პოლიტიკასხვადასხვა

პენტაგონიდან გაჟონილი დოკუმენტები, უკრაინის ომთან მიმართებით შეერთებული შტატების პოლიტიკის, განსაკუთრებით კი მისი დაწესებული შორსმიმავალი სანქციების არაეფექტურობაზე მიუთითებენ

0

28 აპრილი, 2023 წ.
გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტები: სანქციების მიუხედავად, რუსეთს, სულ მცირე, კიდევ ერთი წელი შეუძლია უკრაინის ომის დაფინანსება
პენტაგონიდან გაჟონილი დოკუმენტები, უკრაინის ომთან მიმართებით შეერთებული შტატების პოლიტიკის, განსაკუთრებით კი მისი დაწესებული შორსმიმავალი სანქციების არაეფექტურობაზე მიუთითებენ, რომლებიც, როგორც ბაიდენის პოლიტიკის განმსაზღვრელები იმედოვნებდნენ, რუსულ სამხედრო მანქანას დაასუსტებდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) შესწავლილი საიდუმლო შეფასებები ცხადყოფენ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთი, სულ მცირე, კიდევ ერთი წელი შეძლებდა თავისი სამხედრო მოქმედებების დაფინანსებას. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ან დასავლეთისგან იზოლაციამ მოსკოვი ვერ შეაჩერა.
„მოსკოვი ეყრდნობა გაზრდილ კორპორაციულ გადასახადებს, სუვერენულ მდიდარ რეზერვს, გაზრდილ იმპორტსა და ბიზნესის შემგუებლობას, რათა ეკონომიკური ზეწოლა შეარბილოს“, – ნათქვამია ერთ-ერთ შეფასებაში. „პოსტის“ თანახმად, დოკუმენტებზე დატანილი ნიშნები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საიდუმლოდ მოიპოვეს.
„პოსტი“ ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან კონტექსტზე: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური ელიტების ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება არ ეთანხმებოდეს უკრაინაში გატარებულ ქვეყნის კურსს და შეიძლება სანქციებმა მათი ბიზნესი დააზარალა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მხარდაჭერაზე უარი განაცხადონ. როგორც ჩანს, ეს შეფასება მარტის დასაწყისით თარიღდება“.
დოკუმენტის თანახმად, ეს ელიტები „სავარაუდოდ, უკრაინაში კრემლის მიზნების დაცვას გააგრძელებენ“ და „მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარებიან“, – ნათქვამია შეფასებაში, რომელმაც დღის სინათლე იხილა.
ვაშინგტონში ფიქრობდნენ, რომ სანქციებით რუსეთის მოსახლეობაზე ეკონომიკურ ზეწოლას განახორციელებდნენ, რასაც შეიძლება არეულობები და დესტაბილიზაცია გამოეწვია. ეს კი კრემლის მესვეურებს კურსის შეცვლასა და სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმას აიძულებდა. თუმცა ვაშინგტონის ვარაუდები არ გამართლდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა დამცინავად განაცხადა, რომ რუსული ვალუტა „ნანგრევებად“ იქცეოდა. რა თქმა უნდა, ამ განცხადებიდან ერთ თვეში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის რუბლი აშშ დოლართან მიმართებით კონფლიქტამდე არსებულ კურსს დაუბრუნდა.
აზიაში ახალი ბაზრების გახსნამ და გაფართობამ ნავთობის გაყიდვები გაზარდა. მიღებულმა შემოსავლებმა რუსეთს სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დახმარება გაუწია.
წყარო: https://is.gd/lKH1zQ