ეკონომიკაპოლიტიკასხვადასხვა

ომი…? პოლონეთი, რუსეთთან 4.7 მილიარდი ევროს მოცულობის ბიზნესს დღემდე აწარმოებს

0

პოლონეთის სამხედრო რიტორიკისა და ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთში მილიარდობით ევროს ღირებულების პოლონური ექსპორტი კვლავინდებურად ხორციელდება.

პოლონეთი დიდი ხანია აკრიტიკებს უნგრეთს იმის გამო, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და რუსეთის მიმართ სანქციების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. პოლონეთის მთავრობის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, რუსეთში მილიარდობით ევროს ღირებულების პოლონური ექსპორტი კვლავინდებურად ხორციელდება.
Eurostat-ის მონაცემებით, პოლონეთიდან რუსეთში საქონლის შეტანა მკვეთრად დაეცა 2022 წლის პირველ ნახევარში და ზრდა მხოლოდ წლის მეორე ნახევარში დაიწყო. 2022 წლის მეოთხე კვარტალში პოლონეთმა რუსეთში 1,2 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შეიტანა.
პოლონური საინფორმაციო გამოცემა Forsal-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით ეს 44-პროცენტიანი ვარდნა იყო, წლის მეორე და მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი შესამჩნევად გაუმჯობესდა. მას შემდეგ, რაც მარტში 300 მილიონ ევრომდე შემცირდა, აპრილში კი 200 მილიონ ევრომდე, რუსეთში საქონლის შეტანა განახლდა და ამჟამად თვეში 300 მილიონ ევროს აღემატება.
რუსეთში განხორციელებული პოლონური ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 4,7 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთმა გერმანიისა და იტალიის შემდეგ რუსეთში ყველაზე მეტი საქონელი შეიტანა.
რუსეთში განხორციელებულ პოლონურ ექსპორტში სამრეწველო პროდუქცია დომინირებს, რომლის წილიც თითქმის 830 მილიონი ევროა. შემდეგ მოდის სინთეზური ბოჭკოები (371 მილიონი ევრო), რომელსაც მოჰყვება მედიკამენტები (353 მილიონი ევრო), რაც 2021 წელთან შედარებით 18 პროცენტით მეტია. რუსეთში ფეხსაცმელების ექსპორტიც გაიზარდა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მანქანების გაყიდვა (69 %) და ელექტროსაქონელი (51 %). როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივად შეწყდა ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტი.
მეორე მხრივ, რუსული იმპორტის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა და 2021 წელთან შედარებით 61 პროცენტით იკლო, მაშინ, როცა იმპორტის ძირითადი წილი ენერგომატარებლებზე მოდიოდა; კლება ამ უკანასკნელზე ფასების ზრდის მიუხედავად დაფიქსირდა. შედეგად, პოლონეთმა რუსული იმპორტის მოცულობის მხრივ ევროკავშირში მე-2 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. უნგრეთმა კი რუსეთთან ვაჭრობის 194-პროცენტიანი ზრდის შედეგად მე-13 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე ან მისი ტერიტორის გავლით იარაღის გატარებაზე უარი განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთს ამ ომში მონაწილეობა არ სურდა. ბუდაპეშტი ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებითაც გამოდიოდა. გარდა ამისა, ორბანი ხშირად ამბობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროპელებს უფრო აზარალებდა, ვიდრე რუსებს და წლის ბოლომდე სანქციები უნდა გაუქმებულიყო. სავარაუდოდ, ასეთი პოზიციის გამო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინელების შედგენილ „მოსაკლავთა სიაშიც“ კი მოხვდა და პოლონელი „ქორების“ ზიზღიც დაიმსახურა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, ისე შორს შეტოპა, რომ უნგრეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა გაწყდა.
2022 წლის აგვისტოში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და უნგრეთს მსგავსი მიზნები ამოძრავებთ, „თუმცა პრობლემა გულშია“. ორბანის თქმით, უნგრელები უკრაინის კონფლიქტს ორ სლავურ სახელმწიფოს შორის დაწყებულ ომად მიიჩნევენ, პოლონელები კი „ფიქრობენ, რომ ისინიც იბრძვიან ამ ომში“.
„ვადასტურებ პრემიერ ორბანის სიტყვებს, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა ურთიერთობა გაწყვიტეს“, – განაცხადა მორავეცკიმ და იქვე დასძინა, რომ პოლონეთი ამ კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის.

წყარო: https://is.gd/FEa7oC