პოლიტიკასხვადასხვა

ორბანი: ზელენსკის მოსმენისას ცხადი გახდა, რომ ეს ომი კიდევ დიდხანს გაჭიანურდება

0

ბრიუსელში ევროპელ ლიდერებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოსმენისას ცხადი შეიქნა, რომ მშვიდობის დამყარების ან ცეცხლის შეწყვეტის შანსი მცირეა.
„უკრაინის პრეზიდენტის მოსმენისას ცხადი გახდა, რომ ომი გრძელდება. არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ის მალე დასრულდება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიქტორ ორბანს თან ახლდნენ საბერძნეთის, ხორვატიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, ასევე ავსტრიის კანცლერი და ბულგარეთისა და კვიპროსის სახელმწიფო მეთაურები. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ჩასატარებლად განკუთვნილ ადგილას, ყველა მხარე დაესწრო პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ ცალკე შეხვედრას, განაცხადა ორბანის პრესმდივანმა, ბერტალან ჰავაშიმ, ხუთშაბათს უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო MTI-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კონფლიქტის უახლოეს მომავალში დასრულებასთან დაკავშირებული პესიმიზმის მიუხედავად, უნგრეთის პრემიერი მშვიდობის დამყარებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობს. „ადამიანთა გადარჩენა მხოლოდ მშვიდობითა და ცეცხლის შეწყვეტითაა შესაძლებელი. ჩვენ, უნგრელები, მშვიდობის მხარეს ვრჩებით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა გასულ წელს უკრაინას მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. „ჩვენი საზღვრები უკრაინიდან 1 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ, უნგრელები, უკრაინელების ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ, მაგრამ იარაღს არ მივაწვდით“.
ორბანის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, ცეცხლის შეწყვეტა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება უნგრეთის ინტერესებში შედის.
ორბანი დიდი ხანია, რაც გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა კიდევ უფრო ღრმად „ჩაერთო“ ამ ომში, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფული შედეგები მოჰყვება.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ (უნგრეთს) არ გვემუქრება ამ ომში ჩართვა, მაგრამ სხვებს არა მხოლოდ საფრთხე ემუქრებათ, არამედ უკვე ჩაითრიეს. და კიდევ იმაზე საუბრობენ ეომებიან თუ არა ისინი (დასავლეთის ქვეყნები) რუსეთს. ეს სასაცილო სიტუაციაა, რადგან კითხვა არ ეხება განცხადებებს თუ ვინ ომობს. თუ აგზავნით იარაღს, თუ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს მთელი წლის ბიუჯეტით აფინანსებთ, თუ ახალი იარაღის, მათ შორის უფრო და უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას ჰპირდებით, მაშინ შეგიძლიათ თქვათ ის, რაც გსურთ. თუმცა, რაც უნდა თქვათ, თქვენ ამ ომში მონაწილეობთ“, – განაცხადა ორბანმა.

წყარო: https://is.gd/OTP1jD