6 სექტემბერი, 2023 წ.
ოკლაჰომა სიტის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 52 წლის „დრეგ“-პერფორმერი დაიქირავა, რომელიც 22 წლის წინ ბავშვთა პორნოგრაფიისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. სასკოლო ოლქი თავის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
v1sut.substack.com-ის ინფორმაციით, 2001 წელს პოლიციამ შეინ ბრენტ მურნენს, რომელიც ჯონ გლენის დაწყებითი სკოლის (John Glenn Elementary School) ახალი დირექტორია, პირადი ტექნიკა ჩამოართვა, რომელშიც, სავარაუდოდ, ბავშვთა პორნოგრაფიას ინახავდა. 2020 წლით დათარიღებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, თითქმის 20 წლის შემდეგ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 2001 წლის აგვისტოში ოკლაჰომას შტატის საგამოძიებო ბიურომ (OSBI) იმხანად 30 წლის მურნენი მას შემდეგ დააპატიმრა, რაც ოთხი წაშლილი სურათი იპოვა, რომლებზეც ბავშვების სქესობრივი აქტი იყო ასახული. პოლიციამ მის სახლში 6 გრამი მარიხუანაც აღმოაჩინა. მურნენი იმ დროს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში (Stillwater’s Will Rogers Elementary School) მეხუთე კლასის მასწავლებლად მუშაობდა. დაკავების შემდეგ, სკოლის ხელმძღვანელობამ მურნენს დროებით შეუჩერა უფლებამოსილება. 2002 წლის მაისში იგი სკოლიდან წავიდა.
მომდევნო რამდენიმე წელი მურნენი ახალ პერსონაჟს (Shantel Mandalay) ქმნიდა. მან ტრანსვესტიტების კონკურსშიც (Miss Gay Oklahoma) კი მიიღო მონაწილეობა, − ამის შესახებ v1sut.substack.com-ი იტყობინება.
გასული წლის აპრილში მურნენმა თავის ფეისბუქგვერდზე (Shantel Mandalay) სააღდგომო კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი ფოტო გამოაქვეყნა. იგი წარსულში ჩადენილ ცუდ საქციელზე წერდა და სიხარულს გამოხატავდა, რომ კვლავ მასწავლებლად დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს მურნენმა ორგანიზაცია Oklahoma City Drag Queen Story Hour, Inc.-ი დააარსა და მთელ შტატში საბავშვო ღონისძიებების პროპაგანდას შეუდგა, რომლებიც ბიბლიოთეკებში ტარდებოდა.
„კოვიდ“-პანდემიისას მისი ორგანიზაცია ოკლაჰომა სიტის საბიბლიოთეკო სისტემასთან (Metropolitan Library System) გაერთიანდა. მურნენის Shantel Mandalay-ის პერსონაჟი ფეისბუქით მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც მის სამიზნეს წარმოადგენდნენ, წიგნებს უკითხავდა.
Crisis in the Classroom-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში ოკლაჰომას შტატის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ყველაფერი, რამაც შეიძლება სკოლის მოსწავლეები შეუსაბამო სექსუალური შინაარსის ზემოქმედების ქვეშ მოაქციოს, მშობლების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. დეპარტამენტი „სწავლობს ყველა ბრალდებას და ბავშვების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“.
პარასკევს ოკლაჰომას შტატის მეთვალყურემ, რაიან უოლტერსმა X-ში (ტვიტერი) მკაცრი განცხადება გაავრცელა და მურნენის დაქირავების ფაქტი დაგმო.
„ეს სრულიად მიუღებელია. რადიკალური გენდერული თეორია პირდაპირ ჩვენს ბავშვებს დაესხა თავს და ამას ჩვენს სკოლებში არ დავუშვებთ“, − განაცხადა უოლტერსმა.
მეთვალყურის თქმით, სასკოლო ოლქებმა უკეთესად უნდა შეამოწმონ მასწავლებლები, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი „ოკლაჰომას ღირებულებებს“ შეესაბამებიან.
„არავის სურს ბავშვების სკოლაში გაგზავნა, რადგან იციან, რომ ისინი შესაძლოა ამ რადიკალური გენდერული თეორიის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ. „ვოუქისტების“ მიერ ჩვენი შვილების წინააღმდეგ დაწყებულ ომს ბოლო უნდა მოეღოს“, − აღნიშნა უოლტერსმა.
https://v1sut.substack.com/p/oklahoma-school-district-hires-drag