პოლიტიკასხვადასხვა

ნობელიანტი მშვიდობის დარგში ადოლფო პერეს ესკიველი – დასავლეთი „მონსტრს კვებავს“, როდესაც უკრაინას იარაღით ამარაგებს

0

გაზეთ ‘დი ველტისთვის’ (Die Welt) მიცემულ ინტერვიუში არგენტინელმა მემარცხენე აქტივისტმა, ადოლფო პერეს ესკიველმა, განაცხადა, რომ დასავლეთი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც უკრაინას იარაღით კვებავს.
„გერმანელები ისევ აგზავნიან ტანკებს; ცხადია, მათ ვერაფერი ისწავლეს“, – განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა და იქვე დასძინა, რომ ბერლინი ვაშინგტონზე დამოკიდებული ხდება.
„სინამდვილეში ევროპამ დაკარგა დამოუკიდებლობა, ავტონომია. ევროპა შეერთებული შტატების კოლონიად იქცა. იგი კარგავს იდენტობასა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე კონტროლს“, – განაცხადა ესკიველმა.
ბუენოს აირესის სტუდიაში საუბრისას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა უკრაინის კონფლიქტს პროქსი ომი უწოდა, რომლის ერთ მხარეს შეერთებული შტატები, ნატო და დასავლეთი დგას, მეორე მხარეს კი რუსეთი და ჩინეთი. მისი კომენტარები ეხმიანება არაერთი კრიტიკოსის, მათ შორის ფრანგი ისტორიკოსის, ემანუელ ტოდის, კრიტიკულ შენიშვნებს, რომლებიც აქცენტს ამ ომში დასავლეთის როლზე აკეთებენ.
„უკრაინელი ხალხი მხოლოდ მსხვერპლია“, – განუცხადა ადოლფო პერეს ესკიველმა გერმანულ გაზეთს.
ითვლება, რომ ლათინოამერიკელი მემარცხენეების ხატად მიჩნეულ ესკიველს სამხრეთი ამერიკის პულსზე უდევს ხელი. იგი არაერთ მემარცხენე შეხედულების მმართველთან, მათ შორის მექსიკისა და ჩილეს ლიდერებთან, მეგობრობს. ესკიველი დასავლეთისა და შეერთებული შტატების მიმართ ლათინური ამერიკის უნდობლობას განასახიერებს, რაც იმით გამოიხატება თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე.
კანცლერი ოლაფ შოლცი (სდპ), რომელიც ბოლო ხანებში სამხრეთ ამერიკას ეწვია, პერეს ესკვიველის შეხედულებებს რომ გაცნობოდა არ გაუკვირდებოდა არგენტინის, ბრაზილიისა და ჩილეს უარი, რომლებმაც ევროპელ სტუმარს განუცხადეს, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდნენ.
ესკვიველის აზრით, ამ შეიარაღებულ კონფლიქტში მთავარი დამნაშავე უკრაინის პრეზიდენტია. „ტანკების გაგზავნა ნაცისტების მეგობრის, ზელენსკის, დასახმარებლად, საშიშია. თქვენ ურჩხულს კვებავთ“. არგენტინელ აქტივისტს მიაჩნია, რომ ზელენსკი სამშობლოს კი არ იცავს, არამედ თავისი ხალხი მიჰყავს ნატოსა და შეერთებული შტატების ინტერესების სამსხვერპლოზე.
„ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ მიზნებს, რამაც შეიძლება ბირთვულ ომს დაუდოს სათავე და პლანეტა საფრთხის ქვეშ დააყენოს. აპოკალიფს ადამიანები გამოიწვევენ და არა სტიქიური უბედურებები“.
პერეს ესკიველის შეხედულებები მისი წარსულიდან იღებენ სათავეს. იმ დროს, როცა დასავლეთი არგენტინის ხელისუფლების სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ სასტიკ ულტრამემარჯვენე დიქტატორულ რეჟიმთან (1976-1983) თანამშრომლობდა, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სამხრეთ ამერიკაში მემარჯვენე გენერლების ხელით სამხედრო გადატრიალებებს აწყობდა, გისოსებს მიღმა გამოკეტილ პერეს ესკვიველს სამხედროები თვეების განმავლობაში აწამებდნენ.
1980 წელს მას მშვიდობიანი პროტესტის ერთგულებისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს. ესკიველმა დღემდე შეინარჩუნა წინააღმდეგობრივი სულისკვეთება. იგი დასავლეთის კრიტიკისგან იცავს კუბის, ვენესუელისა და ნიკარაგუის მემარცხენე მთავრობებს და მხოლოდ „მათ შეცდომებზე“ საუბრობს. არგენტინელ აქტივისტს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ იგი ულტრამემარცხენე მთავრობების რეპრესიულ ღონისძიებებს არ გმობს.

წყარო: https://is.gd/PLyyP6