგრამ დათანხმდებიან კი უკრაინის ხელმძღვანელობა და უკრაინელი ხალხი მოვლენების ამგვარ განვითარებას: შევიდნენ ევროკავშირში, თუმცა დონბასი და ყირიმი რუსებს დარჩათ?
კეთილი, თქვენ ამას დათანხმდებით ან არ დათანხმდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ განაგრძობთ ბრძოლას. თუ ბრძოლას განაგრძობთ, თქვენი ქვეყანა, თქვენი ხალხი ისევ დაიღუპება, თქვენი ინფრასტრუქტურა ისევ განადგურდება. თქვენს სკოლებს, საავადმყოფოებს, კულტურულ არტეფაქტებს დაბომბავენ ან მოიპარავენ. თქვენი შვილები დაობლდებიან. სწორედ აქ ვართ ახლა. მესმის, რომ მათ ყველა თავისი ტერიტორიის დაბრუნება სურთ. მაგრამ, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინელებს ბრძოლით ყველა ტერიტორიის დაბრუნება არ შეუძლიათ. რა ხდება შემდეგ? ომი გაჭიანურდა, ხოლო გაჭიანურებული ომი გამარჯვების ერთადერთი საწინდარია. თქვენ იარაღის წარმოებას ზრდით, მტერს კი პირიქით, უნადგურებთ. არ ვგულისხმობ ბრძოლის ველზე იარაღის განადგურებას, არამედ ვგულისხმობ მეტი იარაღის წარმოებისა და მომარაგების შესაძლებლობას. გაჭიანურებულ ომში წარმოება უნდა გაზარდოთ, მტერს კი გაუნადგუროთ.
მეტი რეალიზმი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეეძლო პუტინს:
თუმცა იგი ფიქრობდა, რომ შეძლებდა კიევის აღებასა და ზელენსკის დაპატიმრებას ან მოკვლას. გეგმის თანახმად,  ეს  დღეების ან კვირების საკითხი იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას – დასავლეთის მთავრობებისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მას ნათლად განუმარტეს თუ რა სახის შურისძიება  დაატყდებოდა თავს.
დიახ, მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი პოლიტიკაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა, თუმცა არის ერთი პრობლემა. მას შესაძლებლობები აქვს. ბირთვული იარაღის გარდა სხვა ბევრი შესაძლებლობა აქვს. მას შეეძლო, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით კიევის წყალმომარაგების სისტემა მოეწამლა. მას შეეძლო ლონდონის წყალმომარაგების სისტემის მოწამვლა, შემდეგ კი უარყოფდა და იტყოდა, რომ ამას მისი საიდუმლო აგენტები აკეთებენ. მას შეეძლო წყალქვეშა სადენების გადაჭრა, შედეგად ამ რადიო გადაცემას ვერ ჩავატარებდით. მას შეუძლია ააფეთქოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირითა და სხვა ენერგომატარებლებით ამარაგებს. მის განკარგულებაშია წყალქვეშა ნავები, წყალქვეშა ფლოტი, შეუძლია სპეციალური ოპერაციების ჩატარება. მის სპეცრაზმელებს შეუძლიათ ოკეანის ფსკერზე ჩასვლა, სადაც ეს მილსადენები გადის.
რა შეაკავებს მას?
ჩვენ არ ვიცით. თქვენ გვითხარით. როდესაც ვინმეს ამის შესაძლებლობები აქვს, ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ უნდა თქვათ: „ოჰ, იცით, სიგიჟეს ჩაიდენდა თუ ამას გააკეთებდა. ეს აბსოლუტური თვითგანადგურება იქნებოდა. რომელი იდიოტი მოიქცეოდა ასე?“ პასუხი შემდეგია: „კეთილი, მაგრამ თუ ასე მოიქცეოდა?
უნდა გვაშფოთებდეს ესკალაცია. თავიდანვე ვემხრობოდი იმ იდეას, რომ უკრაინელებისთვის რაც შეიძლება უფრო სწრაფად მიგვეწოდებინა უფრო მეტი იარაღი. მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსეთის შესაძლებლობები მაფიქრებს.
წყარო: