ცნობილი გერმანული ელექტროხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია Stihl AG-ის თავმჯდომარე ნიკოლას შტილის სიტყვით, გერმანია ბიზნესის წარმოების მიმზიდველობის თვალსაზრისით გარდამტეხ წერტილს უახლოვდება.
„დეინდუსტრიალიზაციის საფრთხის იგნორირება შეუძლებელია“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო dpa-სთვის მიცემულ ინტერვიუში შვაბიელმა მეწარმემ, რომლის კომპანია მთელ მსოფლიოში ცნობილია ჯაჭვიანი ხერხების წარმოებით.
მისი თქმით, გერმანიის მრეწველობამ მეტ-ნაკლებად გაუძლო ამ სიმძიმეს, თუმცა მდგომარეობა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო უარესდება.
„გერმანიის მდებარეობამ შესაძლოა რაღაც მომენტში გარდამტეხ წერტილს მიაღწიოს, რაც ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სურვილზე უარყოფითად იმოქმედებს“, – განაცხადა Stihl-ის თავმჯდომარემ და იქვე დასძინა, რომ მისი კომპანიისთვის დადგება ის მომენტი, როდესაც გერმანიაში კონკურენტუნარიან ნაწარმს ვეღარ დაამზადებს, იუწყება გერმანული გაზეთი Die Welt.
შტილის თქმით, გერმანიაში ბიზნესის წარმოება ყოველთვის დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი კომპანია სირთულეებს ჯერჯერობით უმკლავდება. „ბიუროკრატიაში განვითარებული მოვლენები, დიდი ხარჯები და ინვესტიციების ნაკლებობა, რაც სასწრაფოდ გვჭირდება, იმ რეალობის წინაშე გვაყენებს, რომ ამ ქვეყანაში პირობები ყოველწლიურად უარესდება“.
ათწლეულების განმავლობაში გერმანიაში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა ინდუსტრიას დიდად არ დახმარებიან, უკმაყოფილებას ვერ მალავდა შტილი. „შედეგებს ახლა ვიმკით“. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემები დიდ კოალიციას არ შეხებია და მათ შუქნიშანი მთავრობა (მთარგმნ. შენიშვნა. ‘შუქნიშან მთავრობაში’ იგულისხმება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და ალიანსი 90/მწვანეების კოალიციური მთავრობა) ვერ გადაწყვეტს.
„ინფრასტრუქტურას დიდად არ ვაახლებთ, გარდა ამისა, ძალიან ცოტას ვაშენებთ და არც ინოვაციური იდეებით გამოვირჩევით. მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტები – შეერთებული შტატები და ჩინეთი – გვისწრებენ“. შტილმა საპენსიო სისტემაც გააკრიტიკა.
2021 წელს Stihl-მა გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს – 5 მილიარდ ევროზე ოდნავ მეტი – მიაღწია. გაყიდვების ტემპი 2022 წელსაც გრძელდება, თუმცა მოგების თვალსაზრისით 2021 წელს ჩამორჩება. შტილის თქმით, ამას ევროს სისუსტე განაპირობებს. კომპანია თავისი ნაწარმის მნიშვნელოვან რაოდენობას აშშ დოლარშიც ყიდის. ამგვარად, თუ ევრო ღირებულებას დაკარგავს, ეს გაყიდვების სისწრაფეს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინფლაციის გამო ხდება ფასების კორექტირება.
გაყიდვების რაოდენობით კომპანია წინა წლის მაჩვენებელს, სავარაუდოდ, ოდნავ ჩამორჩება, რასაც, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვის სექტორთან დაკავშირებული პრობლემები განპირობებს, დასძინა შტილმა.
Stihl-ის გარდა დეინდუსტრიალიზაციის საფრთხის შესახებ ArcelorMittal Germany-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორიც მიუთითებს, რომლის თქმითაც გერმანიას ბუნდოვანი მომავლი ელოდება.
„დღევანდელ გერმანიაში წარმოების თვალსაზრისით კონკურენცია აღარ არსებობს“, – განაცხადა ArcelorMittal Germany-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რაინერ ბლაშეკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ორი ქარხანა დახურა. იგი პოლიტიკოსების სწრაფ ჩარევას მოითხოვს: „მრეწველობამ რომ იმუშაოს, ენერგომატარებლებზე კონკურენტუნარიანი ფასები გვჭირდება“.
ოქტომბერში გერმანიის ქიმიური მრეწველობის ასოციაციის (VCI) პრეზიდენტმა, მარკუს შტაილემანმა, განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის გამო არსებობს იმის საფრთხე, რომ გერმანიამ ინდუსტრიული ქვეყნის სტატუსი დაკარგოს და „ინდუსტრიულ მუზეუმში“ გადაინაცვლოს.
წყარო: https://is.gd/25f9cS