რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ორიოდე სიტყვა „პლებისციტურ დემოკრატიაზე“

0

„პლებისციტური დემოკრატია“ – პანაცეა ნამდვილად არ არის; მაგრამ შეიძლება იყოს ჭკვიანი მმართველის ის ინსტრუმენტი, რომელიც საპასუხიმგებლო გადაყვეტილებათა მისაღებად მონაწილეობას მაქსიმალურად გააფართოებს, „ჯაჭვს დააგრძელებს“ და შექმნის უფრო მკაფიო აღქმას, რომ დიახ, ქვეყანაში სჯული ბატონობს და არა უსჯულო თავნებობა.
საერთოდ, როცა „ხალხს“ მოუხმობენ ხოლმე პოლიტიკაში, ე.ი. სინამდვილეში -„ხალხის“ სახელით მოითხოვენ, ირჯებიან და ცდილობენ, ამა თუ იმ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ, უმალ ჩნდება ხოლმე კითხვა – მაინც ვინ არის, აბა, რომელია ეს „ხალხი“, ეს ყოვლად ბრძენი, ყოვლად სამართლიანი და ყოვლად ძლიერი სუბიექტი? ელემენტარული საღი აზრი ხომ ცხადად გვეუბნება -„ხალხი“ უაღრესად ჭრელია, არერთგვაროვანია, ცალკეული განსხვავებული ფენების, ეს ფენები – უფრო მომცრო ჯგუფების, თავად ეს ჯგუფები კი – განსხვავებული ნების მქონე პირთა სიმრავლეა! თითოეული ინდივიდი, ჯგუფი თუ ფენა, რასაკვირველია, ხალხის სრულუფლებიანი ნაწილია; მაგრამ როცა ამდენ დემაგოგს უჩნდება პრეტენზია და აქვს ამბიცია, მით უმეტეს, თუკი აქვს ე.წ. დემოკრატიული მანდატიც, რომ „ხალხის“ სახელით ილაპარაკოს თუ იმოქმედოს კიდეც, მაშინ – რა არის უტყუარი კრიტერიუმი, რომელიც „ჭეშმარიტ“ ე.ი. ამ ყოვლად ბრძენ, ყოვლად სამართლიან და ყოვლად ძლიერ, „ნამდვილ ხალხს“ დაგვანახებს?! ნუთუ ერთადერთი კრიტერიუმი მხოლოდ რაოდენობაა – ანუ მხოლოდ უმრავლესობაა „ხალხი“? მაგრამ თუკი ეს „ხალხი“, უფრო სწორედ – „ხალხის“ სახელით მოყაყაყანე დემაგოგები, მაგალითად, იმაზეც კი ვერ შეთანხმებულან, რომელ მხარესაა უმრავლესობა და საით უმცირესობა, მაშინ რაღა ვქნათ?! გამოსავალი არ არის, კენჭისყრა ჩავატაროთ, რომ კარგად, ე.ი. ყოველ მორიგ ჯერზე უკეთესად დავთვალოთ. გამოსავალი ის არის, რომ ეს „კარგად დათვლის“ წესები ვცნოთ და ამ წესებით მიღებული შედეგები სამართლიანად ვაღიაროთ.
ამიტომაც, საბოლოო ჯამში – „ხალხად“ უნდა მივიჩნიოთ სწორედ ის ერთობა, ვინც არა დემაგოგებს, არამედ – სამართალს, სამართლიანობას, სამართლის იდეას სცნობს, პატივს სცემს და მისდევს. ხალხი ისაა, ვისაც სჯული აერთიანებს – ვინც ერთ სამართალს აღიარებს, სამართლიანობის ერთნაირი, იდენტური განცდა აქვს და სამართლის იდეას ყოველთვის მყარად ემხრობა. მაშასადამე, ჰკითხო ხალხს, ე.ი. იმათ, ვისაც სჯული აერთინებს, ეს იგივეა, დაეკითხო სჯულს, ე.ი. სამართალს, სამართლიანობას, სამართლის იდეას.
