უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნის შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას შეიძლება საშინელი შედეგები მოჰყვეს და ევროპა უფრო ღრმად ჩაერთოს უკრაინის ომში.
„როგორ დაიწყო ეს? თავდაპირველად გერმანელებმა თქვეს, რომ მზად იყვნენ ჩაფხუტების გასაგზავნად, რადგან ისინი მომაკვდინებელ იარაღს არ გაგზავნიდნენ, იმიტომ, რომ ეს ომში მონაწილეობას ნიშნავდა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა Kossuth Rádió-ში გამოსვლისას. „ასე დავიწყეთ, ახლა საბრძოლო ტანკებზე გადავერთეთ, ისინი უკვე თვითმფრინავებზე საუბრობენ“.
ნატოს წევრი ქვეყნები მთელი ძალით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ საომარ ქმედებებში არ მონაწილეობენ. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა, რომ გერმანია არ არის ომის მონაწილე მხარე მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, საკამათო განცხადება გააკეთა: „ჩვენ რუსეთს ვებრძვით და არა ერთმანეთს“. ნატოს სხვა წევრმა ქვეყნებმაც განაცხადეს, რომ ისინი ომში არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში თანამედროვე იარაღს აგზავნიან.
ორბანის თქმით, უნგრეთს ამ ომში ჩათრევის საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსეთი იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ომის მხარედ მიიჩნევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ამ როლის მორგებაზე უარს იტყვიან.
ვიქტორ ორბანმა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უარი განაცხადა და არაერთხელ მოუწოდა ბრიუსელს, რომ მოსკოვისთვის სანქციები მოეხსნა. მისი მტკიცებით, სანქციები ევროპელებს უფრო აზარალებს, ვიდრე რუსებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ შეიძლება მომავალში ვეტო დაადოს ანტირუსულ სანქციებს, ისევე როგორც წარსულში გააკეთა ეს ენერგეტიკასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროებთან მიმართებით.
„ზოგიერთი პუნქტი აშკარად ეწინააღმდეგება უნგრეთის სასიცოცხლო ინტერესებს და ჩვენ ვეტოს უფლება უნდა გამოვიყენოთ. ასეთი იყო ნავთობთან დაკავშირებული სანქცია, ასევე რუსულ ბუნებრივ აირზე დაწესებული სანქციები. იგეგმება ახალი სანქციების შემოღება. სანქციების დაწესება ბირთვულ მრეწველობაზეც სურთ. ცხადია ამას ვეტო უნდა დაედოს. ეს დიდი ბრძოლა იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
უნგრეთს, რომელიც ატომურ ენერგიას იყენებს, დიდი ხნის ურთიერთობა აქვს რუსულ ატომურ კომპანიებთან. თუ ევროკავშირი რუსული ბირთვული პროვაიდერების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს უნგრეთში ენერგეტიკული კრიზისის გაღვივებას.
წყარო: https://is.gd/6ahR0G