პოლიტიკასხვადასხვა

ნოამ ჩომსკი – უკრაინა თავისუფალი აქტორი არ არის, აშშ და ბრიტანეთი მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ და საკუთარ ინტერესებს ატარებენ მაშინ, როცა უკრაინა დანგრეული და განადგურებულია

0

\

ავტორი  იდო ვაკი, 12 მაისი, 2023 წ.

94 წლის ნოამ ჩომსკი როგორც ყოველთვის ენაწყლიანია და მასთან საუბარი საინტერესოა. მაისში ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი და ლინგვისტი ახალ წიგნს – „უკანონო ძალაუფლება“ – გამოაქვეყნებს. ეს არის ინტერვიუების კრებული პოლიტოლოგ სი ჯეი პოლიქრონიოსთან, რომელიც ძირითადად საგარეო პოლიტიკაზეა კონცენტრირებული. ინტერვიუები 2021 წლის მარტიდან 2022 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ეს არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის პრელუდია და პირველი თვეები.
ჩომსკის არიზონას სახლში ვიდეოზარით ვესაუბრე, დროის დიდი ნაწილი უკრაინის ომზე საუბარს დავუთმეთ. ეს კონფლიქტი ადასტურებს, რომ საერთაშორისო წესრიგში დიდი ცვლილების დრო დადგა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ ჩომსკის კრიტიკულმა შეხედულებამ ვიეტნამის ომის დროს საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. 1967 წელს გამოქვეყნებულ ესეში „ინტელექტუალების პასუხისმგებლობა“ ჩომსკიმ ამერიკული ინტელიგენცია სირცხვილის ბოძზე გააკრა, რომელმაც საზღვარგარეთ მათი მთავრობის ქმედებები და ვიეტნამში ჩადენილი სისასტიკეები გაამართლა. თუმცა უკრაინის ომი სრულიად განსხვავებული კონფლიქტია. ამჯერად შეერთებული შტატები მხარს უჭერს სუვერენულ ქვეყანას, რომელიც გარე აგრესორის თავდასხმას იგერიებს. ჩომსკის ამ ქვეყანასთან ოჯახური კავშირი აქვს: მამამისი, რომელიც 1913 წელს აშშ-ში გადასახლდა, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე დაიბადა.
ამ დრომდე ჩომსკის მსოფლმხედველობაში უკრაინის ფაქტორის მიმართ ადგილი არ რჩება. უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სწორედ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა თქვეს უარი, მეუბნება ჩომსკი, რათა თავიანთი ინტერესები განხორციელონ მაშინაც კი, როცა უკრაინა დანგრეული და განადგურებულია. „უკრაინა თავისუფალი აქტორი არ არის; ის აშშ-ზეა დამოკიდებული“, – ამბობს ჩომსკი და იქვე დასძენს, რომ შეერთებული შტატები კიევს მხოლოდ რუსეთის დასასუსტებლად აწვდის იარაღს. „შეერთებული შტატებისთვის ეს სარფიანი გარიგებაა. ვაშინგტონს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს თავისი ერთადერთი რეალური სამხედრო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალები. ნუ მიატოვებთ თქვენს შვილს ბედის ანაბარა!”
ჩომსკის თქმით, რუსეთი თავშეკავებულად და ზომიერად იქცევა. იგი რუსეთის ბრძოლის მეთოდს 2003 წელს ერაყში შეერთებული შტატების შეჭრას ადარებს და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის განადგურების მასშტაბით უკრაინის ერაყთან შედარება არ შეიძლება.  „უდავოა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, ამის გაკეთება ჩვეულებრივი იარაღით შეეძლო. [რუსეთს] შეეძლო კიევი ისეთივე საცხოვრებლად უვარგის ადგილად ექცია, როგორიც ბაღდადი აქციეს, რუსეთს დასავლეთ უკრაინაზეც შეეძლო იერიშის მიტანა“, – ამბობს ჩომსკი.
როდესაც ვთხოვე განემარტა, გულისხმობდა თუ არა იმას, რომ რუსეთი უკრაინაში უფრო ჰუმანურად იბრძვის, ვიდრე აშშ იბრძოდა ერაყში, ჩომსკიმ მიპასუხა: „ამას არ ვგულისხმობ, ეს ნათელია“. როგორც კი ერაყში შეიჭრნენ გაეროს ინსპექტორების დელეგაციები უნდა გაეყვანათ, ამბობს ჩომსკი, „რადგან ძალიან სასტიკი და უკიდურესი მეთოდებით დაესხნენ თავს… ეს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ომის სტილია“, – დასძინა ჩომსკიმ. „შეხედეთ მსხვერპლს. მხოლოდ ოფიციალური ციფრები ვიცი… გაეროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში დაახლოებით 8 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ერაყში, რომელსაც შეერთებული შტატები და ბრიტანეთი დაესხნენ თავს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა?“.
ჩომსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ კიევში მრავალი უცხოელი მაღალჩინოსანი ჩავიდა, ეს ფაქტი რუსეთის თავშეკავებულობას ადასტურებს, რასაც სრულებით ვერ ვიტყვით ერაყზე. „როდესაც აშშ და ბრიტანეთი ბაღდადს ანადგურებდნენ, რომელიმე უცხოელი ლიდერი ბაღდადში ჩავიდა? არა, რადგან, როდესაც აშშ და ბრიტანეთი ომს იწყებენ, მოწინააღმდეგეს არ ინდობენ. ისინი  ყველაფერს ანადგურებენ: კომუნიკაციებს, ტრანსპორტს, ენერგომატარებლებს, შოკი და შიში – ყველაფერს, რაც საზოგადოების ფუნქციონირებისთვის არის საჭირო“.
ერაყში შეჭრის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ შეფასებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ‘ერაყის ცხედრების დათვლის პროექტის’ (IBC) თანახმად, რომელიც ერაყის ომში დაღუპულთა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მონაცემთა ბაზაა, 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ 20 წლის განმავლობაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების საერთო რიცხვი 186 ათასიდან 210 ათასამდე მერყეობს, რაც, ჩომსკის თქმით, სავარაუდოდ, არასრულია. დაახლოებით 25 ათასი ადამიანის სიკვდილი შეერთებული შტატების მართული კოალიციისა და მისი ერაყელი მოკავშირეების კისერზეა. IBC-ის მიხედვით, ათიათასობით სხვა მშვიდობიანი მოქალაქე მთავრობის წინააღმდეგ ამოხებულებმა, მათ შორის ‘ისლამურმა სახელმწიფომ, დახოცეს. 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ არავის ეკისრება.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 8 ათას 490 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 14 ათას 244 ადამიანი კი დაშავდა. თუმცა ჩომსკი „ფიქრობს, რომ რეალური ციფრები გაცილებით მაღალია“, მიზეზი კი იმ რაიონებიდან მიღებული არასწორი მონაცემებია, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მაგალითად ქალაქი მარიუპოლი, რომელიც უკრაინის სამხრეთით მდებარეობს. უკრაინელი ოფიციალური პირების რწმენით, 2022 წელს რუსეთის მიერ ქალაქის ალყისას მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით, შესაძლოა 50 ათასამდე ადამიანი, ემსხვერპლა ამ ომის სისასტიკეს.
ზოგჯერ ჩომსკის იდეოლოგიური პრიორიტეტები მას ფაქტების უგულებელყოფისკენ უბიძგებს, რომლებიც შეიძლება მის ნარატივს ეწინააღმდეგებოდეს. მაგალითად, შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც 210 და 73 წლის განმავლობაში ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, 2022 წლის მაისში ნატოს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართეს. დამკვირვებელთა უმეტესობისთვის მათი მრავალწლიანი ნეიტრალიტეტის დასასრული, სულ მცირე, ირიბად სამი თვით ადრე უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. თუმცა ჩომსკი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ორივე ქვეყანას „რუსეთის თავდასხმის არ ეშინოდა, რადგან არც არასოდეს ყოფილა ეს ჩაფიქრებული“. განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი მათ დაემუქრება, „დასავლური პროპაგანდაა“, დასძენს ჩომსკი და ამტკიცებს, რომ ნატოში გაწევრიანება ორივე სკანდინავიური ქვეყნის სამხედრო მრეწველობას „დიდ ახალ საბაზრო შესაძლებლობებსა [და] ახალ თანამედროვე შეიარაღებაზე წვდომის“ საშუალებას აძლევს.
