პოლიტიკასხვადასხვა

ორბანის გაფრთხილება ევროპას: „მსოფლიო ომებს დასაწყისში არასდროს უწოდებდნენ მსოფლიო ომებს“

0

ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა დაძაბულობის მატებასთან დაკავშირებით ევროპაში და აღნიშნა, რომ მსოფლიო ომებს დასაწყისში არასდროს მოიხსენიებდნენ ამ სახელწოდებით და აღნიშნა, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომი მცირე კონფლიქტების სერიით დაიწყო.

„ბრიუსელი ცეცხლს ეთამაშება. რასაც ის აკეთებს, ცდუნების აქტია. მსოფლიო ომებს დასაწყისში არასოდეს უწოდებდნენ მსოფლიო ომებს. ბალკანეთის მესამე ომი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, პოლონეთის დაყოფა, ბოლოს მეორე მსოფლიო ომად გადაიქცა“, − აღნიშნა მან.
დაძაბულობა იზრდება ევროპაში, − თქვა ორბანმა კვირას, საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ასევე აღნიშნა, რომ კონტინენტზე ომი მიმდინარეობს და პოლიტიკაში ომის ლოგიკა დომინირებს.
„NATO-ს გენერალურ მდივანს NATO-უკრაინის მისიის შექმნა სურს. ევროპელი ლიდერები უკვე ჩაებნენ ომში, ისინი ამ ომს საკუთარ ომად აღიქვამენ და ისევე იბრძვიან, როგორც საკუთარ ომში“, − განაცხადა მან.

„თავიდან საქმე მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნას ეხებოდა, შემდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არა ენერგიის მწარმოებლებზე! მერე კი, მათაც შეეხოთ. შემდეგ იარაღის გადაზიდვის ჯერი დადგა. ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი, მერე ტანკები, თვითმფრინავები და ბოლოს − ფინანსური დახმარება. უფრო და უფრო მეტი, ათობით მილიარდი. ახლა უკვე დაახლოებით 100 მილიარდია − ევროში. ფული, მარაგი, იარაღი, მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება“, − აღნიშნა მან.

ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გაფრთხილება, რომელზეც არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ევროპას ერთი ნაბიჯი აშორებს უკრაინაში ჯარების გაგზავნისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი ხელს უწყობს „ომის მორევს“, რომელმაც შესაძლოა ევროპა უფსკრულში ჩაითრიოს.
პოსტის დასასრულს ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრელებმა იციან, როგორია ომი. მან უნგრეთის განადგურების დამანგრეველი პერიოდი იგულისხმა მეორე მსოფლიო ომის დროს და ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ძალების მიერ უნგრეთის ოკუპაციაზე მიუთითა, მათ შორის კომუნისტების მიერ ჩახშობილ აჯანყებაზე 1956 წელს.
ამავდროულად, ორბანმა დააფიქსირა უნგრეთის პოზიცია: „ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ გვინდა ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ იქცეს“.

„ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ მშვიდობის მხარეს − შინ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაეროში და NATO-ში“, − ამ სიტყვებით დაასრულა მან პოსტი.

წყარო: PM Orbán’s warning to Europe: ‘World wars are never called world wars in the beginning’ (rmx.news)