ავტორი თომას ო’რაილი, 12 აპრილი 2023 წ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მსოფლიოს იმ ლიდერებს შორის მოიაზრება, რომლებსაც შეერთებული შტატები ფარულად უთვალთვალებს. CIA-ის ინფორმაციით, ‘ფიდესის’ (Fidesz) ლიდერი სულ უფრო და უფრო იხრება ანტიამერიკანიზმისკენ.
ამის შესახებ დღის სინათლეზე გამოსული სადაზვერვო დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომლებიდანაც ირკვევა, რომ შეერთებული შტატები რუსეთისა და ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ საჯაშუშო საქმიანობას ეწეოდა. ეს დოკუმენტები ონლაინ პლატფორმებზე – 4chan-ზე, Discord-სა და Telegram-ზე – უცნობმა წყარომ გამოაქვეყნა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს საიდუმლო მასალების გაჟონვის ყველაზე საშინელი ფაქტია, რაც უკრაინისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას ძირს უთხრის, რადგან დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალურ პირებს ეჭვი ეპარებათ, რომ კიევი ომის გაგრძელებას შეძლებს.
ვიქტორ ორბანმა თებერვალში გამართულ არაოფიციალურ სტრატეგიულ სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უნგრეთის სამიდან ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. უნგრეთის პრემიერის თქმით, აშშ-ის საელჩო აქტიურად ცდილობდა მისი მთავრობის დამხობას. უნგრეთის მთავრობამ ამ მამხილებელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
სავარაუდოდ, უკრაინის მიმართ ნაკლები მხარდაჭერისა და ქვეყნის შიგნით სოციალური კონსერვატიზმის ხელშეწყობისთვის, ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ისტებლიშმენტი უნგრეთის მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას იჩენდა. უნგრეთში შეერთებული შტატების ელჩი დეივიდ პრესმენი ბოლო პერიოდში მკაცრად აკრიტიკებდა ორბანს, რადგან გავრცელებული ჭორების თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა ფაუერი ორბანის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად საფუძველს უყრის მომავალ ფერად რევოლუციას.
დოკუმენტებში, რომლებშიც უნგრეთის გარდა საუბარია თურქეთზე, უკრაინასა და ჩინეთზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეაქციასა და რუსული არმიის მდგომარეობას.
დოკუმენტებში დადანაშაულებულია ეგვიპტის პრეზიდენტი ას-სისი, რომელსაც რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა განუზრახავს. ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები ისრაელსა და თურქეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართველად სადაზვერვო ინფორმაციას იყენებდა.
ასევე ირკვევა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურ პირებს ძალიან აშფოთებთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოები უკრაინას სათანადოდ არ ეხმარებიან. ასევე შიშობენ, რომ რუსეთი გამოიყენებს ვაგნერის დაჯგუფებას და განახორციელებს დეზინფორმაციულ კამპანიებს, რათა გავლენა მოხდინოს ისეთ სახელმწიფოებზე, როგორიცაა ჰაიტი. დოკუმენტები ასევე ნათელს ჰფენს რუსეთის სამხედრო ქმედებების შესახებ ვაშინგტონის წარმოდგენას და იმ ინციდენტებს, როდესაც ნატოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს კინაღამ შეეჯახნენ.
ეს ფიასკო იმ შემთხვევის ანალოგია, როდესაც 2013 წელს ედუარდ სნოუდენმა ფარდა ახადა საიდუმლო ინფორმაციას და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიის მაშინდელ კანცლერს, ანგელა მერკელს, უთვალთვალებდა.
დოკუმენტები, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილია, ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონს თავის მოკავშირეებთან ხშირად ცალმხრივი ურთიერთობა აქვს. უნგრეთი, რომელიც ომის დაწყებით პოლიტიკურად იზოლირებულია, მომავალ წლებში შეიძლება ამერიკელების მიერ მართული ინტრიგების ცენტრად იქცეს.