დავით ქართველიშვილი
„აგენტოკრატების“ მიერ მართულ სახელმწიფოში არავის უნდა გაუკვირდეს ხელისუფლებაში „ორმაგი დანიშნულების“ აგენტების არსებობა. ამის მკაფიო მაგალითი იყო – საქართველო, სადაც ჯერ ქვეყნის სადავეებში, ხოლო შემდგომ ე.წ. „ოპოზიციაში“ ვიხილეთ ის ძალები, რომლებიც კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახურისა“ არ იყოს, წლების განმავლობაში ბალანსირებდნენ პირადი მატერიალური პირობების უკანონოდ გუმჯობესებასა და ქვეყნის ღალატს შორის. დღეს კი იგივე ადამიანები ერთმანეთს ასწრებენ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისადმი მიკუთვნილობის დაბრალებაში. მსგავსი ვითარებაა დღეს უკრაინაშიც. მიუხედევად იმისა, რომ მის სახელისუფლებო ეშელონებში მდგომარეობას დღეს ძირითადად CIA და MI-6 აკონტროლებს – რუსეთის ФСБ-ს ხვედრითი წილი ამ „აგენტოკრატიულ“ ველზე არ უნდა იქნას დაკნინებული.
ამ თემაზე ვწერდი ზუსტად ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ომამდე, როდესაც 2022 წლის იანვარში ინტერნეტში გაჩნდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, გენერალ ვასილ ბურბას ვრცელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში გაჩნდა “თხუნელა”, რომელიც მუშაობს მოსკოვზე და რომ ეს ადამიანი – ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკია, ФСБ-ს აგენტი მეტსახელად “ტიმოფეევი”. ამ ინფორმაციის არც დადასტურება და არც უარყოფა არანაირად არ შედის ჩემს მიზნებში. და მით უმეტეს – ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. მაგრამ, ფაქტი ერთია – უკრაინის სახელისუფლებო კარზე „თხუნელებზე“ ნადირობის სეზონი გახსნილად არის გამოცხადებული. მე მოგიყვებით მხოლოდ ერთ კონკრეტულ ისტორიაზე, სადაც შესაძლოა სწორედ ეს პოტენციური „თხუნელები“ ფიგურირებენ ამა თუ იმ ხარისხში.
ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, ანუ დაახლოვებით ერთი წლის წინ – კიევში აგორდა სკანდალი თემაზე, რომელიც აქამდე არაერთგზის იბლოკებოდა „ვერხოვნაია რადას“ დონეზე (საუბარი ეხებოდა იარაღის ლეგალიზაციის კანონის მიღებას). ოფიციალურად, ამ პროცესის უკან წლების განმავლობაში იდგა „უკრაინის იარაღის მფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი უჩაიკინი, რომლის ქვეყანაში იარაღის ლეგალიზაციის კანონის მიღების აქამდე არაერთმა მცდელობამ – კრახი განიცადა.
ამ პროცესს ძირითადი მოწინააღმდეგე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის სახით ჰყავდა. როგორც ჩანს – 2022 წლის დასაწყისისთვის, ეს წინაღობა გადალახული იქნა. გარდა ამისა, ამ კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა – ვალერი ზალუჟნიმ. გიორგი უჩაიკინს რადაში აღნიშნული კანონპროექტის გაყვანაში კი მხარი დაუჭირა ფრაქცია „გოლოს“-ის დეპუტატმა ანდრეი შარასკინმა. საუბარი მიდიოდა ამ კანონის შინაარსის მიბმაზე ე.წ. „ტერიტორიული თავდაცვის“ პროგრამასთან, რომელშიც მონაწილეობის მიღება იძლეოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლებასაც. სწორედ „ტერიტორიული თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, გიორგი უჩაიკინის ასოციაციამ მონოპოლიური უფლებები მოიპოვა უკრაინის რამოდენიმე რეგიონში, იარაღის მფლობელებთან პრაქტიკული სწავლებების ჩატარებაზე.
ჯერ კიდევ რამოდენიმე ხნის წინ, გიორგი უჩაიკინის პიროვნებას აქტიურად სწავლობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და რუსეთის იარაღით მოვაჭრე ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტების თაობაზე საფუძვლიანი ეჭვების გამო. თავის დროზე დონბასზე საომარი მოქმედებების მწვავე სტადიაში გადასვლამდე, გიორგი უჩაიკინი ღიად მეგობრობდა რუსეთში აშშ-ს ციხიდან დეპორტირებულ მარია ბუტინასთან, რომელიც იქ „ჯაშუშობის“ მუხლით იხდიდა სასჯელს, ხოლო დეპორტირების შემდეგ, დღეს უკვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია. უჩაიკინი ხშირად სტუმრობდა ბუტინას მოსკოვში და რუსეთის იარაღის მწარმოებელი ქარხნების ასევე ხშირი სტუმარი იყო.
2022 წლის იანვარში კი მის მიმართ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს (СБУ) – შეკითხვები აღარ დარჩა. და ამაში მას დაეხმარა ჩვენთვისაც ძალზე კარგად ნაცნობმა პერსონაჟმა – ალექსანდრე ოლშანსკიმ, უკრაინის ყოფილი „მთავარი რეფორმატორის“ მიხეილ სააკაშვილის მოადგილემ. საინტერესოა ისიც, თუ ვისი რეკომენდაციით მიუჩინეს თავის დროზე სააკაშვილს ეს მოადგილე – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი: ალექსი დანილოვი. არსებული ინფორმაციით, დანილოვსა და ოლშანსკის 2014 წლიდან აერთიანებს საერთო ბიზნესი, რომლის ძირითადი ინვესტორი გახლავთ ვიტალი გაიდუკი – უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლიგარქი, „დონბასის ინდუსტრიალური კავშირის“ ერთ-ერთი მეპატრონე.