კარგი მმართველობისას ხომ ისედაც ასე უნდა იყოს: ყოველ ჯერზე, როცა კი პოლიტიკური თუ მმართველობითი გადაწყვეტილება მიიღება, ჯეროვანმა პოლიტიკოსმა თუ მმართველმა, როცა იგი ამ გადაწყვეტილებით დაინტერესებულებთან ერთად კანონით დადგენილ მონაწილეობით, პოლიტიკურ თუ ადმინისტრაციულ პროცედურებს მყარად იცავს და მიჰყვება, საბოლოოდ სწორედაც სჯულს უნდა ჰკითხოს – რა არის კანონიერი და რა უკანონო, რა სამართლიანი და რა უსამართლო, სამართლის იდეის შესაბამისად რა მიზანშეწონილი და რა – ამის საპირისპირო. ხოლო მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღების ტვირთი მეტისმეტად მძიმეა, მართლაც შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღების „ჯაჭვი დაგრძელდეს“, თანამონაწილეთა წრე განივრცოს, სულაც საყოველთაო მასშტაბი მიიღოს და საქმეში ჩაერთოს სრულიად ხალხი; მაგრამ ვიმეორებ: ეს კარგია მაშინ, როცა „ხალხია“ ადამიანთა ის ერთობა, რომელსაც სწორედაც სჯული აერთინებს. ასეთ დროს, „ჰკითხო ხალხს“, არის დემოკრატიულად ადაპტირებული ფორმა – „ჰკითხო სჯულს“. ასეთ დროს „პლებისციტის“ პასუხი სჯულის პასუხის იგივეობრივი იქნება და კენჭისყრით დათვლილი ხალხის ნება კი ამ შემთხვევაში სიმართლის „დემოკრატიული ლეგიტიმაციის“ სახე.
„კარგი“ და „საუკეთესო“ პრაქტიკის შემთხვევში, ე.ი. სტაბილურ, სამართლებრივ, ანუ – მაღალი მართლშეგნების, მშვიდ, კეთილგონიერ და კეთილდღეობაში უსაფრთხოდ მცხოვრებ ქვეყანაში (სამაგალითოდ – იგივე შვეიცარიაში) ეს მართლაც ასეა – დემოკრატიული ლეგიტიმაცია მათსავე სჯულთან სრულ თანხვედრაშია. თანაც პლებისციტზე, მით უმეტეს – სარეფერენდუმოდ, იქ არავინ გაიტანს რაიმე საბედისწერო შეკითხვას, რაც სჯულსა და უსჯულოებას შორის არჩევანს, სჯულზე „ჰოსა“ ან „არას“ თქმას უკავშირდება. კითხვა იქ ორ კარგ, ორივე მაქსიმალურად კომპეტეტნტურ გადაწყვეტილებას შორის უფრო პოპულარულის გამოვლენას უკავშირდება და ცხადია, საბედისწერო არასდროს არ არის. მაგრამ რა ხდება „ცუდ“ ანდა სულაც უბედურების მომასწავებელ შემთხვევაში, არეულობებისას, კატაკლიზმებისას, „რადიკალური პოლარიზაციისას“, დიდი განსაცდელისას, როცა მაგ. „ხალხი“ ბარაბას ირჩევს, ასევე ყოველთვის, ე.წ. რევოლუციების დროს, როცა „ხალხის ნებად“ დემაგოგიურად იწოდება ის, რაც – სჯულის საპირისპირო, უკანონო, უსამართლო და სამართლის იდეის შეურაცხმყოფელია? ამ დროს „პლებისციტი“ ანუ გადაწყვეტილების მისაღები გზის საყოველთაობამდე დაგრძელება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანა „ხალხზე“, თუკი ეს „ხალხი“ ბოროტ დემაგოგთა თავსმოხვეული ნებით არეულია, დაბნეულია, უსჯულოებას შეუპყრია, ერთადერთ შესაძლო შედეგს იწვევს – დიდ კატასტროფას! ამ დროს პლებისციტით შეიძლება – ბოროტების მასშტაბი შემზარავად გაიზარდოს; ხოლო თავად უსამართლო გადაწყვეტილების მიმღები, ვინაც მძიმე ტვირთი ხალხს აჰკიდა და თავად ხელი დაიბანა, სჯულისა და ჭეშმარიტების წინაშე პასუხისმგებლობას მაინც ვერსად წაუვა, როგორც პილატე, რომელმაც ასევე „ხალხს“ ჰკითხა.
