პოლიტიკასხვადასხვა

ორბანი: უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებამდე „სინათლის წლები აშორებს“

0

ბუდაპეშტი, (AP) − შაბათს, 18 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებამდე „სინათლის წლები აშორებს“. ორბანის სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ უნგრეთის მთავრობა, სავარაუდოდ, კიევის ბლოკში გაწევრიანებას არ დაუშვებს.

პარტია „ფიდესის“ (Fidesz) კონგრესზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის და მისი მთავრობა „წინააღმდეგობას გაუწევენ“ დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური საუბრების დაწყებას უკავშირდება.
ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო, რაც ორბანს ვეტოს გამოყენების საშუალებას აძლევს.
შაბათს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ პარტიულ ყრილობაზე ვიქტორ ორბანი 2003 წლის შემდეგ ზედიზედ მეთერთმეტედ აირჩიეს პარტია „ფიდესის“ პრეზიდენტად. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი იქნება.

„ჩვენი ამოცანა იქნება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მცდარი დაპირების გამოსწორება, რადგან დღესდღეობით უკრაინას ევროკავშირამდე სინათლის წლები აშორებს“, − აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ „ინსტიტუციური სიძლიერის, სიმტკიცისა და ფუნქციონირების უნარის შესანიშნავი დონე აჩვენა“.
ზემოთქმულის მიუხედავად, ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთადერთი მოკავშირეა, ამტკიცებს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს და უკრაინის გაწევრიანება შეცვლის ევროკავშირის 27-წევრიან სისტემას, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის ფინანსების განაწილებას ეხება.

როგორც ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, უნგრეთის ასეთი პოზიცია იმით არის განპირობებული, რომ მილიარდობით ევრო მიიღოს, რომლის გაცემა ბრიუსელმა იმიტომ შეაჩერა, რომ ორბანის მთავრობა არ იცავს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს.
ორბანი დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის გეგმას, რომლის თანახმად ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას 50 მილიარდი ევროს (დაახლოებით 53 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების დახმარება უნდა მიაწოდონ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს საკუთარ ენაზე სწავლის უფლებას არ აძლევენ. სექტემბერში ორბანმა უნგრეთის პარლამენტს განუცხადა, რომ მისი მთავრობა „უკრაინას არცერთ საერთაშორისო საკითხში მხარს არ დაუჭერს“, ვიდრე უმცირესობის ენობრივი უფლებები არ აღდგება.

https://apnews.com/article/hungary-viktor-orban-ukraine-european-union-membership-ad869e6ec78f5262c085478a917e43a8