პრეზიდენტ ზელენსკის საარჩევნო შტაბში – თავდაპირველად მოხდა სწორედ ოლშანსკის შეგზავნა, რომელმაც შემდგომ იქ გადმოიყვანა დანილოვი და სააკაშვილი. უკანასკნელ პერიოდში, ოლშანსკი საკმაოდ მომძლავრდა და მჭიდროთ მუშაობდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან. ფაქტია, რომ სააკაშვილის ყოფილი მოადგილე უკრაინაში ისეთი დონის ზეგავლენით სარგებლობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში ეჭვმიტანილი გიორგი უჩაიკინის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის პროფესიული დაინტერესების ფარგლებს გარეთ გამოყვანა შეუძლია. უცვლელი კი მხოლოდ ერთი დარჩა – იქ, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების კვალი და იარაღით ვაჭრობის თემა ჩნდება, სრულიად „შემთხვევით“ იკვეთება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლო კავშირების ინტერესებიც.
რაც შეეხება ანდრეი ერმაკის კრემლთან სავარაუდო კავშირებს – ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი უკვე ომის მიმდინარეობისას გააფრთხილა აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა ვიქტორია სპარტსმა. საინტერესოა, რომ ამ ბრალდების შემდეგ საინფორმაციო ველზე აქამდე ძალზე აქტიური ანდრეი ერმაკი თითქოს და „ჩრდილში“ გადაინაცვლა, იგი აღარ აქტიურობდა, თითქმის არსად არ ჩანდა და აღარ მოძღვრავდა საქართველოს მის საშინაო საქმეებში. თუმცა ჩვენი „სიხარული“ ხანმოკლე აღმოჩნდა. საბჭოთა არმიის ისტორიაში იყო ესეთი მცნება – „дембельский аккорд“. ეს იყო ჯარისკაცების დემობილიზაციის წინ, მათთვის შესასრულებლად მიცემული რაღაც, ხშირ შემთხვევაში, იდიოტური ხასიათის დავალება – რომლის შემდეგ, რიგითებსა და სერჟანტებს უშვებდნენ სახლებში. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზელენსკის გუნდს მართლაც გამოუცხადეს „ДМБ“, ოღონდ, საბოლოო „აკორდის“ შესრულების სახით, მათ პატიმარი სააკაშვილის საქართველოდან გამოხსნა უნდა მოახერხონ. ამას ემსახურებოდა ხანგრძლივი ჩრდილიდან ერმაკის და დანილოვის რეინკარნაცია საქართველოს თემატიკაზე და სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე გამიზნული ცილისწამების გავრცელება.
უკრაინაში „ორმაგი დანიშნულების“ აგენტების საქმიანობის განხილვისას, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ФСБ-ს კარზე განვითარებული მოვლენები, სადაც დაპატიმრებული და ლეფორტოვოს ციხეში იქნა გადაყვანილი რუსეთის სპეცსამსახურის დირექტორის მოადგილე, 69 წლის გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა – ადამიანი, რომელიც სწორედ უკრაინის მიმართულებას კურირებდა, მის ხელში იყო უკრაინაში ჩანერგილი აგენტურული ქსელი, მას დაბრალდა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა, მის მიმართ გაჟღერდა პირველად სიტყვა „ღალატი“ და ის არის ეჭვმიტანილი თავის უკრაინულ აგენტურასთან ერთად, ორმაგ ოპერატიულ თანამშებში დასავლეთის სასარგებლოდ.
ასევე რთულია „შემთხვევითობას“ მიეწერეოს გენერალ ბესედას კიდევ ერთი პოტენციური „შეგირდის“ – ალექსეი არესტოვიჩის ლამის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან და მისი თანამდებობიდან სკანდალის ფონზე გაშვება. ნამდვილად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა იმ ვითარებაში, როდესაც „ვისი ნოტები ვის როიალშია“ – დაპატიმრებული „დირიჟორ“ ბესედას პირობებში, „კლასიკური მუსიკის“ ჟღერაბობის ნაცვლად, „კაკაფონიას“ იძლევა. ამჟამად უკრაინაში ერთი მეორის მიყოლებით სკდება ეკონომიკური და კორუფციული სკანდალები – ჯარის ლოჯისტიკურ მომარაგებაზე გაკეთებულ მილიარდებსა თუ ბიუჯეტის სახსრების მოპარვაში ბრალდებული მაღალჩინოსნების დაპატიმრების სახით. ამ ყველაფრის ფონზე კი, ბრძოლის ველზე იღუპებიან სამშობლოს დამცველები, ხოლო მშვიდობიან ქალაქებში – მოხუცები, ქალები და ბავშვები. და ნებისმიერი მცდელობა ამ კოშმარის შეჩერების – სახელმწიფო ღალატთან არის გაიგივებული. ნებისმიერი – საკუთარ რიგებში გენერალ ბესედას რეზიდენტურის წინააღმდეგ დაუნდობელი და უფრო აქტიური ბრძოლის გარდა.