მაშ რა ვქნათ? სხვა არც არაფერი – „სჯულზე უნდა მტკიცედ ვიდგეთ!“ ხოლო თუკი „პლებისცუტური დემოკრატია“ ამაში ხელს შეგვიწყობს, ანდა სულ მინიმუმ – ხელს არ შეგვიშლის, კი ბატონო, რა გვიშლის – ვკითხოთ ხალხს! მაგრამ ვშიშობ, დღეს ეს – „ხალხს ვკითხოთ“, დემაგოგების ხელში არ იქცეს იმ ძალზე საშიშ ინსტრუმენტად, რასაც ამ ხალხის დაბნევა, მათი ნაწილის უსჯულო ბრბოდ ქცევა და კატასტროფის გამოწვევა შეუძლია.
ამიტომ: „პლებისციტურ დემოკრატიაში“, ვინაიდან არსებობს საფრთხე, იგი „ორლესულ მახვილად“ იქცეს და დემაგოგები კი სწორედ ამას ესწრაფიან, სამსჯელოა, დასაფიქრებელია და გადასაწყვეტია ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი: ვის, რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს უფლება პლებისციტი დანიშნოს და მეორე – საკითხთა რა წრეს შეიძლება შეეხებოდეს საპლებისციტო შეკითხვა.
თუ შევხედავთ ჩვენს მოქმედ კანონმდებლობას (მხედველობაში მაქვს უწინარესად – ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“), არა მგონია, იქ არსებითად რაიმე გადასახედი იყოს და ღირდეს „პლებისციტური დემოკრატიის“ განსავითარებლად რაიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, გარდა ერთისა: შესაძლოა, სერიოზულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად მართლაც ღირდეს მოსახლეობის გამოკითხვის, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტიანი ფორმის, დამატება. ანუ: ადგილობრივი, როგორ მუნიციპალურ, ასევე სათემო დონეებზე, ასეთი „პლებისციტების“ მოწყობის, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთარ კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე შეიძლება გაიმართოს, „შვეიცარიულად კარგი“ პრაქტიკის დამკვიდრება. მაგრამ რაც შეეხება საერთო, ეროვნულ დონეზე პლებისციტის, (როგორც კანონი განმარტავს – „განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვას“ ) დანიშვნის უფლება დღეს ექსკლუზიურად მხოლოდ პრემიერ- მინისტრსა აქვს და მასვე უნდა დარჩეს. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და სრული პასუხისმგებლობაც მასზეა: თუკი მიიჩნევს, რომ ხალხის, ამ შემთხვევაში ამომრჩევლის უმრავლესობის აზრი მას სამართლიანი და საუეთესო გადაწყვეტილების გამოტანაში დაეხმარება, დაე, ჰკითხოს ხალხს.
მაგრამ: არსებული გამოწვევების ფონზე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ან პლებისციტის ჩატარების ინიციატორთა წრე გაიზარდოს, ანდა მოიხსნას კანონით დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც პლებისციტი არ შეიძლება გაიმართოს კანონის მიღება-გაუქმების, ამნისტიისა ან შეწყალების, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების საკითხებზე.
