რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ნუ უღალატებთ სჯულსა და საქართველოს!

0

დავით ზარდიაშვილი

მთავარი, რაც მოქალაქეებს ერი-სახელმწიფოდ გვაერთიანებს – სიმართლეა, საერთო სამართალია, სამართლიანობაა, სამართლის იდეაა. კიდევ ერთხელ დაჟინებით ვიმეორებ: ყოველივე ამას ქართულად – „სჯული“ ეწოდებოდა ოდითგანვე. დღეს – სჯულის მთავარი დასაყრდენი კონსტიტუციაა. დღეს სჯულისმიერობა – კონსტიტუციურობაა.
ამიტომაც: ვერაგი მტერი ცდილობს სწორედ აქ შემოიტანოს განხეთქილება, დათესოს ღვარძლი და ეს, ჩვენი გამაერთიანებელი მთავარი საყრდენი – სჯულისმიერობა, ე.ი. კონსტიტუციურობა ფეხქვეშ გამოგვაცალოს!
სამართლებრივი ლოგიკა – სჯულის ლოგიკაა; ქართული სიტყვა სჯული – ზმნა „სჯა“-დან მოდის. ქართულად სჯული ისაა, რაც მართლად განსჯილა და სამართლად დადგენილა. ბოროტგანზრახული მცდელობა, რომ კონსტიტუციის სამართლებრივი ლოგიკა დაანგრიონ და მოქმედი კონსტიტუციის მთელი შინაარსი, მისი მთლიანი კონტექსტი მის გარდამავალ დებულებამდე, კონსტიტუციის მხოლოდ ერთ, 78-ე მუხლამდე დაიყვანონ – გახლავთ ვერაგულად, მზაკვრულად მტრული და მიმართულია ამ მწყობრი სამართლებრივი ლოგიკის მოსასპობად.
სამართლებრივი, სჯულისმიერი ანუ მართლად განსჯის მწყობრი ლოგიკა კი ჩვენს მოქმედ კონსტიტუციას, ამ საკითხში მკაფიოდ ესა აქვს: კონსტიტუციის 78-ე მუხლი ცალკე, განყენებულად არ არსებობს, ის ცალკე, კონსტიტუციის დანარჩენი ტექსტისგან ამოგლეჯილი და იზოლირებული, ვერ იმუშავებს, რადგან თავადაც მთლიანად კონსტიტუციის ნაწილია და მას თავისი მკაფიო დანიშნულება აქვს მთელს ამ სამართლებრივ ქსოვილში.
არაიურისტებისთვის განვმარტავ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ეს ნორმა – გარდამავალი დებულებაა. ძირითადი დებულებისაგან განსხვავებით, საკანონმდებლო აქტის გარდამავალ დებულებას ეს დანიშნულება აქვს: იგი ძირითადისგან განსხვავებულ დროებით რეგულაციას აწესებს, ან/და – ემსახურება იმ პირობების შექმნას, რათა ძირითადმა ნორმებმა, როგორც ეს იმთვითვე ჩაფიქრებულია, საუკეთესოდ იმუშაონ; აქაც ასეა: 78-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს საქართველოს კონსტიტიტუციურ ორგანოებს „თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუსნველსაყოფად“ – სწორედ გარდამავალი ნორმაა; იგი ემსახურება საუკეთესო პირობების შექმნას, რათა კონსტიტუციის ძირითადმა დებულებებმა უკეთ იმუშავონ; რასაკვირველია, ამ ნორმის ცალკე, ფრაგმენტულად, კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის გარეშე წარმოდგენა, მით უმეტეს – კონსტიტუციის მთავარ, განმსაზღვრელ, ფუნდამენტურ საყრდენთან, რაც მის მთლიან და ყოველი ნორმის ძირეულ კონტექსტს ადგენს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, დაპირისპირება მთლიანად ანგრევს მართლად განსჯის ლოგიკას და თუკი ეს პრაქტიკულადაც მოხდება, მივიღებთ იმას, რაც წუხელ, 8-ში ღამე ვიხილეთ: კონსტიტუციის ეს გარდამავალი ნორმა კონსტიტუციურობის წინააღმდეგ ამბოხების სარჩულად იქნა გამოყენებული! ხოლო კანონპროექტი – საბაბად. თავისტავად ის თვალსაჩინო ფაქტი, რომ „უხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბოროტმა აგენტებმა გამოიყენეს ამბოხების საბაბად, საკმარისზე მეტი არგუმენტია ამ კანონის მიღების მხარდასაჭერად!
არავინ დაიბნეთ და კარგად გააცნობიერეთ:
78-ე მუხლი და მასში მითითებული ყველა ზომა, ისევე როგორც მათი მიზანი – ევროკავშირში თუ ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია, ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტსა და მის სჯულს, მათ განმტკიცებასა და არა პირიქით. საქმის ისე წარმოდგენა, რომ კონსტიტუციის მთელი ტექსტი თურმე იმიტომაა დაწერილი, რომ 78-ე მუხლი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, როგორც მაგ. თავის დროზე იყო – კომუნიზმის აშენების მიზანი, ახდეს – უკუღმართობა, მავნებლობა და უსჯულოებაა. ასევე: ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ამ ყველა ზომის მიღება კონსტიტუციურ ორგანოებს „თავინათი უფლებამოსილებების“ (!) ფარგლებში ევალებათ და არა ამ უფლებამოსილებების ფარგლებს გარეთ გასვლით. თუკი ვინმე ითხოვს, რომ კონსტიტუციური ორგანოები ამ უფლებამოსილებების ფარგლებიდან გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რა იქნება ამის მიზანი – იგი კონსტიტუციის, კონსტიტუციურობისა და სჯულის აშკარა მტერია!
ამგვარი მტრობის მაგალითი მოგვცა გუშინ არაერთმა და რაც ყველაზე სავალალოა, თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა: მან მხარი დაუჭირა ამბოხს კონსტიტუციურობის წინააღმდეგ, რადგან, თურმე ნუ იტყვით და კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებდა ამას. ეს ამაზრზენი სიცრუე და ორპირობაა! სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ გავიდა საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებიდან, არამედ თავს უფლება მისცა ამბოხებულების მხარეს გადასულიყო. ეს ღალატია. არც მეტი და არც ნაკლები: სჯულისა და საქართველოს ღალატი!
ნუ უღალატებთ საქართველოს! დაიცავით სჯული და სჯული დაგიცავთ თქვენ!