პოლიტიკასხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩი კოსოვოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება – კოსოვო სერბეთის გულია!

0

30 მაისი, 2023 წ.

საფრანგეთის ღია პირველობაზე გამართულ პირველ მატჩში ალექსანდრ კოვაჩევიჩთან გამარჯვების შემდეგ სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კამერის ობიექტივზე შემდეგი შინაარსის ტექსტი მიაწერა: „კოსოვო სერბეთის გულია. შეაჩერეთ ძალადობა“.
ჩოგბურთის ლეგენდამ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფმა კოსოვოს სამშვიდობო ძალებმა (KFOR) განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურ სერბებთან შეტაკებისას მისი 25 ჯარისკაცი დაშავდა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ ორივე ქვეყანა ერთმანეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი, რადგან ბელგრადმა კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარებაზე უარი განაცხადა.
ჩრდილოეთ კოსოვოში ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბებით დასახლებულ რაიონებში ეთნიკურად ალბანელი მერები დანიშნეს. როდესაც შეტაკებები დაძაბულობაში გადაიზარდა, ბელგრადმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა და სამხედროები კოსოვოს საზღვართან გადაისროლა.
იმავდროულად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს შორის დაწყებული უთანხმოების მოსაგვარებლად ძალისხმევას არ იშურებენ, რადგან ევროპაში კიდევ ერთი არასტაბილური კერის გაჩენის ეშინიათ, ბებერ კონტინენტზე ომი უკვე მძვინვარებს. მეზობელ უკრაინაში რუსული ჯარები იბრძვიან.
ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ სერბეთმა და კოსოვომ ურთიერთობები უნდა მოაწესრიგონ, რათა ბლოკში გაწევრიანება შეძლონ.
ჯოკოვიჩმა, რომლის მამაც კოსოვოში დაიბადა, სერბ ჟურნალისტებს განუცხადა: „პოლიტიკოსი არ ვარ და არც დებატებს ვაპირებ“.
„როგორც სერბს, ტკივილს მაყენებს ის, რაც კოსოვოში ხდება. ჩვენი ხალხი მუნიციპალიტეტებიდან გააძევეს. ეს ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შემიძლია. საჯარო ფიგურა ვარ და თავს ვალდებულად ვგრძნობ მხარი დავუჭირო ჩვენს ხალხსა და მთელ სერბეთს“.
„გავიგე, რომ სოციალურ ქსელში ბევრი კრიტიკული მოსაზრება გაისმა. არ ვიცი ვინმე დამსჯის თუ მსგავსი რამ, მაგრამ ამას ისევ გავაკეთებდი. ნებისმიერი ტიპის ომებისა და კონფლიქტების წინააღმდეგი ვარ“, – დასძინა ჯოკოვიჩმა.
„კოსოვო ჩვენი გულია, ბურჯი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრი, იქ გაიმართა ყველაზე დიდი ბრძოლა, იქ ყველაზე მეტი მონასტერია. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს შეტყობინება დავწერე“.

წყარო: https://news.sky.com/story/novak-djokovic-sends-political-message-about-kosovo-at-french-open-after-violence-erupts-12892803?fbclid=IwAR0Az0MnJarl8hiMBvBx2kNI0MJgQmHzBsd3no3-EuTV3J9Ixr8ytIPjjnk