პრეზიდენტი მაკრონი მართალია, როდესაც ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შეერთებულ შტატებს, – დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე.
„თუ გვინდა, რომ ევროპის მრეწველობა გადარჩეს, ევროპაში დაწყებული ენერგეტიკული კრიზისი სწრაფად უნდა მოვაგვაროთ. დროა სანქციებს გადავხედოთ“, – განაცხადა ორბანმა.
პოსტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის მეთაურის ინტერვიუც ახსენა, რომელიც ამ უკანასკნელმა CBS-ის გადაცემა „60 წუთს“ მისცა. ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა იმაზე ისაუბრა, თუ რა როლი მიუძღვის რუსეთ-უკრაინის ომს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის დაძაბულობის წარმოქმნაში.
„ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ბაიდენი პირადად ევროპასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, მაგრამ თუ დღევანდელ მდგომარეობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ ამ ურთიერთობამ დესინქრონიზაცია განიცადა. რატომ? პასუხი მარტივია – ენერგომატარებლები“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპა ენერგომატარებლებს შეერთებული შტატებისგან ყიდულობს, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობას ბოლო მოუღოს, თუმცა ეს ბევრად უფრო ძვირი უჯდება, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ კომპანიებსა თუ მოქალაქეებზე, რომლებიც ექვსჯერ უფრო დაბალ ფასად ყიდულობენ მათ.
მაკრონის თქმით, „მეგობრები ერთმანეთს ასე არ ექცევიან“ და იქვე დასძინა, რომ ომთან დაკავშირებით საერთო ინტერესები ამოძრავებთ, ერთი და იმავე მიზნისთვის იბრძვიან, თუმცა სხვადასხვა ფასს იხდიან. „ამის უგულებელყოფა არ შეიძლება“.
სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა, რომ ევროპამ „საკუთარ ფილტვებს ესროლა“ და ბრიუსელს წლის ბოლომდე ანტირუსული სანქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამ აზრს რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი და წამყვანი გერმანელი ბიზნესმენიც გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ გმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, თუმცა ეს გერმანიის ომი არ არის.
წყარო: https://is.gd/4r8HHj