(I ნაწილი)
ამ საუკუნეში შეერთებულმა შტატებმა აწარმოა ორი ომი: ერაყსა და ავღანეთში, რაც სხვადასხვა შეფასებით, მათ სამი ტრილიონი დოლარი დაუჯდათ. მათთვის ეს არ აღმოჩნდა ძალიან პრობლემური ხარჯი, მით უმეტეს, რომ სწორედ თვით ეს დოლარი იყო ორივე ომის მიზანი: სახელმწიფოს მიეცა საშუალება დაეფინანსებინა ამ ფულით კრიზისის პირობებში არსებული საკუთარი ეკონომიკა, განსაკუთრებით ე.წ. dot.com ინტერნეტ-ბიზნესსისტემაზე დაფუძნებული კომპანიების ჩამოშლის შემდეგ. ასეთი ოდენობის თანხისთვის, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის სამი კოშკის ჩამონგრევა და სამი ათასი დაღუპული − მცირე ფასია.
ორივე ეს ომი, უფრო სამხედრო-პოლიციური მოქმედებების ხასიათს ატარებდა. კი ბატონო − ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებდნენ, მაგრამ ავღანეთის ხელში ჩაგდებას და „კომატოზური“ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასრულებას ომი ვუწოდოთ, გადაჭარბებული შეფასება იქნებოდა. ზოგადად, ავღანეთი რაღაც „გმირულ-საკრალურ“ თემად ჩანს, სადაც „ჯიუტი მთიელები“ ყოველ ჯერზე ამარცხებენ ვიღაც „უცხოპლანეტელებს“. თუმცა სინამდვილეში, ნებისმიერი დამპყრობელი შედიოდა ავღანეთში და ტოვებდა მას საკუთარი ნებით და არა ავღანელთა განსაკუთრებული „გმირობის“ გამო. პარტიზანები ვერასოდეს დაამარცხებენ მოწინააღმდეგის რეგულარულ არმიას მათ შორის არსებულ უბრალოდ შეუდარებელი სტრუქტურის გამო. ამ შემთხვევაში არა ხალხი, არამედ ორგანიზაციული სტრუქტურები ებრძვიან ერთმანეთს. საბჭოთა არმია და ინგლისელები (ორჯერ) შევიდნენ და დატოვეს ავღანეთი პრობლემების გარეშე, რის გამო ადგილობრივებს დაუტოვეს უფლება, შეექმნათ ლეგენდები იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხეს თავისი მორიგი დამპყრობელი. ავღანეთი, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში წარმოადგენდა დერეფანს, კარიბჭეს, რომლითაც არავის არასოდეს გაუვლია. და ხშირად არც კი იცოდა, რომ იქ თურმე ვიღაცამ ვიღაც დაამარცხა.
თუმცა დავბრუნდეთ იქ, რითაც დავიწყეთ და ამოსავალ წერტილად სწორედ ეს სამი ტრილიონი დოლარი ავიღოთ. ამერიკამ რა თქმა უნდა იცის ფულის დათვლა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ეკონომიკა შეძლებდა ამდენი ფულის უეცარ და მოკლე ვადაში „მონელებას“. აქედან გამომდინარე, სამი ტრილიონი იხარჯებოდა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ახლა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც დოლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, იმდროინდელი ეს თანხა სამ-ოთხჯერ გაიზრდებოდა მის თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხის მოკლევადიან პერიოდზე „მონელების“ მიზნით შემოგდება ჯანსაღ ნაბიჯს არ წარმოადგენს. მაშასადამე, შეერთებული შტატებისთვის დიდი, ფართომასშტაბიანი ომი არ არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან გარკვეული დადებითი ასპექტებით ოპერირების სანაცვლოდ, მათ მოუწევთ უამრავ, მაგრამ უარყოფით ფაქტორებთან გამკლავება.
გარდა ამისა, ამ ორმა განხილულმა ომმა (ან სამხედრო-პოლიციურმა ოპერაციებმა) გამოავლინა კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ამერიკელებმა სწრაფად შეისწავლეს: გარკვეულ მომენტში ამერიკა დარჩა ჯარის გარეშე. ანუ ზღვაზე დომინირება, სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი ესკადრილია, ბაზების უზარმაზარი ქსელი − ეს ყველაფერი ადგილზე გახლდათ. მაგრამ ორ ლოკაციას შორის ერთდროულად გადანაწილებული სახმელეთო არმია ერაყსა და ავღანეთში იყო ჩარჩენილი, რითაც შეერთებულ შტატებს ართმევდა მანევრირების თავისუფლებას. ამერიკის ხელმძღვანელობამ ამ გამოწვევას სწრაფადვე უპასუხა − გაიყვანა ჯარები ერაყიდან და კორექტირება შეიტანა აშშ-ის თავდაცვის დოქტრინაში, რომელიც მანამდე შეიარაღებულ ძალებს უყენებდა მოთხოვნას, შეეთავსებინათ შესაძლებლობა, ერთდროულად ებრძოლათ ორ ადგილობრივ კონფლიქტში და უზრუნველეყოთ აშშ-ის სამხედრო დომინირება მსოფლიოში. ახლა კი, ერთდროულად ორი ადგილობრივი კონფლიქტის სანაცვლოდ, ჯარმა თავისი მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე.
ამ დოქტრინის ფარგლებში, შეერთებული შტატებისთვის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ყველა გაგებით საკმაოდ კომფორტულია. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი დედა-მიზანი: რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის მაქსიმალური დასუსტება და მისი ჩანაცვლება დასავლეთისთვის ლოიალური პოლიტიკური სახელმძღვანელო კონფიგურაციით. თუმცა, დასავლეთისთვის რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის კატასტროფულად მიუღებლობის მიუხედავად, პოლიტიკური არენიდან მისი წასვლის შემდეგაც კი, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, რომ ამ სახელმწიფოს ისტორიული განვითარების გზაზე დაგროვებული უამრავი გამოცდილების ხარჯზე, მას უახლოეს დროში შეუძლია კვლავ შევიდეს თავისი განვითარების ჩვეულ ტრაექტორიაზე. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც ამ რეჟიმის დაშლის შემდეგ, ისეთი რუსეთის აღდგენის რისკი, რომელიც დასავლეთის სტრატეგიულ გეგმებთან თანხვედრაში ვერ იქნება. ამიტომ ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ამ რეჟიმის მმართველობის გახანგრძლივებით, მისი დროსა და სივრცეში გაწელილი მაქსიმალური დასუსტების მიზნით, ვიდრე პუტინის რეჟიმი არ ჩამოიშლება, მისი სისტემა საბოლოოდ არ დაინგრევა, რათა შემდგომ უკვე ახალ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას, დასავლეთის მიმართ მისი მაქსიმალური ლოიალურობისა და დაქვემდებარების პირობების შესაქმნელად. ვიმეორებთ − ეს არის შტატების მიზანი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისათვის ეს მიზნები ასევე ნათელია. (გაგრძელება იქნება)
ავტორი: დავით ქართველიშვილი
კონსერვატიული პორტალის http://www.geo-first.com რეზიდენტი ავტორი. უსაფრთხოების ექსპერტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი. საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი