ახალი მონაცემების თანახმად, ამჟამად ესპანეთი რუსეთიდან 84 პროცენტით უფრო მეტი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ეწევა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტამდე. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ტენდენციებს.
დასავლეთ საჰარას რეგიონის გამო ალჟირთან დაწყებული დიპლომატიური დავის შემდეგ ესპანეთი რუსულ ბუნებრივ აირზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა. ამ დავის შედეგად, ალჟირიდან ენერგორესურსების იმპორტი შემცირდა.
ამ ინფორმაციამ შეიძლება ესპანეთი ევროკავშირთან დააპირისპიროს. ბრიუსელმა არაერთხელ დაადასტურა, რომ რუსულ ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულების შემცირება სურს. გასულ წელს ევროკავშირში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი 13 პროცეტამდე დაეცა. ევროკავშირის ოფიციალური პირები ფიქრობენ მომავალ სანქციებში შეიტანონ თუ არა ბუნებრივი აირი.
ესპანეთი, ბელგიისა და საფრანგეთის შემდეგ, ევროპაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი შემსყიდველი იყო. 2022 წელს კონტინენტზე 944 მილიონი ევროს ღირებულების ნახშირწყალბადი გაიყიდა. 2022 წელს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა ესპანეთის მთლიანი ენერგომოთხოვნილების 14.2 პროცენტი შეადგინა, რაც 8 პროცენტით გაიზარდა. ესპანეთში რუსული ბუნებრივი აირი ესპანური ენერგოკომპანია Naturgy-ს მეშვეობით მიედინებოდა, რომელსაც 2038 წლამდე აქვს კონტრაქტები გაფორმებული.
ალჟირთან ურთიერთობის გაუარესების გამო ესპანეთი, რომელმაც მაროკოს დაუჭირა მხარი, იძულებული გახდა თავისი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინა. ალჟირმა, რომელიც ესპანეთის ენერგო მოთხოვნილებებს 20 პროცენტით უზრუნველყოფდა, დაიმუქრა, რომ 2022 წლის აპრილში ექსპორტს შეწყვეტდა, რადგან ექსპორტი 41 პროცენტით შემცირდა.
ალჟირიდან ესპანეთში ენერგორესურსების იმპორტი აღდგა, რადგან ამ ჩრდილოეთაფრიკულმა ქვეყანამ იტალიის ახალ მთავრობასთან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ამავე პერიოდში ესპანეთში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 48 პროცენტით გაიზარდა, 2022 წლის მაისში კი ესპანეთი აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი შემსყიდველი გახდა. ევროპა რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირით ცდილობს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მომავალი წლისთვის ბუნებრივი აირის საწყობებს აფართოებენ, ესპანეთს კი რუსული ბუნებრივი აირის მომარაგებაში ადანაშაულებენ. ამ თვეში ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციების თანახმად, ბლოკის წევრი ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირს ვერ მოიმარაგებენ.
წყარო: https://is.gd/yfnd6S