თუკი „პლებისციტურ დემოკრატიას“ ისე გავაფართოებთ, რომ პლებისციტის ინიციატორთა წრეს გავზრდით ანდა მოვხსნით საპლებისციტო საკითხთა შეზღუდვას, ექსტრემისტულად განწყობილმა რადიკალებმა, განსაკუთრებით – დღევანდელ ვითარებაში, შეიძლება ეს სწორედ არეულობის მოსაწყობ შესაძლებლობად აქციონ. უმალ მოითხოვონ პროვოკაციული პლებისციტი მათი დესტრუქციული დღის წესრიგის ნებისმიერ საკითხზე, ვთქვათ – სააკაშვილის „ჰუმანიტარული ტრანსფერის“ გადასაწყვეტად. ხომ აშკარაა, რომ ასეთი პლებისციტი კიდევ უფრო გაამწვავებდა ვითარებას, დამატებით „დემოკრატიულ ლეგიტიმაცის“ შესძენდა მათ დემაგოგიურ, უსჯულო პროპაგანდას. მსგავსი პლებისციტის იმთავითვე იოლად ამოსცნობი შედეგები ექსტრემისტებისათვის პირდაპირი საბაბი იქნებოდა სასურველი რევოლუციური სცენარის განსავითარებლად: მართლაც, დემაგოგები, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობის ის აზრი, რომ სააკაშვილის „ჰუმანიტარული ტრანსფერი“ სამართლისა და სამართლიანობის აბუჩად აგდებაა – ისედაც, უპლებისციტოდაც მკაფიოა, შინ თუ გარეთ, მთელს ქვეყნიერებას შეძრავდნენ: ხელისუფლებას უფრო „საფუძვლიანად“ დააბრალებდნენ ამჯერად პლებისციტის შედეგების გაყალბებას, ხოლო ქართველთა „ბნელ“ უმრავლესობას კი – „არაადამიანურ გულქვაობასა და სისასტიკეს“…
ასევე: თავს შევიკავებდი ისეთი საკითხის, როგორიცაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, პლებისციტზე გატანისაგან. თუ რატომ, ეს კარგად აიხსნება ცნობილი ფაქტიდან, რაც დიდ ბრიტანეთში, სადაც ლგბტ პროპაგანდამ, საუბედუროდ, დიდ „წარმატებებს“ მიაღწია კიდეც, წინა ათწლეულში მოხდა: საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის აწ განსვენებულ დედოფალს, ერთი ხანობა მოსვენებას არ აძლევდნენ აბეზარი ჟურნალისტები და როგორც კი მოიხელეთებდნენ, ცდილობდნენ შეკითხვის დასმას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ მისი უდიდებულესობის პირადი დამოკიდებულების შესახებ. რასაკვირველია, ეს კითხვა პროვოკაციული იყო და დედოფლის ნებისმიერი პასუხი – მისი ნეგატიური ან პირიქით, პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრაცია, სწორედ ლგბტ პროპაგანდის გასაძლიერებლად იქნებოდა გამოყენებული. სწორედ ამიტომაც, დედოფალი ასეთ შეკითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა, არანაირ კომენტარს არ აკეთებდა და ხაზგასმულად სრული დუმილით ხვდებოდა. ბოლოს, როცა მეტისმეტად შეუტიეს და თავი მოაბეზრეს ამგვარი შეკითხვებით, მხოლოდ ერთადერთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ოჯახშიაღზრდილი წესიერი ადამიანები ასეთ თემებზე საჯაროდ არასდროს საუბრობენო!“ …ცხადია, თუკი ჩვენში ეს საპლებისციტოდ იქნება გატანილი, მიუხედავად შედეგისა, ნებისმიერ შემთხვევაში – სწორედაც ლგბტ პროპაგანდის შესანიშნავ პლაცდარმს შეუქმნის დემაგოგებს…
…ასე რომ, ჩემი აზრით – სიფრთხილე ჯობს. ხოლო სჯულზე დგომასა და მის გარშემო კონსოლიდაციას, რისი გამოხატულებაც იყო 30 აპრილის აქცია – რაიმე ალტერნატივა, რასაკვირველია, არა აქვს. ამას კი არანაირი პლებისციტი არა სჭირდება, არამედ ქართველი ადამიანის კეთილი ნება!