ფაქტობრივად, ორივე ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაასახელა. უფრო მეტიც, ფინეთი საბჭოთა კავშირსაც კი ებრძოდა, რომელიც მის დაპყრობას ცდილობდა. 1939-1940 წლების ‘ზამთრის ომი’ დღემდე განსაზღვრავს ფინეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ფინეთი ნატოს 4 აპრილს შეუერთდა, ხოლო შვედეთის განაცხადის განხილვა თურქეთის წინააღმდეგობის გამო დღემდე შეჩერებულია.
კითხვაზე, რა პირობით შეიძლება უკრაინის ომის დასრულება, ჩომსკი პასუხობს: „პირველ რიგში, უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება“. ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც ელცინისა და გორბაჩოვის შემდეგ რუსეთის ყველა ლიდერი დაჟინებით მოითხოვს. „უკრაინას აძლევენ სტატუსს, რომელიც ავსტრიას ჰქონდა ცივი ომის დროს ან რომელიც დღეს მექსიკას აქვს. მექსიკას სამხედრო ალიანსში გაწევრიანება არ შეუძლია (რადგან აშშ-ის მიმართ მტრულ პოზიციად განიხილება). ამის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა სრულიად ცხადია“, – დასძენს ჩომსკი.
სამშვიდობო შეთანხმება უნდა გულისხმობდეს შემდეგს. უკრაინა „გარკვეულ ავტონომიას“ სთავაზობს აღმოსავლეთ დონბასს, რომელიც ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. „რაც შეეხება ყირიმს [რომელიც 2014 წლიდან უკანონოდ არის ანექსირებული]… საკითხს ამ დროისთვის არ განვიხილავთ. დაე, მოგვიანებით იმსჯელონ მასზე. მინსკის II შეთანხმების თანახმად, ეს არის პრობლემის გადაჭრის მთავარი კონტურები“. უკრაინამ და რუსეთმა მინსკის I და II შეთანხმებებს 2014-2015 წლებში მოაწერეს ხელი. მათ 2014 წელს დაწყებული კონფლიქტი უნდა დაესრულებინათ. ამ შეთანხმებებში გაწერილი სამხედრო და პოლიტიკური ნაბიჯები მოსკოვს არასოდეს შეუსრულებია. დღესდღეობით უკრაინაში მიაჩნიათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას სწორედ ამ შეთანხმებებმა გაუხსნეს გზა. გასული წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოკლედ განაცხადა, რომ „მინსკი III არ იქნება“.
შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩომსკის კრიტიკა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, ვაშინგტონმა, რომელმაც ნატოს გაფართოებით რუსეთის პროვოცირება გამოიწვია, ტაივანის გამო „ჩინეთის აშკარა პროვოცირებასაც ახდენს“. „აშშ ახორციელებს გეგმას… მოწინავე ზუსტი იარაღით აღჭურვილი სახელმწიფოებით გარს შემოერტყას ჩინეთს. ეს იარაღი ჩინეთისკენ არის მიმართული“. ამაზე მიანიშნებს თავდაცვის სფეროში ამერიკის თანამშრომლობა იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიასთან.
„ამ ეტაპზე რა საფრთხე მოდის ჩინეთისგან?“ მეკითხება ჩომსკი. „საფრთხე შეერთებული შტატებისგან მოდის, რა თქმა უნდა, შემდეგი ბრიტნეთია. [დიდი ბრიტანეთი] ამ ეტაპზე მხოლოდ ლაქიაა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანა აღარ არის“. მართალია ჩომკსი აღიარებს, რომ ჩინეთი „კარგი ქვეყანა არ არის“, რომელიც სამხრეთი ჩინეთის ზღვაში საერთაშორისო კანონს არღვევს, თუმცა ამბობს, რომ „ტაივანზე {ომის გამო} დასავლეთი საუბრობს“. პეკინი, რომელიც ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თვითმმართველ კუნძულზე შეჭრას არ გამორიცხავს და რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ტაივანის ბლოკადის იმიტირებას ახდენენ.
ჩვენი საუბრის განსჯისას ჩომსკის წიგნში (1970 წ.) „ომში აზიასთან“ ერთ პასაჟს წავაწყდი. „სანამ ვიეტნამში ამერიკული საოკუპაციო არმია დარჩება, ომი გაგრძელდება“, – წერს ჩომსკი. „ამერიკელი სამხედროების გამოყვანა ცალმხრივი აქტი უნდა იყოს, რადგან ვიეტნამში ამერიკის შეჭრა, პირველ რიგში, ცალმხრივი აქტი იყო“. ისინი, ვინც „იმჟამად მოლაპარაკებების“ მოწოდებით გამოდოდნენ, თავსაც იტყუებდნენ და სხვებიც შეცდომაში შეჰყავდათ“. მგონია, რომ ეს სიტყვები უკრაინის ომს უფრო შეესაბამება, ვიდრე ყველა იმ სიტყვას, რაც ნოამ ჩომსკიმ 53 წლის შემდეგ ჩვენი საუბრისას განაცხადა.

წყარო: https://is.gd/gDwoXG