პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტს

0
ერთ დროს რუსეთის მჭიდრო მოკავშირე სომხეთი დღეს, ამერიკელ სამხედროებთან ერთად წვრთნებს ატარებს
უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის შემდეგ, ერევანი რუსეთს აღარ განიხილავს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტორს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ხელახალი კონფლიქტის დაწყების დიდი ალბათობაა – განაცხადა POLITICO-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის მხრიდან რუსეთის უჩვეულო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს აღარ შეუძლია კავკასიაში “პოლიციელის” ფუნქციის შესრულება, მეტყველებს იმაზე, რომ რეგიონში კრემლის გავლენა მცირდება და სტატუს-კვო რომელშიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის რუსეთი ზესახელმწიფოდ გვევლინებოდა, იცვლება.
“უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა… ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა… არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი “პროქსი” გახდება. ეს დაუშვებელია”, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით “ჰუმანიტარული კრიზისი” შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.
“ეს ყველაფერი… რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარ მისია ვერ შეასრულეს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა.
Politico-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდება.