12 ივლისი, 2023 წ.
როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთი და ჩინეთი მიმოქცევაში ოქროთი მხარდაჭერილ ვალუტას გამოუშვებდნენ.
თავის დროზე ეს იდეა სრულიად შეუსაბამოდ ჟღერდა. ამის გამო დამცინოდნენ, დღეს კი ეს რეალობად იქცა. როგორც ჩანს, 41+ ქვეყანა ოქროს სტანდარტს დაუბრუნდება.
მთელი უქმეები RT-ზე შემდეგი სათაური მოგხვდებოდათ თვალში: „ახალი ფული, ახალი სამყარო“ და „ოქროს სტანდარტი დიდი სარგებლის მომტანი იქნება ახალი, დამოუკიდებელი ვალუტის გასაძლიერებლად“.
„ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გასამართ BRICS-ის სამიტზე გააკეთებენ“, − იტყობინება ონლაინგამოცემა KITCO.
„ერთი შეხედვით, ახალი ტრანზაქციული ერთეული, რომელიც ოქროთი არის მხარდაჭერილი, ისე ჟღერს, რომ საიმედო ფულია – და იგი, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება აშშ დოლარის ჰეგემონიას დაუპირისპირდეს“, − განაცხადა Degussa-ს მთავარმა ეკონომისტმა ტორსტენ პოლეტმა.
ამ განცხადებაზე კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ამ სიახლის შესახებ შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენის უცერემონიო დამოკიდებულება. ამ უქმეებზე იელენმა, ჩემი აზრით, სრულიად დელუზიური განცხადებები გააჟღერა.
„უბრალოდ მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი. კერძოდ, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მომდევნო წლებში საერთაშორისო ტრანზაქციების გაადვილების მიზნით, დოლარი მთავარ როლს შეასრულებს და სარეზერვო ვალუტა იქნება.
„არ ვფიქრობ, რომ ამ როლს რაიმე ემუქრებოდეს, მათ შორის ის, რაც თქვენ უკვე ახსენეთ [BRICS-ის საერთო ვალუტა]“.
ამავდროულად, BRICS-ის ეს განცხადება აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის, დამხობას ემსახურება. ეს განცხადება აძლიერებს არა მხოლოდ იმას, რაც უკვე ვიცით − რომ ოქრო ნამდვილი ფულია, არამედ მსოფლიო სცენაზე აშშ დოლარის ჰეგემონიას უპირისპირდება. მას დედოლარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
საყურადღებო ინტერვიუს დროს ჩემმა მეგობარმა ენდი შაკმენმა (რომელიც ფინანსური მომსახურების სფეროში კარგად არის ცნობილი) განმიცხადა: „BRICS-ში გაწევრიანებით დაინტერესებულ ყველა ქვეყანას ოქროს მნიშვნელოვანი მარაგები აქვს. ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი იზრდება. რიგში 60-ზე მეტი ქვეყანა დგას“.
„რატომ ყიდულობენ ახლა ცენტრალური ბანკები იმაზე უფრო მეტ ოქროს, ვიდრე ოდესმე? რადგან იციან ამის შესახებ. მათ არ ადარდებთ ტექნიკური ასპექტები, ისინი დედოლარიზაციის მიზნით ოქროს ფასზე დასავლეთის ზემოქმედებას იყენებენ. რა მოხდება, როდესაც მსოფლიო ბოლომდე უარს იტყვის დოლარზე, რადგან ნავთობის შესაძენად ის აღარ დასჭირდებათ?“, − დასძინა შაკმენმა.
https://quoththeraven.substack.com/p/the-gold-standard-is-back-brics-to
https://www.kitco.com/news/2023-07-07/Russia-confirms-BRICS-will-create-a-gold-backed-currency.html