პენტაგონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საეჭვო ჩინური ჯაშუშური აეროსტატი ჩამოაგდო, ჩინეთში აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და მის ჩინელ კოლეგას, ვეი ფენხეს შორის უსაფრთხო სატელეფონო ზართან დაკავშირებულ თხოვნაზე უარი თქვეს.
პეკინში განაცხადეს, რომ აეროსტატი კურსიდან აცდენილი „სამოქალაქო დირიჟაბლი“ იყო, რომელსაც მეტეოროლოგიური და სხვა სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ, მისი ჩამოდგების გადაწყვეტილება კი „გადაჭარბებული რეაქცია“ იყო. ორშაბათს, ჩინეთმა პეკინში აშშ-ის საელჩოში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
აშშ-ში უგულებელყოფენ ჩინეთის ახსნა-განმარტებებს და აცხადებენ, რომ აეროსტატი, რომელიც კონტინენტურ შეერთებულ შტატებში გადაადგილდებოდა, სტრატეგიულ ადგილებს ზვერავდა. ამ ფაქტს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შაბათს, F-22 Raptor-მა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით მოქმედებდა, აეროსტატი რაკეტით ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ჩამოაგდო.
„გვჯერა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელოვნების, რათა ურთიერთობა პასუხისმგებლობით წარიმართოს. კომუნიკაცია ჩვენს სამხედროებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ მომენტებში“, – განაცხადა სამშაბათს პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა, პეტ რაიდერმა.
„სამწუხაროდ, ჩსრ-მ უკუაგდო ჩვენი მოთხოვნა. ჩვენი ვალდებულება, რომელიც კომუნიკაციის ხაზების გახსნას უკავშირდება, შენარჩუნდება“.
აგვისტოში, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ჩინეთმა მთელ რიგ სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში, შეერთებულ შტატებთან დიალოგი შეაჩერა.
წყარო: https://is.gd/rMHjNm